ავტორი:

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?

სომხეთში მღელვარება გრძელდება. ოპოზიცია ისევ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, ის კი აცხადებს, რომ არ გადადგება.

ერთი შეხედვით, ჩვენს მეზობლად ჯერჯერობით მოვლენები საკმაოდ რბილად მიდის და პარტია "ჩემი ნაბიჯის“ ლიდერი პოზიციებს ინარჩუნებს - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სიტუაციას ქართული თვალით რომ შევხედოთ, საკმაოდ საინტერესო მოვლენის მოწმენი ვართ: სომხეთი, რომელსაც პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანთან ომში დამარცხდა. პრემიერს გადადგომა მოსთხოვა მოსახლეობამ და გენერალიტეტმა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ... ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ არის განწყობილი ვლადიმირ პუტინი, მაგრამ არაფერი, იგი მაინც არ თმობს თანამდებობას.

მოკლედ, პრემიერი საკმაოდ "კერკეტი კაკალი“ გამოდგა, თუმცა... რაღაც-რაღაცეებში მაინც ეტყობა, რომ უკან იხევს.

  • "მე მომატყუეს...“

როგორც ცნობილია, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ ადგილობრივ სომხურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ რუსული ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები "ისკანდერები“, რომლებიც ერევანმა 2016 წელს შეისყიდა (ანუ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მმართველობის პერიოდში), თურმე ძალიან არაეფექტური გამოდგა - აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გასროლილი რაკეტებიდან მხოლოდ 10% თუ აფეთქდა, დანარჩენი მოშლილი იყო და მტრისთვის არანაირი ზარალი არ მიუყენებიაო. რასაკვირველია, ასეთმა ნათქვამმა "ისკანდერების“ მწარმოებელი ქვეყანა - რუსეთი გაანაწყენა, რადგან მსგავსი განცხადებები მოსკოვისთვის არასასიამოვნოა: რუსეთი ხომ იარაღით მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვაჭრობს, შესაბამისად, მას პრესტიჟი და რეპუტაცია ელახება.

ეს კიდევ არაფერი. მომდევნო დღეს კიდევ ერთმა სომხურმა გამოცემამ ინტერვიუ ჩამოართვა სომხეთის გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილეს ტიგრან ხაჩატრიანს და სასხვათაშორისოდ ჰკითხა, რამდენად ეთანხმებით ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას "ისკანდერების“ 10%-იან ეფექტიანობაზეო. გენერალმა ჩაიცინა და პრემიერის განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია - ასეთი რამ წარმოუდგენელია, ნიკოლ ფაშინიანი აზრზე არ არის, რას ლაპარაკობსო. თავის მხრივ, პრემიერმა იუკადრისა და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლება ეგრე არ უნდაო და მეორე დღეს სომხეთის არმიის გენერალურმა შტაბმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა... საპასუხოდ, ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი მოხსნა და პრეზიდენტს აცნობა, რომ მისი გადაწყვეტილება დაემტკიცებინა. მოხდა საკვირველი ამბავი: პრეზიდენტმა უარი თქვა პრემიერის განკარგულების დამტკიცებაზე...

მოკლედ, გენერლებს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაწყებული პინგ-პონგის თამაში რამდენიმე დღე გრძელდებოდა. დაპირისპირებას საინტერესო შტრიხი შემატა დღევანდელმა ამბავმა: როგორც ნიკოლ ფაშინიანის პრეს-მდივანმა მანე გევორქიანმა განაცხადა, სომხეთის პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს და ამ დროს ნიკოლ ფაშინიანს რუსი ლიდერის წინაშე უღიარებია - მთიან ყარაბაღში "გამოყენებული“ "ისკანდერების“ თაობაზე არასწორად მომახსენეს, თურმე მომატყუეს და ამიტომ ინტერვიუში ცრუ განცხადება გამომივიდაო. ვაგე გევორქიანის თქმით, "ისკანდერებთან“ დაკავშირებული ინციდენტი არანაირად არ ეხება სომხეთ-რუსეთის მოკავშირეობის საფუძვლებს და რაც მთავარია, საქვეყნოდ ვაცხადებთ - "რუსული იარაღი მსოფლიოში საუკეთესო იარაღია, სომხეთი კი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან თანამშრომლობას გააგრძელებს“.

სომხური კურიოზული პარადოქსების ფონზე "ისკანდერების“ ძლიერებასა და მისი საბრძოლო თვისებების ეფექტიანობაზე უცხოურ პრესაშიც ბევრი დაიწერა, ზოგიერთი ექსპერტი ხუმრობდა - საიქიოში მყოფი დიდი ალექსანდრე (ისკანდერ) მაკედონელი, ალბათ, ამ ყველაფერს ისმენს და ეცინებაო... რუსულ რაკეტას ეს სახელი ხომ სწორედ მაკედონელის ძლიერების აღსანიშნავად ეწოდა!

შეიძლება ითქვას, "ისკანდერთან" დაკავშირებული სკანდალი ამით ამოიწურა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმაც დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა, რომ სიმართლე უკვე გაირკვა, ჭეშმარიტება აღდგა და ამიტომ სალაპარაკოც აღარაფერია“.

  • შეიჭრა თუ არ შეიჭრა ოპოზიცია მთავრობის სახლში?

ისევე როგორც წინა დღეებში, დღესაც ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომელსაც წინ ინციდენტი უძღოდა: რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტი ერევნის ცენტრალურ რაიონში მდებარე სახელისუფლო (სამთავრობო) შენობაში შევიდნენ (სადაც რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურაა განთავსებული) და განაცხადეს, - აქ არსებული სტრუქტურები ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და ისინი მისი მომხრეების მიტინგებში მონაწილეობენ. გაფრთხილებთ, რომ ნიკოლი გაიქცევა, თქვენ კი კანონის წინაშე პასუხს აგებთო.

საინტერესოა, რომ ზოგიერთმა უცხოურმა გამოცემამ ეს აქცია მთავრობის სასახლის დაკავებად მიიჩნია და ინფორმაციებიც შესაბამისი გავრცელდა, მეტად "მიმზიდველი“ სათაურებით - "ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა და დაიკავა“ და ა.შ.

ალბათ, ვინც წაიკითხა და მოისმინა, ყველას ეგონა, რომ სომხეთში სიტუაციამ კულმინაციას მიაღწიაო, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა - მომიტინგეები შენობიდან მალე გამოვიდნენ და მარში ბაგრამიანის პროსპექტზე მშვიდად განაგრძეს, მიტინგში მონაწილეობის მიღების მიზნით.

აი, ასეთი იყო დღევანდელი მოვლენები მეზობელ სომხეთში, სადაც საქართველოს მსგავსად, პოლიტიკური ცხოვრება "დუღს და გადმოდუღს“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან მთავრობები იცვლებიან, იქ კი უცვლელი რჩება...

კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი კრიზისს? ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი აშკარაა: მისი სახელი სომხეთის ისტორიაში უკვე "დიდი ასოებით“ შევიდა: საზოგადოების ერთი ნაწილისათვის - მოღალატისა და გამყიდველის სახით, მეორე ნაწილისათვის კი - ჭკვიანი და ბრძენი მმართველის, რომელიც მზადაა ქვეყანას ნათელი პერსპექტივა მოუტანოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ანჯელინა ჯოლიმ აუქციონზე ჩერჩილის ნახატი რეკორდულ ფასად გაყიდა - რა ღირს მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი უნიკალური ტილო

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გოგონა გათავისუფლებულია - ვინ და რატომ გაიტაცა გოგონები და როგორ შეძლეს მათი გათავისუფლება

"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან