ავტორი:

"ივანიშვილი თვითონ არჩევს თავის მემკვიდრეებს... "ნაცმოძრაობა" კი სააკაშვილის კვაზიმესიანისტურ დაბრუნებას ესწრაფვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"ივანიშვილი თვითონ არჩევს თავის მემკვიდრეებს... "ნაცმოძრაობა" კი სააკაშვილის კვაზიმესიანისტურ დაბრუნებას ესწრაფვის" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

"კავკასიაში 2021 წლისათვის პირველი პოლიტიკური არასტაბილურობა გამოვლინდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მართალია, მისი მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ როგორც ჩანს, მას რაიმე "საფრთხე არ ემუქრება“ - იგი საქართველოს რიგით მეექვსე პრემიერ-მინისტრი იქნება ბოლო რვა წელიწადში. ისინი ყველა, გადამდგარი გიორგი გახარიას ჩათვლით, ერთი და იგივე პარტიის - "ქართული ოცნების“ წევრები არიან, რომელიც პარლამენტზე კონტროლს 2012 წლიდან ინარჩუნებს“, - ასე იწყება ბრიტანულ ჟურნალ "სპექთეითორში" («The Spectator») გამოქვეყნებული სტატია, რომლის სათაურია: "დასავლეთი უნდა შეშფოთდეს, რომ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა უარესდება“ (ავტორი - ტიმ ოგდენი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს ხელისუფლებაში "ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, მილიარდერის პრემიერობას, პოლიტიკიდან მის წასვლას და იმავდროულად ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნებას: "ბევრი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ არჩევს თავის მემკვიდრეებს, ამიტომ პრემიერების "გადადგომა“ მოჩვენებითია და უფრო სამსახურიდან გათავისუფლებას მოგვაგონებს. გიორგი გახარიას ნებაყოფლობითი წასვლაც ამ კონტექსტით განიხილება, თუმცა მისი მტკიცებით, გადადგომა პარტიაში მომხდარმა კონფლიქტმა გამოიწვია: პრემიერ-მინისტრს მძიმეწონიანი ოპოზიციონერის ნიკანორ მელიას დაპატიმრება არ სურდა - ისედაც მწვავე სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევსო, მაგრამ გუნდის წევრები სწორედ დაპატიმრებას ითხოვდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მესამედ მოიპოვა. შეიძლება ითქვას, ორი ვადის განმავლობაში პარტიაში რაიმე მნიშვნელოვანი უთანხმოება არ მომხდარა, მაგრამ ქვეყნის მმართველობის პერიოდი რიგი დარღვევებით აღინიშნა, განსაკუთრებით ეს სასამართლოს სფეროს ეხება. მიღებული იქნა სადაო გადაწყვეტილებები, მაგალითად, მღვდელი გიორგი მამალაძის მიმართ - ბევრის აზრით, მის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილი იყო.

"ანტისამთავრობო ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში 2019 წლის ზაფხულში, რომელიც "ქართული ოცნების“ გადადგმულმა ნაბიჯმა გამოიწვია (რუსეთის სათათბიროს დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მიწვევის გამო). პოლიციის მიერ აქციის დაშლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. იმავე ხანებში გაჩნდა ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, მოსკოვთან კავშირებს ჩუმად ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება“ ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს აგრძელებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მიიღეს, მმართველი პარტიის მთავრობის სულ უფრო ანტიდემოკრატიული ქცევა ოპოზიციის მიერ დასავლური ნორმების უგულვებელყოფად განიხილება.

ჯერჯერობით ამჟამინდელი მთავრობა ახერხებს პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნებას, რაც ძირითადად განპირობებულია ოპოზიციის დაქუცმაცებით: ბევრი ანტისამთავრობო პარტია ძალიან სუსტია და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ორი მსხვილი პარტია აგრძელებს დომინირებას - "ქართული ოცნება“ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავისი ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კვაზიმესიანისტურ დაბრუნებას ესწრაფვის. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ამ საკითხში პარტიისადმი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან აშკარად ნაკლებია.

დასავლეთს, თავის მხრივ, საქართველოში სტაბილური დემოკრატიის შენარჩუნება სჭირდება. კავკასიის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ის ისევ ევროპასა და აზიას შორის არსებულ ჭიშკარს წარმოადგენს, როგორც ისტორიულად იყო: სწორედ ამის გამო ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობას ომაიანთა სახალიფო, თემურიდების იმპერია, ოტომანთა იმპერია, სპარსეთი, რუსეთი... კავკასიურ ქვეყანას სხვადასხვა დროს რუსეთი და სპარსეთი აკონტროლებდა, მაგრამ ახლა საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის ზღვიდან თურქეთისაკენ მიმავალ ნავთობ და გაზსადენებს დღეს ვერც რუსეთი და ვერც ირანი ვეღარ აკონტროლებენ. ეს იყო იმ მხარდაჭერის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომელსაც დასავლეთი უწევდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

თურქეთი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, თუ რატომ უნდა იზრუნოს დასავლეთმა საქართველოზე. როგორც ჩანს, უკვე წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მცირეაზიური თურქეთი, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთის სამხრეთი ფლანგის სტრატეგიულ სიახლოვეს მდებარეობს, დასავლეთის ერთგული მოკავშირე იყო. რეჯეფ ერდოღანის ისლამისტურმა და ნეოოსმანურმა მთავრობამ გვაჩვენა, რომ ეს ქვეყანა დასავლეთის მარადიულ პარტნიორად ვერ იქნება. ამიტომაც ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა გააცნობიერონ, რომ დროა თურქეთის ტერიტორიიდან თავიანთი რეგიონული სტრატეგიული აქტივები მოაშორონ.

საქართველო კავკასიისა [და მცირე აზიის] რეგიონში დასავლეთის ერთადერთი ნამდვილი მეგობარია, თუ, რასაკვირველია, "ქართული ოცნება“ თავის მთავრობას რუსეთის მომხრეებით არ გატენის (რისი ძახილიც ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ).

როცა საქართველოში დემოკრატიის საკითხში სიტუაცია უარესდება, ამაში ბრალი, ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, ალბათ, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც მიუძღვით: "სტაფილო“ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სატყუარას სახით ქვეყნის წინაშე უკვე ორი ათეული წელია მაცდუნებლად ირხევა, მაგრამ ამ საკითხის რეალიზება მუდმივად გადადების პროცესშია, თანაც სულ უფრო ნაკლებად დამარწმუნებელი მიზეზებით.

როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, დასავლეთის მთავრობების მიერ გამოხატული "ღრმა შეშფოთება“ ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს დესპოტებისა და დიქტატორების ქცევაზე. ამიტომ საქართველოს სტიმულირებისათვის რაღაც სხვა უნდა გაკეთდეს - ვთქვათ, დადგინდეს თარიღი, როცა ეს ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. ჯერჯერობით კი საქართველოს, ავღანეთში ნატოს ძალების მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში ჯარისკაცთა დანაკარგების გამო (37 დაღუპული და 300-მდე დაჭრილი), მხოლოდ ქებას უთვლიან და მომზადების ახალ პროგრამებს სთავაზობენ... თუმცა ვერც ერთი და ვერც მეორე ქვეყნას რუსეთის აგრესიული მოქმედებებისაგან ვერ დაიცავს.

დღეს, როცა მსოფლიოში "კოვიდ-19“-ის ეპიდემია მეტ-ნაკლებად უკვე კონტროლდება, ხოლო ბრექსიტისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პოლიტიკური შედეგები ნელ-ნელა წარსულში გადადის, დასავლეთის ქვეყნებმა თავიანთი საგარეო პოლიტიკა, ალბათ, ისევ წინა პლანზე უნდა წამოსწიონ. თუ ასე მოხდება, მაშინ დასავლეთს საზღვაგარეთ საიმედო მოკავშირეები დაჭირდება. როგორც ისტორია გვაჩვენებს, კავკასიას ისეთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ მისი იგნორირება დაუშვებელია“, - ხაზს უსვამს ავტორი სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზდა სიმონ კილაძემ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ - ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი" - ელისო ბოლქვაძე

რას წერს გიორგი გახარია "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს? - ყოფილი პრემიერის პოსტი