ავტორი:

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრა აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციაზე ისრაელია, სადაც უკვე 3.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს. სხვადასხვა ქვეყნების ყურადღება ამიტომაც ისრაელისკენაა მიმართული და ყველა ელოდება, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ვაქცინა და რამდენად სწრაფად შემცირდება ინფიცირების მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვაქცინაცია უტარდებათ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. მიუხედავად იმისა, რომ Pfizer-ის ვაქცინით აცრის პროცესი დეკემბერში დაიწყო და ჯერ დიდი დრო არ არის გაცული სრული და ზუსტი სურათის მისაღებად, ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგელებს უკვე აქვთ რამდენიმე საინტერესო მონაცემი და პასუხი ზოგიერთ კითხვაზე.

ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების შეფასებით, ამ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავიდან არიდებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სერიოზულ გართულებებს და 60 წელს გადაცილებულ ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზების საჭიროება მკვეთრადაა შემცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის განსასაზღვრად საჭიროა ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან გარკვეული დრო გავიდეს, ისრაელის Maccabi Healthcare Services-ში აცხადებენ, რომ ინფექციის სერიოზული ვარდნა უკვე შეინიშნება.

ისრაელში მედიკოსებს უკვე აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად სწრაფად იგრძნობენ ვაქცინაციის სარგებელს ის ადამიანები, რომლებიც ვირუსის გამო კლინიკაში მოხვედრის რისკის ქვეშ არიან.

Maccabi-ს ცნობით, ვაქცინაციის დაწყებიდან ძალიან მცირე პერიოდში, დაახლოებით, სამ კვირაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მცირდება. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მკვეთრად დაეცემა ვაქცინაციის დაწყებიდან მე-18 დღეს. ისრაელში ინფექციური დაავადებების ყველაზე დიდი კლინიკის ხელმძღვანელი, გალია რაჰავი აცხადებს, რომ ეს მონაცემები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

როგორც ისრაელში ამბობენ, 50 777 ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 23-ე დღეს, ანუ მეორე დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 60%-ით იყო შემცირებული.

ცნობისთვის, კორონავირუსით გლობალური მასშტაბით, ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე, ოფიციალური მონაცემებით, 100,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 2,1 მილიონი გარდაიცვალა. რაც შეეხება ვაქცინებს, Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა არის პირველი პრეპარატი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა. უახლოეს დღეემში კი ჯანმოს მიერ Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინების დამტკიცებასაც ველით.

წყარო: timesofisrael.com

ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალურ ტესტს აკეთებენ

კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი

ეფექტურია თუ არა Pfizer-ის ვაქცინა Covid 19-ის "სამხრეთ აფრიკული" ვარიანტის მუტაციების წინააღმდეგ - რა აჩვენა კვლევამ