ავტორი:

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?

ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ანანიაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ანანიაშვილის თქმით, აღნიშნული თანამდებობის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.

"მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს, შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო" – აღნიშნავს ანანიაშვილი და იქვე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სირთულეები გახდა. ნინო ანანიაშვილის ამ გადწყვეტილებას საქართველოში არაერთგვაროვანი შფასებები მოჰყვა.

AMBEBI.GE მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, პოპულარულ ქართველ ხელოვანებს დაკავშირებოდა და მათ აზრი მოესმინა ქართველი პრიმას მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, თუმცა ზოგმა კომენტარს თავი აარიდა, ზოგმა საერთოდ არ გვიპასუხა... ვინც უარი არ გვითხრა და საკუთარი მოსაზრება გავიზიარა, სწორედ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ.

გია ბუღაძე, მხატვარი:

- არ ვისურვებდი, რომ ამ უდიდეს ხელოვანს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასეთი ნაბჯი გადაედგა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამას გამართლება არ აქვს. ჩემდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, მასში პოლიტიკა მონაწილეობს... მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელოვანის შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. პატივს ვცემ მის ხელოვნებას. როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს, მაგრამ არასწორი სვლა მგონია ამხელა დონის ხელოვანის ეს ნაბიჯი, რაც არ უნდა ის მატერიალური სიდუხჭირის დასახელებით გამართლდეს. საბოლოო ჯამში მიდიხარ ოკუპანტთან - ეს კოლაბორაციაა. თუ ვიმე იტყვის, რომ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკის ნაწილი არ არის, ცდება. კულტურის ისტორიას რომ გადახედოთ, აღმოაჩენთ, რომ სწორედაც პირდაპირ კავშირშია!

ასე რომ, ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა. როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო... თუმცა შემოთავაზებები ბევრ ქართველ ხელოვანს აქვს, ზოგი ამას წამოეგება და ზოგი - არა. იმედია, ნინო მშვიდად გამოვა ამ მდგომარეობიდან. მეცოდება, როცა ამ დონის ხელოვანი, ამ არაპოპულარული გადაწყვეტილებით, საკუთარ ხელოვნებას ზიანს აყენებს. ასეთი არასწორი ნაბიჯი საკუთარ შემოქმედებას აზიანებს...

- შემოთავაზება რუსეთიდან თქვენც მიგიღიათ?

- რა თქმა უნდა, მეც მქონია შემოთავაზება და არა ერთი, ორი და სამი... არ მიყვარს ჩემზე საუბარი ხოლმე, მაგრამ გეტყვით, რომ იმავე ნოვოსიბირსკიდან, ორი წლის წინ კულტურის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მშვენიერი ქალბატონი, ვილაპარაკეთ, მაგრამ უარი ვუთხარი. საუბარი იყო გამოფენებზე, კულტურულ კონტაქტებზე, ლექციების კურსზეც. მოკლედ, სტუმარი დელიკატური ფორმით გავისტუმრე. ჭკვიანი ქალბატონი იყო და მიხვდა ამაზე წამსვლელი არ ვიყავი. ვიმეორებ, არ მიყვარს ამ კუთხით ლაპარაკი...

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ნოვოსიბირსკი კულტურის ცენტრია, იქაური ამბები განსხვავდება იმ პროცესებისგანაც რა პროცესებიც მოსკოვში მიდის, მაგრამ საბოლოოდ ეს რუსული პროცესებია.

ერთი რამ მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ნინოს ხელოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი, ჩემი ერთ-რთი უსაყვარლესი ბალერინაა. ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო მისი სცენაზე ხილვა...

ლაშა ბაქრაძე, პუბლიცისტი:

- არ ღირს ამ თემაზე ამდენი საუბარი. არანაირად არ არის მნიშვნელოვანი თემა...

ჯემალ ჭკუასელი, "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- რამდენიმე წლის წინ, მეც გავლილი მაქვს ეს გზა, როცა მსგავს შემოთავაზებებზე უარი ვთქვით... ნინო არის ბრწყინვალე ბალერინა, საინტერესო შემოქმედი და მის ნიჭს პატივს ვცემ... მაგრამ მისი ეს ნაბიჯი არ მიხარია, თუმცა წარმატებას ვუსურვებ.

საერთოდ, ხელოვნება თვითონ თავისუფალია. ყოველ შემთხვეაში, იმის ღირსია, რომ თავისუფალი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლოა, ასე არ იყოს. "ერისიონს" რუსეთში რომ ეპატიჟებოდნენ, პატრიარქმა თავისთან მიმიწვია. ჯემალ, თავისუფალი კაცი ხარ, მტერთან არ უნდა წახვიდე, კულტურული ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტაც არ არის კარგიო...

ასე რომ, ვინც არ უნდა იყოს, სად წავა და წამოვა, ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ აქ სამშობლოზეა ლაპარაკი და ვფიქრობ, მეტი სიფრთხილეა საჭიროა. მაგრამ რადგან ნინომ გადაწყვიტა, ჩემს უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ და წარმატებას ვუსურვებ...

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, იახტაზე, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე - ახალი ინტერნეტჰიტი

"შეყვარებული ჭირიმე, სხვას უთხოვნია"- ქართული სიმღერა Netflix-ის ახალ თურქულ ფილმში, რომელშიც ქართველებისთვის ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს

ნიკოლას ქეიჯი მეხუთედ დაქორწინდა - ვინ არის გოგონა, რომელიც ქმარზე 31 წლით უმცროსია