ავტორი:

"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე

"მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება" - რა განცხადებები გააკეთეს მხარეებმა შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე

“ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია ისეთი შედეგის მიღება, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის.

"ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ დიალოგში მივიღოთ მონაწილეობა. "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესები წარიმართოს კონსტრუქციულ რეჟიმში, ვესაუბროთ ერთმანეთს, გვქონდეს დიალოგი და რა თქმა უნდა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ოპოზიციას მოლაპარაკებების შედეგად მოუწევს ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც აქამდე არ უფიქრია.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტს, მისი თქმით, „სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“.

„ცხელი დღეების პოზიტიური შედეგი ის იქნება, რომ შეიძლება ოპოზიციას მოუწიოს და მგონია, მოუწევს, ერთი რაციონალური ნაბიჯის გადმოდგმა მაინც. თუ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მოუწევს, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამან შეიძლება შეხების და გადაკვეთის წერტილები უფრო მეტი იპოვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, შედეგი იმ მოლაპარაკების, რომელიც ჩვენი მეგობრების ინიციატივაა, შეიძლება იყოს პოზიტიური, რადგან ოპოზიციას მოუწევს ახლა უკვე რაციონალური, ერთი ნაბიჯის გადმოდგმა მაინც, რაც აქამდე არც უფიქრია“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, "დაიწყო მედიაციის პროცესი, ვადაც განსაზღვრულია - ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს.

მისი თქმით, ყველა ძალისმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.

„ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიტვირთოს, დაინიშნოს ახალი არჩვენები, ქვეყანაში დამთავრდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აჰყავს.

"ჩვენ მოლაპარაკებების სრულიად სხვა სიბრტყეში გადავდივართ და შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა იქნება სრულიად სხვა პოლიტიკური დონის. ევროკავშირის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ზეწოლა შედეგს გამოიღებს და ამ ახალი განახლებული პროცესით მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ამ პოლიტიკური კირიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება. თქვენ იცით ჩვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები, ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ეს არის პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან წარმოუდგენელია. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი.

ჩვენი პოზიცია ცნობილია, თუ არ მოხდება მხარეების პოზიციების დაახლოება, ცხადია, ვერანაირი პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს. ვაგრძელებთ მწვავე პროტესტს მიტაცებული არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩნდება სივრცე იმისთვის, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს ისე, რომ გამარჯვებული არ დარჩეს ის სახელმწიფო, რომელსაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და გამწვავება სურს და ზოგადად, ქვეყნის დესტაბილიზაცია. ასეთი სახელმწიფო არის ერთადერთი და მას ჰქვია რუსეთი", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, მოლაპარაკებები ახლა იწყება. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან გზავნილები იგივე იქნება.

"იგივე გზავნილები იქნება, რაც აქამდე იყო. მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა, მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით კი, შარლ მიშელის ინიციატივამ ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, არსებული რეალობა შეცვალა.

„ასეთი რანგის ევროპელი სტუმრის შემოთავაზებამ შეხვედრის შესახებ და მისმა მზადყოფნამ, რომ პირადად ჩაერთოს ამ დიალოგში და აიღოს შუამავლის ფუნქცია, შექმნა ახალი რეალობა და შექმნა იმის შანსი, რომ მიუხედავად ნიკა მელიას დაკავებისა, რითაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად დახურა დიალოგის კარი და პერსპექტივა, დღეს ეს შეხვედრა შედგეს. ამიტომ შევდივართ ამ შეხვედრაზე.

პირველი, რაც იქნება ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა, ეს არის ნიკა მელიას გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, რთულს, მაგრამ იმ სტატუს-კვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით პოლიტიკურ თემებზე საუბარს. ეს სტატუს-კვო ხელისუფლებამ ამ კვირაში ნიკა მელიას დაპატიმრებით დაანგრია. ამიტომ, პოლიტპატიმრების საკითხი იქნება პირველი თემა, რასაც შემდეგ გადაწყვეტის შემთხვევაში, უნდა მოყვეს ყველა სხვა საკითხი. ბუნებრივია რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეკითხვაზე, როდის შეიძლება მიაღწიონ მხარეებმა შეთანხმებას, ბაქრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დამოკიდებულია ხელისუფლებაზე.

„დამოკიდებულია ხელისუფლების მზადყოფნაზე და იმაზე, რამდენად ესმით ჩართულ მხარეებს რამდენად მძიმე და კრიზისული ვითარებაა ქვეყანაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით ხელისუფლების წევრებს შეხვდეს, თუმცა, მისივე თქმით, „მმართველ გუნდთან შეხვედრის შედეგად პოლიტპატიმრები სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ“.

„ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ეს წინადადება ჩვენი მაღალი რანგის ევროპული სტუმრისგან. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ოპოზიცია მზად არის ამ პროცესის სწრაფად დაწყების და დღესვე შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველას ესმის, რომ ეს პროცესი ვერ იქნება რუტინა, პარალელურად პოლიტპატიმრები ციხეში ვერ ისხდებიან.

შეხვედრამ შედეგად უნდა გამოიღოს პოლიტპატიმრების სწრაფად გათავისუფლება და რეალური საქმიანი საუბრის დაწყება ვადამდელი არჩევნებისკენ სვლაზე.

ევროკავშირის ასეთი მაღალი თანამდებობის პირის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია.

მისი საჯარო გზავნილები, რაც მოვისმინეთ, პირდაპირ იყო აღწერა იმ რეალობის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი უარყოფდა. პოლიტიკური კრიზისია, რაც მან თქვა.

მეორეა, სასამართლოს პრობლემა და კონკრეტული საქმეები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე საუბარი ვერ იქნება განმუხტვაზე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის ორბელიანების სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, "დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას" - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი