ავტორი:

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

15 თებერვლიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-19 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

მე-19 ტომი გამოვიდა 15 თებერვალს, მასში ლუკას სახარების 1-ლი - მე-18 თავების განმარტებაა.

არის ამ სახარებაში განსაკუთრებული ადგილები, რომლებიც სხვა სახარებებში არ გვხვდება. სწორედ ლუკას სახარებას უნდა ვუმადლოდეთ სვიმეონ ღვთისმიმრქმელის უმშვენიერეს საგალობელს:

"აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი".

და როგორ არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს წიგნი სწორედ მირქმის დღესასწაულზე გვესტუმრა ოჯახებში, რათა ჩვენც მივეგებოთ ჩვენთან მობრძანებულ უფალს.

აქვე დავაანონსებ, რომ მომდევნო, მე-20 ტომის გამოსვლა დიდმარხვის დაწყებას ემთხვევა - 15 მარტს - დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათს იქნება ქსელში.როგორ მინდა, რომ ამ წიგნებში დავანებულმა დიდმა სიხარულმა თითოეული ოჯახი აავსოს.

***

გვყავდა ერთ დროს სამხრეთ-დასავლეთით ერთი ქრისტიანი ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია ერქვა სახელად, კონსტანტინოპოლი იყო მისი დედაქალაქი, დღეს სტამბულად წოდებული. დღევანდელი ჩრდილოელი მეზობლისა არ იყოს, არც მასთან გვქონდა მთლად კეთილი მეზობლობა, უხშირეს შემთხვევაში მტრობა იყო ჩვენ შორის, თუმცა ყოფილა დრო, საერთო მტრის წინააღმდეგაც გავერთიანებულვართ. დავით აღმაშენებლის წინამორბედი ქართველი მეფეები ბიზანტიის იმპერიის ვასალებად იწოდებოდნენ. დიდი იყო ბიზანტიური კულტურის, რელიგიის პოლიტიკის გავლენა იმდროინდელ საქართველზე. ტრაგიკულად წარიმართა ამ უძლიერესი იმპერიის ბედი: ჯერ ჯვაროსნებმა გატეხეს წელში, მერე ოსმალებმა დაამხეს საბოლოოდ და კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს მის არსებობას. დღევანდელი სტამბულის ქუჩებში, მის სანაპიროებზე ვითარდებოდა ეს მოვლენები, აქ დღესაც გრძნობ კვალს უდიდესი კულტურისა და ტრადიციებისა, ახლა რომ მინარეთებით ჩაუნაცვლებია მომხდურს. კიდევ გრძნობ იმას, რომ შენ გვერდით საუკუნეებს ვერ გაუძლო ამხელა იმპერიამ და შენ დგახარ ყველაფრის მიუხედავად, მოდიხარ და მოგაქვს დღემდე შენი კულტურაც, ზნეობაც, სახელმწიფოებრიობაც. კიდევ ერთხელ ხვდები, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და რომ უფლის განსაკუთრებული წყალობა და მფარველობაა შენს ქვეყანაზე. კარგი იქნება იმასაც თუ მივხვდებით, რომ ამ წყალობას დანახვა და დაფასება უნდა.დალოცვილი იყავი, ჩემო ქვეყანავ!

***

ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდი, რომელიც ალბათ ყველას გადაგვხდენია:როცა გეტკინება, როცა დაეცემი და ძალიან გჭირდება ის - მეორე ადამიანი, რომელიც შემოგეშველება, შენს ჯვარს იტვირთავს შენთან ერთად, წყალსაც მოგაწვდის, სიარულში მოგეხმარება, მაგრამ ის - მეორე - გაცლას ამჯობინებს, შენი ჯვრის სიმძიმეს გაექცევა, მსუბუქად სიარულს აირჩევს... მერე როგორღაც, უფლის შეწევნით წამოდგები, წელში გაიმართები და ისევ განაგრძობ გზას... მიდიხარ... მიდიხარ... და უცებ... გზაზე შემოგხვდება ის, მეორე - თავადაც დაცემულა, სიმწრის ოფლი სდის... არაფრის ძალა აღარ შესწევს...აი, აქ უნდა შეძლო და გვერდით არ ჩაუარო, უნდა შეჩერდე, წამოაყენო, მხარი შეაშველო და დაანახვო, როგორ უნდა მოქცეულიყო... ის კი არ აგრძნობინო - აბა თუ კარგი იყო როგორც მოიქეცი, თავადაც გამოსცადეო...სულაც არ არის ძნელი ადამიანობა, თუ გულში უფლის სიყვარულია...

***

მთელი მსოფლიო სანთლით ეძებს სიყვარულს: ეძებენ ქმრები, ცოლები, შვილები, დედები, მამები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, მეგობრები... ერთმანეთის სიყვარულს ეძებენ და ვერ გაუგიათ, სად გაქრა, რატომ ვეღარ პოულობენ! ჰგონიათ, რომ არ გაუმართლათ, თორემ სადღაც სხვაგან აუცილებლად აღმოაჩენენ იმას, რასაც ეძებენ... ზოგი დეპრესიაშია, ზოგი - უარესში... ეჭვის თვალით უყურებენ ერთმანეთს... აღარ სჯერათ სიკეთის, გულწრფელობის... ერთმანეთის აღარაფერი სჯერათ... ცარიელდება სამყარო... სული ეცლება... საით მიდიან უსიყვარულოდ დარჩენილი - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!!!

***

სულ სადღაც გვინდა წასვლა, სულ სადღაც მიიწევს სული, იქ - სადღაც უკეთესია: ვინც ღარიბია, ჰგონია, რომ სიღარიბეს გაურბის, ვინც მდიდარია, მანაც ვერ შეიქმნა სრული ჰარმონია ამ წუთისოფელში, რაღაც ვერ არის ისე, რაღაც აკლია სრულყოფილებას, ვისაც შვილი არ ჰყავს, ჰგონია, რომ უშვილობაა მისი დარდის მიზეზი, ვისაც შვილები ჰყავს, მათზე დარდმა და საფიქრალმა დაუკარგა მოსვენება, ვისაც სამსახური არ აქვს, უმუშევრობას აბრალებს თავის მოუსვენრობას, ვინც მუშაობს, ის საქმემ დაღალა; პროფესიას ავირჩევთ და მალევე ვხვდებით, რომ რაღაც სხვა გვინდოდა თითქოს; ცივა და სიცივემ შეგვაწუხა, ცხელა და სიცხეს ვეღარ ვუძლებთ... სულ გავრბივართ, სადღაც უკეთესია... იქ, სადაც არ ვართ, სადღაც არის სიმშვიდე და სიხარული... და იქნებ იქ, სიმშვიდეში ყოფნას არსად გაქცევა არც უნდა? იქნებ უბრალოდ გულში უნდა ჩავიხედოთ, საკუთარ გულში... იქნებ ჩვენს გულში არ არის ადგილი სიყვარულისთვის? იქნებ ვერ გავუღეთ გულის კარი მადლსა და წყალობას?ყველას გისურვებთ სიმშვიდეს და დიდ სიყვარულს, ჩემო კარგო მეგობრებო! მადლი უფლისა იყოს ჩვენ ზედა!

15 თებერვლიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-19 ტომი! არ გამოგრჩეთ!

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე