ავტორი:

"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე

"როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება "ნაცმოძრაობას"... ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას" - მამუკა მდინარაძე

გავრილოვის განცხადება არის უკიდურესად პროვოკაციული და ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მესიჯი გაახმოვანოს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

როგორც მდინარაძემ გავრილოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, წარმოუდგენელია, ვიღაცას, საღად მოაზროვნეს სჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ და გავრილოვის მესიჯბოქსი ემთხვევა.

„ამ ადამიანს ყველამ ერთად გადავცეთ, რომ მისი შეფასებები და დამოწმებები არავის სჭირდება. მით უმეტეს, თუ ის განსაკუთრებით სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. თქვენ თუ დააკვირდებით, როგორც კი გაუჭირდება ხოლმე „ნაცმოძრაობას“, როგორც კი ჩამოშლის პირას არის მთელი რადიკალური ოპოზიცია, შემდეგ ხდება ხოლმე დუმიდან დათანხმებები თითქოს ჩვენს სასარგებლოდ და ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები, რომელიც კი არ ემთხვევა მხოლოდ, არამედ ისეთები, როგორიც 20 ივნისს მოხდა, როდესაც დილით დაიწყო წარმოუდგენელი პროვოკაცია ამ ადამიანმა. შეცდომა იყო ის, რომ საერთოდ საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხვდა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ის იყო მისი პროვოკაცია და ეს პროვოკაცია საღამოს გააგრძელეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. თუ მიზნიდან გამოვალთ, პრაქტიკულად, ისინი ერთი მიზნიდან გამოდიოდნენ და ერთი შედეგისთვის იღწვოდნენ - ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება. დღესაც კი, როდესაც ვიღაცები, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით კანონის ჩარჩოებიდან გასვლას ასე უტიფრად აანონსებენ, ერთი მხრივ, ეს ოკუპანტი ქვეყნის ნარატივია და მისი ინტერესია უპირატესად და უმეტესწილად, მეორე მხრივ, თუკი სადმე ამ ქვეყანას შიგნით მტერი ჰყავს, მისი ინტერესიცაა. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის უკიდურესად პროვოკაციული და ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მესიჯი გაახმოვანოს. მეტს არაფერს ემსახურება. წარმოუდგენელია, ვიღაცას, საღად მოაზროვნეს სჯეროდეს, რომ „ქართული ოცნების“ და გავრილოვის მესიჯბოქსი ემთხვეოდეს. ხომ არ შევათანხმეთ კიდევაც, ამის ეჭვი ხომ არ აქვს შემთხვევით ვინმეს?!“ - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში ამავე კონტექსტში განცხადება გააკეთა:

"ისე მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება ნაც. მოძრაობას და მათ "პატრიოტ" ლიდერებს. მით უმეტეს მათ ტელევიზიებში მათთვისვე ძალიან სასურველი "ვორდინგით" ", - დაწერა სოციალურ ქსელში მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მელიას საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან, მისივე შეფასებით, მელიამ გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი კანონს დაუპირისპირა.

„რა თქმა უნდა, ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი დაუპირისპირა კანონს, დაალაგა მესიჯი, თითქოს კანონის ნორმების შესრულება არის ამორალური. იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ფასობს, შეუძლებელია მორალი ეწინააღმდეგებოდეს კანონის აღსრულებას და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა იყოს მორალური საქციელი. თავის დროზე მაქვს ნათქვამი და დღევანდელი ამბავი არ არის, 17 წლის წინ ვთქვი. არა მარტო კანონის წინაშე ვართ მართლები, მართლები ვართ მორალის და ყველა ადამიანის წინაშე. თუკი ძალიან აინტერესებთ პოლიტდევნილი რას ნიშნავს, 17 წლის წინ პირადად ჩემს ამბავს გავახსენებ! როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას, თუ მართლაც ეს ასეა და ამ ნაბიჯს გადადგამს საბოლოოდ, ამ ადამიანის მონათვლა როდესაც უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ამ შემთხვევაში ლოგიკაში ადამიანები, რომლებიც ობიექტურად აკვირდებიან პროცესს, დარწმუნებული ვარ, არავის შეყვებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - როგორ დაემთხვა ერთმანეთს სერგეი გავრილოვისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები, რომ ნიკა მელიას ბოდიში აქვს მოსახდელი? მდინარაძემ უპასუხა: „მე დავურეკე გავრილოვს და ვთხოვე, იქნებ ჩემნაირად გაემეორებინა“.

„წარმოუდგენელ სიგიჟეში შევდივართ ასეთი კითხვებით, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას ეს მდინარაძემაც თქვა და გავრილოვმაც გაიმეორა. ეტყობა, ჩემი მესიჯბოქსებით სარგებლობს. უბრალოდ, არავის სჭირდება. პროვოკაციულია ყველა მისი ნაბიჯი და იმას აკეთებს, რაც „ნაცმოძრაობას“ აწყობს. ძალიან ახლო კონტაქტები გაქვთ „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ როგორც ჩანს, რადგან მთელი დღის განმავლობაში ინტერვიუ ინტერვიუზე გამოდის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე

როგორ ეხმაურება აშშ-ს საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს