ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: "ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: "ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"

ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როდესაც არ უნდათ საკუთარი შინაგანი სისუსტის გამოვლინება და უნდათ, რომ სულ იყვნენ შეტევაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის დანიშვნა ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა და ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გაგრძელება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იქნება.

"ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები რომ შევაფასოთ, ღარიბაშვილის მეორედ დანიშვნა არის ივანიშვილის პირადი ტრაგედია. მას მართლა სურდა, რომ რაღაც პროფესიული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი შეექმნა, მაგრამ წასვლა-მოსვლაში ატარებს თავის წუთისოფელს.

ღარიბაშვილის დანიშვნა ნიშნავს სახელისუფლებო აფექტს, როდესაც არ უნდათ საკუთარი შინაგანი სისუსტის გამოვლინება და უნდათ, რომ სულ იყვნენ შეტევაში

ქორების ფრთამ გაიმარჯვა და ურა პატრიოტიზმზე აგებული ძალისმიერი პოლიტიკის გატარებას აპირებენ. ახლა ყველა მთავარი ქორი გამოიყვანეს არენაზე და ვინც დღეს ქორობანას თამაშობს, წინა ხელისუფლების დროს ბუჩქებში ისხდნენ. ხელისუფლებაში მყოფები თავის პოზიციონირებას ახდენენ, თითქოს მაგარი ბიჭები არიან და ძალიან გაერთნენ ამ მაგარი ბიჭობანას თამაშში.

მათ ელექტორალური ბაზა აღარ აქვთ, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ შედეგი იყო განპირობებული ორი ადამიანის მიერ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია. დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან დარჩენილი, მაგრამ ფრენა არ იციან, ეს თვალების ფრიალი მათთვისვე დასრულდება ძალიან ცუდად. რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფალი, ამით სახელმწიფო დაზიანდება და თვითონაც ვერ იქნება არხეინად. აბრიალოს თვალები და დაველოდოთ შედეგს, რა მოყვება ამ თვალების ბრიალს. ამ ხალხმა ხელის გადაგრეხვის გარდა არაფერი არ იციან, გახარია წავიდა რადგან დაინახა, რომ სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი ინსტრუმენტი ამ ხელისუფლებაში არ არის პოპულარული“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მითი აღმოჩნდა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მისი გადაწყვეტილებაა.

როგორც დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ღარიბაშვილის წარდგენა ივანიშვილის მხრიდან, შესაძლოა, იყოს სიგნალი - „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა - იმას, მინდა, ისევ უკან გავწევ“.

„მითი ივანიშვილის წასვლაზე მითი აღმოჩნდა, გაზვიადებული აღმოჩნდა მისი დანაბარები. ეს მისი გადაწყვეტილებაა. „ოცნების“ შიგნითაც ღარიბაშვილი აღიქმებოდა როგორც ივანიშვილის მოურავი, მისი არცთუ სუფთა ოცნების განმახორციელებელი და ისევ ის მოიყვანეს. ეს აჩვენებს, რომ „ოცნება“ მთლიანად გამწვავებაზე მიდის.

ვის უნდოდა შიგნით, ვის არ უნდოდა და როგორ ხედავს, ამას კალაძე ან კობახიძე, არ ვიცით, მაგრამ, როგორც ივანიშვილმა თქვა, ეს იქნება და მიდის კოფრონტაციაზე. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის საერთაშორისო რეზონანსი, რეაგირება იქნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ წარადგინეს პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, დარჩიაშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ივანიშვილმა ვერ დაინახა შესაძლებლობა, რომ კობახიძის პრემიერობის შემთხვევაში მისი ნება აბსოლუტურად გატარდებოდა. მისივე თქმით, „აქცენტი აღებულია საქართველოს აქტიური მოქალაქეების იმ 10-15%-ზე, ვისაც ვერაფერი წარმოუდგენია ივანიშვილის მმართველობის გარდა“.

