ავტორი:

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული" - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები და ომბუდსმენი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს

საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, წლების განმავლობაში ინახავენ ჩანაწერებს, ამონტაჟებენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, "რომ "კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.

"თქვენ ალბათ გაგიგიათ და მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საკუთარი საზოგადოების მიმართ, საინფორმაციო-ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით.

ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, "კაგებეშნიკური" მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამბობს, რომ მრავალი წელია, საზოგადოება სამართალდამცავი ორგანოებისგან უკანონო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

"წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების, თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის, თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, თუ ფაბრიკაცია. მრავალი წელია, საზოგადოება უშედეგოდ ითხოვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ობიექტურ გამოძიებას და შესაბამისი პირებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სამწუხაროდ, არც ერთ მსგავს შემთხვევაში არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ უფრო დაუცველს ხდის მომავალში მსგავსი უკანონო და მიუღებელი პრაქტიკისგან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ და სხვა შემთხვევებშიც, მხოლოდ ეფექტურად ჩატარებული გამოძიების, ჩანაწერების ავთენტურობისა და ნამდვილობის დადგენის შემდეგ შეიძლება შეფასდეს - შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ცალკე გამოძიების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, - აცხადებს ლომჯარია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, ამასთანავე, მან უტიფრობა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.

"პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო აკრძალვა მისი გამოყენების სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის. მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის. ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა ბოკერიამ.

"2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას”,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გადაცემის ანონსს.

ვოლსკის განცხადებით, “სამწუხაროა, რომ მსგავსი “ფეიქ” ინფორმაციები ვრცელდება”.

“ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეყრაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს ან ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება... დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ “ფეიქ” ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ. იქნებ ამით მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ “ფეიკის” მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა და ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ თავისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს