30 წლის თელაველი ქირურგი გიორგი გოგინაშვილი საექიმო საქმიანობის პარალელურად სიმღერასაც ახერხებს, რითაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის სიმპატიით სარგებლობს. ახალგაზრდა ქირურგი Ambebi.ge-ს საკუთარი საქმიანობისა და ჰობის შესახებ უყვება:
- ექიმობა სკოლის დამთვრების შემდეგ გადავწყვიტე. ორივე მშობელი ექიმი მყავს და ალბათ ამან იქონია დიდი გავლენა. 2007 წელს ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია საექიმო დარგი, არჩევანი დიდი იყო. თავიდან ძალიან მიზიდავდა პათანატომია, როცა შეხება არ გაქვს ცოცხალ ადამიანთან და გიწევს ბიოლოგიური მასალების კვლევა. თუმცა საბოლოოდ მაინც ქირურგია ავირჩიე და ახლა რომ მიწევდეს სპეციალობის არჩევა, იგივეს გავაკეთებდი.
არსებობს ორი სახის მკურნალობა, თერაპიული და ქირურგიული. მე უფრო ქირურგიულმა გზამ მიმიზიდა, რადგან შენი საქმიანობის შედეგს ბევრად უფრო მალე ამჩნევ, ვიდრე თერაპიულში. დამამთავრებელ კურსზე უკრაინაში განვაგრძე სწავლა. ერთხელ, ჩემმა იქაურმა ლექტორმა მითხრა, შენ უკვე ქირურგიით დაავადდიო და ასეც არის.
- ახლა სად მუშაობთ?
- თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, უკრაინიდან რომ დავბრუნდებოდი ჩემი სწავლა და გამოცდილება ჩემი მშობლიური მხარისთვის მიმეძღვნა და თელავში დავიწყე მუშაობა. ახლა სამ ადგილას ვმუშაობ, ორ კლინიკაში - ქირურგად და ერთგან როგორც ენდოსკოპისტი, ეს ჩემი მეორე სპეციალობაა.
- კორონავირუსის პანდემიამ რა ზეგავლენა იქონია თქვენზე, როგორც ექიმზე და თქვენს საქიანობაზე?
- უშუალოდ კოვიდპაციენტებთან არ მიმუშავია, თუმცა კოვიდცენტრში მორიგეობა მიწევდა და ეს მიმართულება მართლაც ძალზედ რთული და სპეციფიურია. პანდემიის დადებით მხარეებზე საუბარი რთულია, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ექიმების როლი კიდევ უფრო წარმოჩინდა. როდესაც ვირჩევთ ამ პროფესიას, ვიცით, რომ ვერთვებით ომში და ვიბრძვით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აქამდე მედიით უფრო ხშირად ნეგატიურ კონტექსტში შუქდებოდა ექიმების საქმიანობა.

ხშირად ისმოდა ექიმების მიმართ ბრალდებები. პაციენტის გარდაცვალებისგან არავინაა დაზღვეული. ხშირად ძალიან მარტივად გაიშვერენ ექიმისკენ ხელს და მკვლელს უწოდებენ. არცერთ ექიმს არ სურს პაციენტის გარდაცვალება, ძალიან რთული და ეკლიანი გზაა გვაქვს და ამავდროულად ძალიან დაუფასებელი. პანდემიამ კარგად წარმოაჩინა, რეალურად როგორია ექიმის საქმიანობა და მისი როლი.
- უკრაინაში სწავლობდით და მუშაობდით წლების განმავლობაში, რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
- ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში უფრო კარგადა განვითარებული ჯანდაცვის სისტემა. იქ კლინიკებში არ იყო ელემენტარული საჭიროებები და პაციენტებსა და ექიმებს სხვადასხვა სამედიცინო ნივთების შეძენა თავად უწევდათ. ასე იყო 2013-2016 წლებში. საქართველოში რომ ჩამოვედი, თვალსჩინო განსხვავება დავინახე. როგორც პროფესიონალიზმის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ, საქართველო ბევრად წინ არის.

- გვიამბეთ თქვენს ჰობზე. ელოდით, რომ სოციალურ ქსელში ასეთ პოპულარობას მოიპოვებდით?
- ბავშვობიდან ვმღერი, მოყვარულის დონეზე. ძირითადად ქართული სიმღერები მიტაცებს. ჩემთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული მომღერალი თემურ წიკლაური იყო. ძალიან დამწუხრებული ვარ ეს დღეები. ალბათ გარკვეული პერიოდი სიმრერას ვერ შევძლებ. ძალიან დიდი მომღერალი და პიროვნება დავკარგეთ.
რაც შეეხება პოპულარობას, ასე დაიწყო - ერთხელ როცა "კომენდანტის საათი" ახალი შემოღებული იყო, კოვიდკლინიკაში ვმორიგეობდი. მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, ხალხის გასამხნევებლად "ლაივი" ჩაგვერთო და გვემღერა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთ გამოხმაურებს გამოიწვევდა. უამრავი დადებითი კომენტარი იყო, რამაც მიბიძგა იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტჯერ ჩამეწერა სიმღერები და დამედო სოციალურ ქსელში.