ავტორი:

სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

სერგეი შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა ლეგალური უნდა გახდეს" -  რა გამოხმაურება მოჰყვა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის  წინადადებას აფხაზეთში

(ფოტოზე: სერგეი შამბა. ავტორი: ელენა ზავოდსკაია)

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას წინადადებით, კონტრაბანდასთან საბრძოლველად საჭიროა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დაკანონდეს, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოდის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაა" და თვლის, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის თაობაზე სტატია გამოაქვეყნა ვებპორტალმა ekhokavkaza.com-მა, რომელშიც ვკითხულობთ:

აფხაზეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი შამბამ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზებას, რომელიც უკვე სამი ათეული წელია დე - ფაქტოდ არსებობს:

"მოდით, იქ შესაბამისი სამსახურები დავაყენოთ, დავაკანონოთ ეს პროცესი. ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში იმ ყველაფრიდან, რაც კი საქართველოსთან საზღვრის გავლით შემოდის (მე საქონელი მაქვს მხედველობაში), სახელმწიფო ხაზინაში კი არ ხვდება, არამედ, ცალკეული ადამიანების ჯიბეში, რომლებისთვისაც ასეთი რეჟიმი მომგებიანია. პირველ რიგში სწორედ ისინი გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს საზღვარზე ვაჭრობის რეჟიმი ლეგალური გახდეს. ეს ახლაც კი ხდება, როცა ასეთი სიტუაციაა "კოვიდ-19"-თან დაკავშირებით, როცა საზღვარი, ფაქტობრივად, დახურულია, მაგრამ ჩვენს ბაზარზე საქონელი, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტები, მაინც შემოდის და ეს ყველაფერი სრულიად აშკარაა, რომ ჩვენთან საქონელი საქართველოდან ხვდება. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ეს ვაჭრობა დაკანონებული იქნას. მინდა, რომ ამაზე მოსახლეობაც დაფიქრდეს. რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? იმიტომ, რომ თვითონ ისინი არიან დაინტერესებულები".

სერგეი შამბას ნათქვამს ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაა" გამოეხმაურა. ვეტერანები იმოწმებენ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის 2009 წლის განკარგულებას "საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ", რომელიც დღესაც ძალაშია და, შესაბამისად, მისი გაუქმების წინააღმდეგნი არიან.

"არუაას" თავმჯდომარე თემურ გულია მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა შეუძლებელია, ვიდრე თბილისი აფხაზეთს თავის ადმინისტრაციულ ერთეულად თვლის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს:

"მტრულად განწყობილ საქართველოსთან ჩვენ არანაირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები არ უნდა გვქონდეს - იმიტომ, რომ ჩვენ დოკუმენტიც კი არ გვაქვს ომის არგანახლების შესახებ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი თავიანთ განცხადებებში ღიად ამბობენ იმას, რომ ჩვენ, აფხაზები, თურმე ხალხი კი არ ვართ, არამედ რაღაც პატარა თემი, საზოგადოება. ისინი ჩვენ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად გვთვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიად. ვთქვათ და ვაჭრობა დაკანონდა. როგორი იქნება ტვირთების მარკირება? მათ ხომ ოფიციალური საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ და ბაჟი უნდა იქნეს გადახდილი? როგორი ბეჭედი დაესმება დოკუმენტებს? ისინი ხომ არ დათანხმდებიან იმას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასთან ვაჭრობენ? მათ დოკუმენტებში ჩაწერილი იქნება "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა" ან "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული", ჩვენს დოკუმენტებში კი - "საქართველოს სახელმწიფო" და "აფხაზეთის სახელმწიფო". განა ასე შეიძლება საერთოდ? ჩემთვის ეს გაუგებარია".

თემურ გულია დარწმუნებულია, რომ კონტრაბანდის ლეგალიზება კი არ უნდა მოხდეს, არამედ მას შესაბამისი სტრუქტურები უნდა ებრძოლონ:

"თუ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები კონტრაბანდას ვერ უმკლავდებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტრაბანდა ლეგალიზებული უნდა იქნეს. უცნაურად მეჩვენება, როცა უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან ასეთ ლაპარაკს ვისმენთ: "ჩვენ არ შეგვიძლია კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ მისი ლეგალიზება მოვახდინოთ". თუ თქვენ მასთან გამკლავების თავი არ გაქვთ, მაშინ რა გარანტიაა, რომ ლეგალიზების შემდეგ კონტრაბანდა შეწყდება? თუ სამართალდამცველი სტრუქტურები, მესაზღვრეებისა და მებაჟეების სახით, ხელისუფლების მიერ დასახულ ამ ამოცანას ვერ ასრულებენ, მაშინ, ბოდიში და ეს სახელმწიფოს პრობლემას, ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს".

"სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ამოცანააა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დგომა", - ამბობს ვეტერანი.

"არუაას" წარმომადგენლებს განზრახული აქვთ მოითხოვონ უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზების საკითხის ლობირებას არ შეწყვეტს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა