ავტორი:

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ტიკ-ტოკის რუსული სეგმენტი სწრაფად პოლიტიზირდა. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც აცხადებენ, რომ 23 იანვარს პოლიტიკოსის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას აპირებენ. ამგვარად, გართობისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი ერთგვარ საპროტესტო პლატფორმად გადაიქცა.

ყველაფერი კი თავად ნავალნის მიერ ტიკ-ტოკში ატვირთული ვიდეოდან დაიწყო, სადაც ის ადამიანებს პუტინის სასახლის შესახებ მომზადებული ფილმისა და საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

23 იანვარს რუსეთის მასშტაბით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც აქციების ჩატარების ადგილებთან ახლოს ცხოვრობენ მოუწოდებენ, დარბევის შემთხვევაში მომიტინგე ადამიანები სადარბაზოებში შეიფარონ. საგულისხმოა, რომ ჯერ არ ჩატარებული აქციის გამო პირველი სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ბრალდებულს ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნის მოწოდებას და ამბოხის დაგეგმვას ედავებიან.

ასევე ტიკ-ტოკზე სტუდენტები უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებენ, რომლის მიხედვითაც უკვე დანიშნული გამოცდები 23 იანვარს გადაიტანეს და დაუსწრებლობის შემთხვევაში გარიცხვით დაემუქრნენ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პუტინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უშუალოდ სკოლის მოსწავლეებშიც გაიზარდა. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე ტრენდშია რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის ჩამოხსნა და ამ პროცესის გადაღება.

ერთ-ერთი მსგავსი ვიდეო ადგილობრივი სკოლის მოსწავლემ გადაიღო, ტიკ-ტოკზე ატვირთა და 3.7 მილიონი ნახვა დააგროვა. ის ჯერ დირექტორმა დაიბარა, ხოლო მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ტიკ-ტოკის აუდიტორია, ძირითადად 18-24 და 24-34 წლის ადამიანებისგან შედგება, მზადება პროტესტისთვისაც განსაკუთრებულად მიმდინარეობს. მომხმარებლები ერთმანეთს პოლიციისგან თავდაცვის განსაკუთრებულ მეთოდებს ასწავლიან. მაგალითად, ინგლისურის მასწავლებელი თავის გამომწერებს ასწავლის, როგორ უნდა მოაჩვენონ პოლიციას თავი ამერიკელად და რა უნდა განუცხადონ, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ.

სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც პუტინის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილი და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თუ აქციაზე მივლენ, ახალგაზრდები საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩააგდებენ და დიდი ალბათობაა, პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს.

თუმცა ნავალნის მომხრეების ვიდეოები იმდენად მეტია, რომ ალგორთიმი მხოლოდ მათ ვიდეოებს აჩვენებს ტრენდებში. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახალი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ასეთ დაინტერესებას იჩენენ მიტინგის მიმართ. რუსულმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უკვე მიმართა ტიკ-ტოკის ადმინისტრაციას, თუმცა ჯერ-ჯერობით საპასუხო ზომები არავის მიუღია.

ალექსეი ნავალნის გუნდმა მისი დაპატიმრების შემდეგ საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და მის გასაიდუმლოებულ სასახლეზე, რომელიც კორუფციული სქემების გზით ფინანსდება. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, ნავალნი პუტინს ცილს სწამებს და მოსახლეობას, ნახვების მოსაგროვებლად და ფულის გასაკეთებლად იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ნავალნი მოწამვლის შემდეგ 5 თვეში რუსეთში დაბრუნდა და აეროპორტში გამოსვლისთანავე დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლო დარბაზის მაგივრად, პოლიციის განყოფილებაში მოუწყვეს სასამართლო პროცესი. იქნება თუ არა რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური აქცია, ამას ხვალინდელი დღე გვაჩვენებს.

ავტორი: ნინი გაბისონია

დაკავება 10-წლიანი თვალთვალის შემდეგ - ჰოლანდიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაური დააკავეს

დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში - ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა - განახლებული მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში აცრილი ადამიანების შესახებ