ავტორი:

"რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა, სტაბილურად მძიმედ" - რა ახალ ინფორმაციას ფლობს გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე

"რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა, სტაბილურად მძიმედ" - რა ახალ ინფორმაციას ფლობს გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო არტისტი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსს ებრძვის. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მომღერლის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა როგორც ოჯახის წევრები, ასევე საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

გუშინ ღამით რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ფეიკ-ნიუსი, რომ თემურ წიკლაური გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ოჯახმა მალე გააკეთა განცხადება, რომ მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ეტაპზე მომღერლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

AMBEBI.GE დეტალების დასაზუსტებლად ოჯახის ახლობელსა და თემურ წიკლაურის მეგობარს, მუსიკოსსა და ფოლკლორისტს გია ბაღაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, წიკლაურების ოჯახთან თუ გაქვთ კონტაქტი, რა მდგომარეობაშია მომღერალი ახლა?

- ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მუდმივად კავშირზე ვართ ერთმანეთთან. ამასთან, დღეში რამდენჯერმე ვიღებთ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ექიმების ძალზე კვალიფიციური გუნდი ყველაფერს აკეთებს თემურ წიკლაურის გამოსაჯანმრთელებლად. ამჟამად, თემური რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ბოლოს როდესაც ვესაუბრე, პალატაში იმყოფებოდა და სუსტად გრძნობდა თავს, თუმცა სულიერი სიმტკიცე არასოდეს დაუკარგავს.

მთელი ჩვენი ფიქრები და განცდები ახლა მიმართულია თემურისკენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

- ბატონო გია, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც წაიკითხეთ ყალბი ინფორმაცია ბატონი თემურის გარდაცვალების შესახებ?

- როგორი რეაქცია უნდა მქონოდა?! საშინელი! ყოვლად უპასუხისმგებლო და ამაზრზენი საქციელია ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება!

- თავად როგორ გრძნობთ თავს, ბატონი ჯემალი როგორ არის, როგორ უმკლავდებით პანდემიის პერიოდს?

- მამაჩემი კარგად გრძნობს თავს. ეპიდემიის საფრთხის გათვალისწინებით, ვცდილობთ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ფიზიკური დისტანცია და იზოლირებულად იყოს. მე გადავიტანე კოვიდი, დაახლოებით ორი თვის წინ, მსუბუქ ფორმაში.

- როგორც ყველა ხელოვანი, თქვენც დაზარალდით პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გამო, როგორ უმკლავდებით ფინანსურ კრიზისს?

- დღეს დალხენილი მდგომარეობა არავის აქვს, მით უფრო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს. შეძლებისდაგვარად გაგვაქვს თავი. სანამ პანდემია არ დამთავრდება და გლობალურად არ მოგვარდება კოვიდისგან გამოწვეული პრობლემები, სამწუხაროდ, უკეთესობას არ ველოდებით. თუმცა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობა და მათი ფიზიკური გადარჩენა.

ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს მკითხველებს ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ. დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ჩვენი უძვირფასესი თემურის მიმართ გამოხატავენ.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა