ავტორი:

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

მას მერე, რაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთს კრემლის საწინააღმდეგო, საპროტესტო ტალღამ გადაუარა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქციის გამართვა გადაწყვიტეს და გამართეს კიდეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავსი შეკრება კიდევ იგეგმება. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: "აფხაზეთის რუსული დიასპორა", "აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერან კაზაკთა კავშირი" და "რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" ურთიერთობის განვითარების კავშირი". აქცია სოხუმში, რუსეთის ე.წ. საელჩოსთან გაიმართა.

მედიის ცნობით, აქცია დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა, შეკრებას სოციალურ ქსელებში მაინც მწვავე კრიტიკა მოჰყვა და არა მხოლოდ პანდემიის გამო...

კომიკური სიტუაცია შექმნა იმანაც, რომ აფხაზებს პუტინის დაცვა რუსი ინტერნეტმომხმარებლისგანაც მოუწიათ, რომლებიც ცდილობდნენ, აფხაზებისთვის კრემლის მავნებლური პოლიტიკა დაენახვებინათ... ადგილობრივი abkhaz-auto.ru-ს მკითხველები და სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აქტიურად განიხილავენ.

"რუსულ-აფხაზური კომედია, პუტინს აფხაზეთიდან უჭერენ მხარს... დარწმუნებული ვარ, ის ხალხი იყო გამოსული, ვისი შემოსავალიც მხოლოდ რუსული პენსიაა და მიაჩნიათ, რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან მისი სახით სტაბილურ შემოსავალს იღებენ... სამოთხეში ცხოვრობთ, პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, რომ მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ, ხანდახან იმასაც არა. თუმცა თუ მოგწონთ, წარმატებებს გისურვებთ..." - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი დუშკინი აფხაზური გამოცემის კომენტარებში.

"აბა რა, მეფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფხაზებისა და აფხაზეთის კაზაკების მხარდაჭერა, ჩვენი არსებობა ხომ უნდა შევახსენოთ... სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. რატომღაც 30 წელია ვერ გავიგეთ, როგორც არ უნდა მოვექცეთ რუსეთს, ის მაინც ისე მოგვექცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ... " - წერს ასტანა კვიცინია.

"ასეთი სლოგანებიც წავიკითხე, "აფხაზეთი პუტინისთვის" და თვალებს არ დავუჯერე... ამას ვინ მიიჩნევს, აფხაზეთის კაზაკური დიასპორა, გამწარებული რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რუსული ორგანიზაცია შეიქმნას აფხაზეთში თუ ჩვენი, უკვე შექნილ რუსულ ორგანიზაციებში დასაქმებული სომხები და აფხაზები?!. მაინც მინდა ვიცოდე, ვინ საუბრობს ჩემი სახელით... მე კი, რატომღაც მგონია, რუსეთს პუტინი რომ არ მართავდეს, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდით",- წერს ელენგა ვაენგა.

"რუსეთს ძალიან დიდი ამაგი აქვს აფხაზეთის წინაშე, მისი მხარდაჭერით მოვედით დღემდე და ამ ხელისუფლებას, ამ გუნდს სწორედ ვლადიმირ პუტინი მართავდა, რა არის ცუდი იმაში, თუ ამის მადლიერება გამოვხატეთ რუსეთის საელჩოსთან? ახლა გაგახსენდათ კოვიდპანდემიის შეზღუდვები და მსხვერპლი და ხუთასკაციან ქორწილებს რომ იხდიდით, მაშინ არა, ხომ?! - მიაჩნია არკადი კვირკვიას.

“რუსები ყოველთვის გვედგნენ გვერდში და ჩვენც უნდა დავუდგეთ, ხომ ხედავთ, არ გაღიარებთ ევროპა და მით უფრო, არც ამერიკა. რაც უნდა გესლიანი პოსტები წეროთ, ჯერ მსოფლიო არ არის მზად თქვენს მისაღებად, მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშიო, მაგრამ ვინც რუსეთის დაგმობისკენ მოგვიწოდებთ, ალბათ უკვე გაქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპაში წასასვლელად! ჰოდა, სულ წადით, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მადლიერების გამოხატვის უნარი გვაქვს", - წერს კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი, ესმა ცკუა.

“აფხაზებო, არავინ აღიარებს თქვენს სახელმწიფოს. სინამდვილში, არც კრემლი გაღიარებთ, ტყუილად უმტკიცებთ ერთგულებას პუტინს... ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან, ამბობენ, რომ რეგიონში, ბუნების გარდა არაფერი ვარგა. პუტინი, თავის გუნდთან ერთად, იგივეს დანერგავს, რასაც ამდენი წელია რუსეთში აკეთებს. ასე რომ, იქნებ თქვენთვისაც ჯობია მისი მმართველობა დასრულდეს, იმაში მაინც გაერკვევით, დამოუკიდებლები ხართ, თუ არა...” - ამბობს რუსი ინტერნეტმომხმარებელი გენადი ლესოვი.

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?