ავტორი:

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გერმანიაში სამუშაო ვიზით სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა პირველ 24 საათში 53 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, სადაც გერმანიაში ჩასული მიგრანტების სამუშაო პირობებზეა ინფორმაცია მოცემული. პოსტის ავტორი, საქართველოში მცხოვრები გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ის ოთახი ჩანს, სადაც დასაქმებულებს უწევთ ცხოვრება.

"მხოლოდ 24 საათში 53 000-ზე მეტი ქართველი დარეგისტრირდა გერმანიის მინდვრებში სამუშაოდ. მათ იციან რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები? იციან, რომ თვეში 300 ევროს იხდიან, თან ოთახში კი არა, მხოლოდ საწოლში. ეს თანხა კი იჭრება ხელფასიდან დაუყოვნებლივ. პოლონელი ბიჭები იქ აღარ ჩადიან, რადგანაც მათ იციან რეალური პირობების შესახებ“, - ნათქვამია პოსტში.

აღნიშნული ფოტო სხვა სურათებთან ერთად ერთ-ერთ გერმანულ საიტზეა გამოქვეყნებული, სადაც მოცემულია ინფორმაცია შლეზვიგ-ჰოლშტაინის სასაკლაოსა და იქ არსებული სამუშაო პირობების შესახებ.

ეს ფოტოებიც სწორედ იქ, 2018 წელსაა გადაღებული. ინტერნეტში აღნიშნული სასაკლაოს შესახებ ინფორმაციას თუ მოიძიებთ, არაერთ სტატიას ნახავთ, სადაც ცუდი სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ წერია.

სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ იქ დასაქმებულებს ხვდებათ ხანგრძლივი სამუშაო საათები, მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები და ასევე ხშირია ხელფასის დაგვიანების შემთხვევები. dgb.de წერს, რომ ზოგადად, გერმანიაში ცხოველთა სასაკლაოების ინდუსტრია არღვევს მოქმედ შრომის კანონს ბევრი თვალსაზრისით.

კიდევ ერთი გერმანული საიტი mdr.de წერს, რომ წლების განმავლობაში პროფკავშირები მწვავედ აკრიტიკებდნენ აღმოსავლეთ ევროპიდან ჩასული მუშების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გერმანიაში - სოფლის მეურნეობაში, ხორცის ინდუსტრიაში და სხვა სექტორებში. გარდა მძიმე სამუშაო პირობებისა, ასევე საყურადღებოა ანაზღაურებაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში უსამართლოა და შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით ძალიან მცირე.

თუმცა საპირისპიროს ამბობს რუმინელი ენტონი, რომელიც თავის თანამემამულეებს გერმანიაში დასაქმებაში ეხმარება. მან უკვე 80-მდე რუმინელი დაასაქმა მოსავლის აღების სამუშაოებზე და ამბობს, რომ პირობები ნორმალურია. დაცულია ჰიგიენის ნორმები. მისივე თქმით, მუშები იზიარებენ ოთახებს. ერთ ოთახში კი მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი 8 მუშა ცხოვრობს.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 86 395-მა ადამიანმა გამოთქვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში” განუცხადეს, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 86 395 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

ეკატერინე ტიკარაძე, მეუფე შიო, კარლ ჰარცელი... - რა შეხვედრა მიმდინარეობს საპატრიარქოში

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს