ავტორი:

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ, ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.

„დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცაგერის მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგია, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტი გარემოსთვის საფრთხის შემცველია. ეკონომიკის მინისტრის საუბრის პარალელურად რამდენიმე მოქალაქემ კულტურის სახლის დარბაზი დატოვა.

„ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე გვესაუბრებით?!“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას, რის შემდეგაც დარბაზიდან გავიდა.

კითხვაზე, იყო თუ არა ბოლო 4 თვის განმავლობაში „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში ჩატარებულ სამუშაოები უკანონო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონის მიხედვით ახდენს რეაგირებას.

„ჩვენ კანონის მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას. როდესაც საჭიროა რეაგირება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, არამხოლოდ დასაწყისში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და მკაცრები, კანონის მოთხოვნის სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს ჩვენი ყველა სამსახური“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საზოგადოებასთან საუბარი მომავალშიც გაგრძელდება.

„რაც არ უნდა კარგი პროექტი და გადაწყვეტილება არსებობდეს, თუ არ იქნება პროცესში მუდმივი და ხარისხიანი მონიტორინგი, მათ შორის, საჯარო და საზოგადოებრივი ჩართულობა, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ საუკეთესო შედეგს. იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვექნება მაქსიმალური ჩართულობა, ეს არის ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ამ საუბრებს მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აინტერესებდათ ეს არის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია, რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა გარემოსდაცვითი ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი“, - აცხადებს დავითაშვილი.

როგორც თურნავამ განაცხადა, „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს.

"ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებსაც“ შეხვდებიან.

„ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს. ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

„პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია ჩვენს შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედიაც სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში აქცია გამართეს. 4 მარტის კი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა, რა დროსაც მინისტრებს ლევან დავითაშვილსა და ნათია თურნავას ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

გერმანიის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

რომელი პროდუქტები გაძვირდა ბოლო 1 თვეში და როგორია ფასების მატების წლიური მაჩვენებლები