„ალბათ, კობახიძეში ვერ დაინახა ის მიზანდასახულობა, რომ აბსოლუტურად გატარდებოდა ივანიშვილის ნება. ეს, შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდების თემა იყოს. ვფიქრობ, კობახიძეს უკეთ ესმის, რა არის საერთაშორისო კონტექსტი, ღარიბაშვილთან შედარებით მაინც. რას ეუბნებიან ელჩები. ამის მოსმენის მეტი უნარი აქვს ღარიბაშვილთან შედარებით. ღარიბაშვილს არავისი, გარდა ივანიშვილის მოსმენის უნარი არ აქვს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით კი, გახარიას წასვლამ გამოაჩინა უთანხმოება, რომელიც მმართველ ძალაში არსებობს და ამ ნაბიჯით კრიზისის დუღილი შეაჩერა.

„ძალიან მძიმე ვითარებაა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შეეძლო აქამდე არ მიეყვანა სიტუაცია. თავი იჩინა იმ დაპირისპირებამ და მიუღებლობამ, რომელიც პოლიტიკაში არის. რაც დრო გადის, სამწუხაროდ, ქვეყნის აქტუალური პრობლემები ნელ-ნელა მეორე ფლანგზე გადადის.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურია ოპოზიცია, რომელიც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, მაგრამ არ გვეუბნება მოსვლის შემთხვევაში რა ტიპის ნაბიჯების გადადგმას აპირებს

რაც შეეხება გახარიას წასვლას ამ ფორმით, ამ წასვლამ გამოაჩინა უთანხმოება, რომელიც მმართველ ძალაში არსებობს. მეორეს მხრივ გახარიამ თავისი ნაბიჯით კრიზისის დუღილი შეაჩერა“, - აღნიშნა არეშიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, დაპირისპირება, რომელიც გახარიასა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის არსებობდა, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია კონსოლიდაციით მოაგვაროს, რადგან ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის მოუგვარებელი თემები არ არსებობს.

„ღარიბაშვილი ითვლება „ქართული ოცნების“ გუნდში ხისტ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია სიტუაციის ხელში დაჭერა, რომელსაც შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს გუნდში. გახარიასა და ხელმძღვანელობას შორის იყო საკითხები, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ და ეს გახარიამაც დაადასტურა. ღარიბაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის ასეთი მოუგვარებელი თემები არ არის. ღარიბაშვილი როგორც კი წავიდა, ის თემები, რომელიც დაკავშირებული იყო სანათესაოსთან, დამთავრდა და ის ადამიანები ახლა მასთან ერთად ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.

ღარიბაშვილის მიზნები უნდა იყოს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორება, რაც თქვა მან კიდევაც. პანდემიის პროცესი და ეკონომიკური ვარდნის შეჩერება და სხვა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, სტრუქტურულად რამდენად მოახერხებს ამის გაკეთებას

მას უფრო შეუძლია სახელისუფლებო პარტიული ვერტიკალი გააძლიეროს. საზოგადოების დიდი ნაწილი დაიღალა ამ პოლიტიკური თამაშებით, მას სჭირდება სარგებელი ნახოს და ქვეყანა იყოს ძლიერი. ეს უნდა საზოგადოებას და არა დაუმთავრებელი პოლიტიკური თამაშები, რომლის მთავარი რეჟისორი ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი არის“ , - განაცხადა არეშიძემ.

მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ობიექტურად რომ შეფასდეს, ირაკლი ღარიბაშვილის დროს ჩაეყარა საფუძველი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭოს, სწორედ მაშინ ბევრად უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე რომელიმე „ქართული ოცნების“ სხვა პრემიერის დროს ამ კუთხით.

ბოძაშვილის თქმით, მის დროს მოხდა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება და მისი ფორმალური ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის ფორმულირება.

„სამივე საკითხი, გარდა საარჩევნო და სასამართლო თემატიკებისა, მნიშვნელოვანია და გარკვეულ გამოწვევებს მოიცავს. პირველი შემთხვევაში მისაღები და განსასაზღვრია ქვეყნის საერთო ეროვნული ხედვა, რათა ქვეყანა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობიდან სწრაფად ამოვიდეს. შესაქმნელია ცალკე სპეციალიზირებული უპორტფელო სამინისტრო, რომელიც ამ სტრატეგიებს განახორციელებს.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველაფერს მოიცავს, დაწყებული ეკონომიკური განვითარებიდან, დასრულებული ტექნოლოგიური სუვერენიტეტით. ამ კუთხით თითქმის არაფერია გაკეთებული

