ავტორი:

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

ქალი, რომელსაც ისტორიაში პირველად აშშ-ის დაზვერვა ანდეს - ავრილ ჰეინსი ძიუდოისტია და საკუთარი ხელით თვითმფრინავის აწყობა შეუძლია

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს და ეს პოსტი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩაიბარა ქალმა. სენატმა დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი, 51 წლის ავრილ ჰეინსი დაამტკიცა.

CNN-ის ინფორმაციით, ჰეინსის კანდიდატურას მხარი სენატის 84-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 წავიდა.

  • ვინ არის ავრილ ჰეინსი?

ავრილ დანიკა ჰეინსი 1969 წლის 27 აგვისტოს დაიბადა. მას რამდენიმე პროფესია აქვს და მათ შორის, იურისტის განათლებაც. მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მრჩევლად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ის) დირექტორის მოადგილედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს და ის იყო პირველი ქალი, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

ჰეინსის დედა მხატვარი იყო, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა მაშინ, როცა ავრილი 15 წლის იყო. მამა არის ბიოქიმიკოსი, პროფესორი, რომელიც CUNY-ის მედიცინის სკოლის თანადამფუძნებელია და სადაც წლების განმავლობაში, ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

  • ძიუდოისტი, მანქანებისა და თვითმფრინავების შემკეთებელი

ჰეინსის ბიოგრაფიის კითხვისას ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ და ნახავთ, რომ მას ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული საქმის კეთების უნარი აქვს. მაგალითად, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰეინსი ერთი წლით იაპონიაში წავიდა, სადაც ძიუდო კოდოკანის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.

1988 წელს ჰეინსი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც სწავლობდა თეორიულ ფიზიკას და სწავლის პერიოდში ის ავტომობილების ძრავების შემკეთებლად მუშაობდა.

ძრავების შეკეთების გარდა, ავრილს ავტომობილებისა და თვითმფრინავის აწყობაც კი შეუძლია საკუთარი ხელით. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ჰეინსი შესანიშნავად მართავს თვითმფრინავს.

  • პირადი ცხოვრება და ლიტერატურის მოყვარული ჰეინსი

თავისი მომავალი მეუღლე დევიდ დევიდჰი მან ნიუ ჯერსიში 1991 წელს გაიცნო. ამავე პერიოდში საცხოვრებლად მერილენის შტატში, ბალტიმორში გადავიდა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. წლის ბოლოს ჰეინსმა თავის მომავალ ქმართან ერთად ბალტიმორში ბარი იყიდა, სრულიად შეცვალა და წიგნების მაღაზია გახსნა, ეს იყო ერთგვარი ლიტერატურული კაფე, სადაც ასევე ავრილის დედის ნახატებიც გამოფინეს.

წიგნის მაღაზია მალე მთელს ქალაქში გახდა პოპულარული და მას ქალაქის საუკეთესო წიგნის მაღაზიის სტატუსი მიანიჭეს. ეს ადგილი ცნობილი იყო უნიკალური ლიტერატურული კოლექციებით, ლიტერატურული შეთავაზებებით, ადგილობრივი მწერლების წიგნებით, ეროტიკული ჟანრის ლიტერატურით, მცირე პუბლიკაციებით.

1998 წელს ჩაირიცხა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და 2001 წელს მას უკვე იურისტის დოქტორის ხარისხი ჰქონდა.

  • კარიერა

მას აქვს ჰააგის სასამართლოში მუშაობის გამოცდილება, 2003 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული მრჩევლის ოფისში, 2007 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში მუშაობდა შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში როგორც "დემოკრატების“ მთავარი მრჩევლის მოადგილე. 2015-2017 წლებში ის იყო CIA-ის დირექტორის მოადგილე.

ახლა კი უკვე ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორია. როდესაც ბაიდენმა ჰეინსი ამ თანამდებობაზე წარადგინა, ასე დაახასიათა: "ბრწყინვალე, თავმდაბალი. შეუძლია ისაუბროს ლიტერატურასა და თეორიულ ფიზიკაზე, შეაკეთოს მანქანები და იყოს თვითმფრინავის პილოტი, მართოს წიგნების მაღაზია და კაფე.“

ავრილი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში

  • კარიერის სკანდალური ეპიზოდი

როგორც აღვნიშნეთ, ავრილ ჰეინსი ობამას ადმინისტრაციის დროს CIA-ის დირექტორის მოადგილე იყო ცხადია, მჭიდროდ თანამშრომლონდა დირექტორ ჯონ ბრენანთან. ბრენანი და ჰეინსი კრიტიკის ობიექტები გახდნენ მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ტერორისტულ სამინიზნეებს დრონების გამოყენებით ანადგურებდნენ. მაშინ მედიაში წერდნენ, რომ დრონით იერიშის მიტანის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი ჰეინსი იყო.

ზოგადად, ობამას ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ დრონების გამოყენების გამო და ამბობდნენ, რომ ამით ადამიანის უფლებები ირღვეოდა, რადგანაც ტერორისტების გარდა ასეთი იერიშებისას ჩვეულებრივი, უდანაშაულო მოქალაქეებიც იღუპებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰეინსი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში მომხრე იყო ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის წარმოების და ის მხარს უჭერდა ე.წ. Pivot to Asia-ს სტრატეგიას, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეის მმართველი ძალისადმი ზეწოლის გაზრდა იყო.

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სისხლიანი დარბევა მიანმარში -  პოლიციამ პროტესტანტებს ცეცხლი გაუხსნა (+ ფოტოები)

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით