ავტორი:

"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის

"სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, მე დამიძახა" - რას ყვება კომპოზიტორი, რომელიც 22 წლის რძლის დაღუპვის შემდეგ დაობლებულ შვილიშვილს ზრდის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსმა მსოფლიოში ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა ვირუსმა საქართველოშიც... თუმცა, მანამდეც არაერთ ვირუსს, მათ შორის, ე.წ. "ღორის გრიპს" საკმაო ზიანი აქვს ადამიანებისთვის მიყენებული, მათ შორის, საქართველოშიც...

9 იანვარს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 22 წლის სალომე ქემაშვილი ღორის გრიპმა იმსხვერპლა. მისი გარდაცვალება უამრავმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა...

სალომე და მისი მეუღლე, ირაკლი კვატაშიძე რამდენიმე წლის შეუღლებულები იყვნენ. მათი შვილი ელენე, დედის გარდაცვალების დროს წლისა და 5 თვის იყო... დაობლებულ პატარას სალომეს დედამთილი, კომპოზიტორი მანანა იმედაძე ზრდის, რომელიც AMBEBI.GE-სთან ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს:

- ეს ამბავი ლამაზი ზღაპარივით დაიწყო და ტრაგიკულად დამთავრდა... ჩვენ გარშემო ბევრი კარგი დედამთილი და რძალია, რომლებსაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა რაღაც არარეალურად, არაჩვეულებრივად დაიწყო და ასე მოულოდნელად, დიდი ტკივილით დასრულდა.

სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, ჩემი შვილი და სალომე მეგობრები იყვნენ. სალომეს ვორონცოვზე ერთოთახიანი ბინა ჰქონდა, სადაც სტუდენტობის პერიოდში ცხოვრობდა. ჩემმა შვილმა ერთხელაც სახლში, როგორც მეგობარი, გასაცნობად მოგვიყვანა (ვიცოდი, რომ ბავშვებს ერთმანეთი უყვარდათ). დანახვისთანავე გულთან ახლოს მოვიდა და იცით, რა ვუთხარი? - სალო, მოდი, ჩვენთან დარჩი და ინსტიტუტში აქედან იარე, მარტო ცხოვრობ და ცოდო ხარ-მეთქი. გაეცინა... მე და შენ ერთად, ერთ ოთახში დავიძინოთ, შვილივით მეყოლები, მარტო რატომ უნდა იყო-მეთქი? - ეს უნებლიედ ვუთხარი. მოკლედ, შვილივით მივიღე და შევიყვარე, თვითონაც ასეთივე განწყობით შემოვიდა ჩვენთან...

- დღეს, დაობლებულ შვილიშვილს თქვენ ზრდით?

- ჩემმა შვილებმა იციან, ელენიკო ჩემთვის მათზე უფრო მეტია. ის ახლა უკვე სამწლინახევრისაა... ენა გვიან ამოიდგა, მაგრამ სალომეს გარდაცვალების შემდეგ, პირველი სიტყვა "დედა" თქვა, ასე მე დამიძახა. ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგო, გაოცებულმა დამიძახა: გესმის, ბავშვი რას ამბობსო? იმ წუთებს რა დამავიწყებს...

მეც არ დავუშალე და იცით, რატომ? დედის სამყარო კი დაკარგა, მაგრამ რა დააშავა ბავშვმა? ამანაც თქვას ეს ჯადოსნური და სასწაული სიტყვა - დედა. რომ გაიზრდება, ყველაფერს გაათვითცნობიერებს და ბევრ რამეს თვითონ შეაფასებს...

- დედიკოს არ კითხულობს?

- ჯერ არა, როგორც ჩანს, დედას ჩემში ხედავს და ამიტომ. მაგრამ სასაფლაოზე რომ მივდივართ, არ ვუმალავ და ვეუბნები - აი, სალომე დედიკო-მეთქი. ჯერ პატარაა და კითხვა არ უჩნდება. თუმცა, იმისთვისაც მზად ვარ, როცა ამ კითხვას დასვამს. მანამდე თუკი მისი თანატოლები ამბობენ დედას, ამანაც თქვას... ელენიკო ჩემი 2 უსაყვარლესი ადამიანის შვილია, ჩემი სისხლი და ხორცი და უზომოდ მიყვარს...

- რა გახდა სალომეს გარდაცვალების მიზეზი?

- ამას დღემდე ბოლომდე ვერ ვხსნით... ეს ამბავი გახმაურდა, იყო მითქმა-მოთქმაც, ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა და თითქოს გრიპთან ერთად, ქრონიკული დაავადება დასახელდა. ეს აბსურდია! ეშინოდეთ ამის მთქმელებს... იმ ტრაგედიის ფონზე, ამხელა ტყუილის მოსმენა ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა...

- როგორც ვიცით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა...

- კი, მესამე კურსზე იყო და ექიმობაზე ოცნებობდა. ძალიან ლამაზი იყო, მართლა სასწაული სილამაზე ჰქონდა, ჩაიცვამდა თეთრ ხალათს და მეუბნებოდა - დე, წლები რომ მოგემატება, ჩემთან სამეცნიერო ინსტიტუტში რომ მოხვალ, კარზე გამოკრული აბრა დაგხვდება - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სალომე ქემაშვილი და ამ დროს თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე... საუკეთესო სტუდენტი იყო, ახლაც მაგიდაზე მიდევს მისი ნივთები, წიგნები, სადაც 31 დეკემბრის ჩათვლით მეცადინეობდა...

ყველაფერი ასე დაიწყო - 2019 წელი დგებოდა, 5 დღით ადრე, ერთ საღამოს თავი ცუდად იგრძნო, დაბალი სიცხეები დაეწყო. ამ დროს იაშვილის კლინიკაში სტაჟირებას გადიოდა, გრიპის აფეთქების პერიოდი იყო და ვირუსიან პატარებთან უწევდა კონტაქტი. სიცხე რამდენიმე დღე რომ გაგრძელდა, ვუთხარი - ექიმს გაესინჯე-მეთქი. რაღაც საბედისწეროდ წაუყრუა, არადა, უზომოდ ყურადღებიანი იყო.

მოკლედ, 31 დეკემბერსაც თავჩარგული მეცადინეობდა, 9 იანვარს გამოცდა ჰქონდა (და ისე მოხდა, რომ მაგ დღეს გარდაიცვალა...)

პირველ იანვარს ჩემი ბიჭი, სალომე და ელენიკო ბორჯომში სალომეს ბებია-ბაბუასთან სანახავად და მისალოცად წავიდნენ. იქ სიცხიანს უბანავია და სტუმრად წასულან. როგორც ჩანს, მის გაციებას ენცეფალიტიც დაერთო. ორში სიტუაცია დამძიმდა, სიცხე 40-ს ზემოთ ავიდა. სასწარაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სიცხე ვერ დაუწიეს. კომაში ჩავარდა. ორ იანვარსვე თბილისში ინფექციურ სავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაგრამ ერთი კვირა კომიდან ვერ გამოვიდა და 9-ში გარდაიცვალა. ექიმებს არაფერი დაუკლიათ, საყვედურს ვერ ვიტყვი...

- სალომეს მეუღლე, თქვენი შვილი, როგორც ვიცი, ახლა უცხოეთშია...

- ამ ტრაგედიის შემდეგ ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მეგონა, ისიც დავკარგე. აგრესიული გახდა, დღეს და ღამეს სასაფლაოზე ატარებდა. შუაღამეს გამომეღვიძებოდა და სახლში არ მხვდებოდა. ჩემი მეორე ვაჟი წავიდოდა და სასაფლაოზე დაადგებოდა თავზე... მერე ერთმა კარგმა და თბილმა ოჯახმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ჩვენი მდგომარეობა გაიგო, გულისხმიერება გამოიჩინა. პირდაპირ გვითხრეს - თუ თანახმა იქნება, ირაკლის წავიყვანთ, გვერდით დავუდგებითო... წაიყვანეს. დღეს ვხედავ, რომ ჩემი შვილი გადარჩა. მალე სამსახურს დაიწყებს, იტალიური ენა ისწავლა, ინგლისური ენის ფილოლოგია, უცხო ენების ათვისება არ უჭირს, შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული... მდგომარეობიდან თანდათან გამოდის, მაგრამ ამბობს, დღე არ გავა, სალომე არ დამესიზმროსო...

...ასე მოფრინდა სალომე ჩვენთან, დიდი სითბო, სიყვარული გვაჩუქა, თავისი მსგავსი ანგელოზი დაგვიტოვა და წავიდა... ყველაფერთან ერთად, ბრწყინვალედ ხატავდა. ჩემი პორტრეტი აქვს დახატული, ფოტოსგან ვერ განასხვავებთ. მთელი კედლები მისი ნახატებითაა სავსე...

ერთი კედლის საათი გვაქვს, რომელიც დაბადების დღეზე მომიტანა. ციფერბლატზე ჩემი და მისი ერთობლივი ფოტო ჩაასმევინა და ასე მომართვა. ახლა მისი სახე ამ საათიდან სულ მიყურებს...

უცნაური კიდევ ისაა, რომ სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ პატარ-პატარა ნაწერები ვიპოვე, სადაც ჩემზე წერს და ამბობს - "დე, მიყვარხარ!" ამას ჩემი შვილიც მეუბნებოდა, მგონი, სალომეს ჩემზე მეტად შენ უყვარხარო...

- გარდაცვლილ რძალს მუსიკალური ნაწარმოებიც მიუძღვენით...

- ჩემს ამ ნაწარმოებს "სალომეა" დავარქვი - ტექსტი და მუსიკა ჩემია. ვეღარ დავიტიე ემოცია და თებერვალშივე დავწერე. ჩემი წუხილი, ტკივილი სიმღერაში ერთიანად გადმოვიტანე და ეს ყველაფერი მასში იგრძნობა.

- თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით - ელენიკოს გარდა რით ხართ დაკავებული?

- ცოტა ხნის წინ, ახალი ტელეარხის "ქართული ტელევიზიის" დირექტორად დავინიშნე, რომელიც ხელოვნების და მეცნიერების მიმართულებით იქნება და ფუნქციონირებას თებერვალში დაიწყებს.

მუსიკოსი კი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ახალგაზრდულ წლებში პუბლიცისტურ წერილებს ძირითადად ხელოვნების მიმართულებით ვწერდი. მერე მთლიანად მუსიკაზე გადავერთე, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. 32 წელია, ბავშვებთან ვმუშაობ. 51-ე სკოლაში ჩემი სტუდია - "იმედის ვარსკვლავები" მაქვს, სადაც პატარებთან ერთად, კარგი საქმეები გვაქვს გაკეთებული. ასევე ვმუშაობ ესტრადის მომღერლებთან, ჩემ სიმღერებს მღერიან - სოფო ბედია, მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი, ნათია ქოროღლიშვილი... არაერთი სიმღერა, მათ შორის 51-ეს სკოლის ჰიმნიც მე მეკუთვნის...

ჩემი მეუღლე მეცნიერია, აკადემიკოსი, წლებია, ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, თუმცა მასაც უყვარს ხელოვნება, მღერის. ეს გენეტიკურად ჩვენს შვილებზეც გადმოვიდა, თან, ორივე ვაჟი თემურ ქევხიშვილის სკოლაში დადიოდა. ჩემს ვაჟს, გიორგი კვატაშიძეს უკვე ბევრი იცნობს, მისი ნამღერი ინტერნეტმომხმარებელს არაერთხელ მოუსმენია... სასწრაფოს ექიმია და ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE-ს რესპონდენტიც იყო...