მეორე შემთხვევაში ასოცირების განხორციელება ვერ პასუხობს სათანადო მოთხოვნებს და სრული გადახალისებაა საჭირო საკადრო და მიდგომითი თვალსაზრისით და მესამე შემთხვევაში გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენის 4 თებერვლის მემორანდუმი სექსუალურ უმცირესობათა უფლებების განსაკუთრებული დაცვის კუთხით და ამ მემორანდუმის პარტნიორ ქვეყნებში განხორციელების უზრუნველყოფა, რომლის დარღვევის გამო მემორანდუმის მიხედვით ამერიკის ადმინისტრაცია ვალდებული იქნება დააწესოს სანქციები, შეწყვიტოს დაფინანსება და შეამციროს სხვა პარტნიორული გეგმები. ამიტომ, ეს შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს მისთვის.

იგივე ეხება სასამართლო და მთლიანად მართლმასჯულების სისტემის რეალურ რეფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმით მნიშვნელოვანია პარტნიორი ამერიკისთვის, როგორც დემოკრატიის რეალური საზომი.

მოველი, რომ სამთავრობო გუნდის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიცვლება და ეს კარგია, რადგან მოსახლეობაში დიდია ანტისტაგნაციური მოთხოვნები და ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება ახალი მიდგომები“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია, რომელსაც „პულსი ძლივს ესინჯებოდა“, პოლიტიკაში დააბრუნა.

"ღარიბაშვილი არის ხისტი პოლიტიკოსი, ძალიან მკვეთრი და პირდაპირი. გახარიას გადადგომის შემდეგ შეიქმნა სრულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება, ოპოზიციამ ჩათვალა ეს როგორც გამარჯვება, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუს-კვოს აღდგენა მოინდომა და სწორედ ის პიროვნება წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც პირველივე გამოსვლაზე განაცხადა, რომ სამართალი იქნება აღსრულებული. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ პროცესი წავიდოდა უფრო ღრმად და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მიუხედავად ამ ნაბიჯისა, საკმაოდ შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ჩვენს პარტნიორებში. ისინი საუბრობენ ორივე მხარეზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას

ნოემბრიდან-დღემდე როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა სრული მხარდაჭერა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული და პოლიტიკური თვალსაზრისით პულსი ძლივს ესინჯებოდა, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააბრუნა ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ პოლიტიკაში. თუ ხელისუფლება ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას. ღარიბაშვილი ნამდვილად არის ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გამტარებელი, გამომდინარე მისი მოღვაწეობიდან. მინდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გაითვალისწინებს იმას, რასაც პარტნიორები ურჩევენ და დიალოგისკენ წაიყვანს საქმეს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ეს მიდგომა შეიცლება.

"რეალურად გადაიდგა პოლიტიკური ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ქართული პოლიტიკური სპექტრი შეიცვალება. შეიცვლება მმართველი პარტია და შეიცვლება ოპოზიცია. შეცვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა ნიშნავს სტილის შეცვლას, რაც გამოიხატება იმაში, რომ უფრო მკვეთრი ქცევა ექნება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ღარიბაშვილის დაბრუნებით უფრო მკვეთრი ხაზი გაივლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხშირად ასეთი ზღვარი წაშლილი იყო.

ისეთი შემთხვევები როგორიც იყოს ლოიალობა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ უსამართლობაში შემჩნეული და არ დადგა სამართალი მათ მიმართ, ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება

შესაძლოა, ღარიბაშვილისა და პარტიის ხაზი იყოს ერთმანეთან ჰარმონიაში და არ გამოიწვიოს ისეთი პრობლემა, რაც გახარიასთან. ირაკლი ღარიბაშვილის ხელწერა გამოვლინდება ისეთ მოვლენებში, როგორშიც გამოვლინდა თავდაცვის მინისტრობის დროს მისი ხასიათი. მან დავით გარეჯის საკითხი წამოწია და შეიძლება ითქვას, რომ მფარველობდა კიდეც“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გუშინვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

"პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას?!" - როგორ ეხმიანებიან ოპოზიციაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე