ავტორი:

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს

"ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია, აპლია ვაჭრობისთვის მზად არის" - აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაური რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
  • ფოტოზე: ბესარიონ აპლია

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყვეტილია, ამასთანავე ტაძრები ღია რჩება მრევლისთვის”, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, "სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის" მეთაურმა ბესარიონ აპლიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში. რეგიონში ყველასთვის ცნობილია, აპლია აფხაზური ეკლესიის პრორუსული განშტოებაა და მოსკოვის მითითებებს ასრულებს. შესაბამისად, ის ვერ სარგებლობს ისეთივე ავტორიტეტით, როგორც ბანაკის მეორე მხარეს მყოფი დოროთეი დბარი, რომელსაც "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" მეთაურის სტატუსი აქვს.

ცნობისთვის, სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირებში 2011 წლიდან განხეთქილებაა - დბარი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღდგეს, ამის მისაღწევად გრძელი გზის გავლაა საჭირო, კონკრეტულად, მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლის უფლების მოპოვება.

ბესარიონ აპლია და მისი გუნდი ირწმუნება, რომ ისინი რუსული ეკლესიის წიაღში ბევრად უსაფრთხოდ იქნებიან და მათ ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობაც უჭერს მხარს.

"ვიმედოვნებდით და ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის სიტუაციას გადაწყვეტს, ლაპარაკია, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსზე. ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენც არ ვყოფილვართ მისი ნაწილი და არც ვიქნებით”, - განუცხადა ადგილობრივ მედიას აპლიამ.

ის იმედოვნებს, რომ რუსეთის საკუთარ ეპარქიებში გამგზავრებული აფხაზეთში მოღვაწე მსახურები მიმართავენ პატრიარქ კირილს და "აფხაზეთში კანონიკური სტატუსით დაბრუნდებიან”.

ბესარიონ აპლია:

"მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში იძულებით, კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე შეიყვანა და ეს საკითხი, ადრე თუ გვიან უნდა მოგვარდეს. ამიტომ იმედი მაქვს, მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს საეკლესიო ვითარებას და განსაზღვრავს მის სტატუსს... მე აქ ვმსახურობდი ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც, ამიტომაც საკათედრო ტაძარს კანონიკური უფლება გააჩნია", - ამბობს ის.

აპლიას ინიციატივას აფხაზეთში არაერთგვაროვანი მოსაზრებებით შეხვდნენ. მათ არ სჯერათ აპლიას კეთილშობილების და "აფხაზეთის ეკლესიის" გადარჩენის სურვილის. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესში შედის, რათა რუსეთს ერთგულება ამ მხრივაც დაუმტკიცოს, რაშიც აპლიაც ეხმარება, რომელსაც თუ გამოუვიდა, სტაბილური დაფინანსება ექნება.

გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას სოციალური ქსელიდან:

"საინტერესოა, რა აქვთ ჩაფიქრებული აპლიასა და კირილს... 30 წელია ამ რეალობაში ცხოვრობს ადგილობრივი ეკლესია და ახლა გახდა მიუღებელი? ამ პატარა აფხაზეთში ათი წელია ეკლესიას ორი წინამღვარი ჰყავს და ამას იტანდა რუსეთი და ახლა რა მოხდა ასეთი, რა საფრთხე გვემუქრება თუ მათ წიაღში არ ვიქნებით, ვერ გადავრჩებით? კი ვიცით, რაც მოხდა, მაგრამ მაინც - მარწუხების სხვა მხრივ მოჭერის დრო დადგა. სხვა საკითხია, ჩვენ რა გველოდება ამდენი არამზადის ხელში...”,- წერს გიორგი შულცი.

"ძალიანაც კარგად იქცევა აპლია, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას წერტილი ყველაფერს... ახლა გამოჩნდება მსოფლიო საპატრიარქო როგორ მოიქცევა - რუსეთის პირისპირ დაგვტოვებს თუ საქართველოსი... შესაბამისად, ჩვენც გვეცოდინება, ვისი იმედი გვქონდეს, დამოუკიდებელი ავტოკეფალიის თუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის. და ისიც გვეცოდინება, საით მიდვივართ...” - მიაჩნია მონიკა აბსავას.

"სისულელეებს ნუ წერთ... დოროთეი დბარი ნამდვილი პატრიოტია, აფხაზეთის ღირსეული შვილი და არა აპლიასავით პისტოლეტიანი არამზადა. როგორც ყოველთვის, საქმე ახლაც ფულშია - აფხაზეთის ეკლესიამ დაფინანსება რომ მიიღოს, რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, რაც სურს აპლიას. ასე რომ, ვაჭრობისთვის მზად არის... რას ვიზამთ, ღმერთი იქ არის, სადაც სტაბილური შემოსავალია. ამ დროს კი, დოროთეი დბარი ცდილობს საკუთარი ძალებით იბრძოლოს აფხაზეთის ეკლესიის აღსადგენად... ეს იცის ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ მაინც აპლიას წირვა-ლოცვას აღიარებს. მასკარადი გრძელდება...” - წერს ოთარ ავიძბა.

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"მას ხაჯიმბას მოცილებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რაც ბჟანიამ დაუფასა, ახლა მთავარია, ბჟანიაც არ მოიცილოს" - ვინ არის და რატომ დააკავეს ახრა ავიძბა?

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია