ავტორი:

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

ეკა ჟვანია თითქმის ორი ათეული წელია რაც პოლიტიკოსების პიარზე მუშაობს. ამ წლების მანძილზე იყვნენ სხვადასხვა სახეები, პარტიები. თუმცა პრობლემები ხშირად ერთი და იგივე რჩება და პიარის სპეციალიტს, პოლიტიკოსის პიარის პარალელურად, მის იმიჯზე ზრუნვაც უწევს.

ეკა ჟვანია ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მაგალითებზე ხშირად ესაუბრება სტუდენტებს. AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში კი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების იმიჯზე და მათ გარშემო აგორებულ სკანდალებზე საუბრობს, რომელიც მათ ძვირადღირებულ ქურთუკებს ან შეუსაბამო იმიჯს მოჰყვა.

- ეკა, როგორია პოლიტიკური "დრეს კოდი", რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ყოველდღიურობაში პოლიტიკოსის ჩაცმულობა?

- შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ წინა მოწვევის პარლამენტში აპირებდნენ "პოლიტიკური დრეს კოდის" რეგულირებას, ვისაც ეს თემა ახსოვს, რეგულაციები რატომღაც მხოლოდ ქალებზე მოდიოდა. აკრძალული იყო მუხლსზემოთ სამოსი, დეკოლტე, ასევე ჭრელი და გამჭვირვალე ტანსაცმელი. სავარაუდოდ, რადგან აქამდე კაცები შორტებითა და სანდლებით პარლამენტში არასდროს შეუნიშნავთ, არც დაუწესებიათ რაიმე სახის რეგულაცია. მადლობა ღმერთს ბობოქარი პოლიტიკური მოვლენების და სხვა დინამიური პორცესების გადამკიდე ამ რეგულაციებმა ფეხი ვერ მოიკიდა და დავიწყებას მიეცა.

პასუხი კი ძალიან მარტივია, როგორ უნდა ეცვას პოლიტიკოსს? - ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვა დასაქმებულ ადამიანს საჯარო სამსახურში. ცალკე საკითხია შეხვედრებზე, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან როგორ უნდა ეცვას პოლიტიკოსს, ზოგი თავად ხვდება და ალღო აქვს, ზოგს ჩვენი იმიჯმეიკერების კონსულტაცია სჭირდება.

- ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გარეგნულ იმიჯზე, მათ შორის არის ნინო ბურჯანაძე, სხვა ვინ გახსენდებათ, ვინც ამდენი იმუშავა საკუთარ სტილზე?

- სხვათაშორის ძალიან სწორად იმოსებოდა ერთი პერიოდი ზვიად ძიძიგური. ეროვნული სამოსი, მისი პარტიისა და პოლიტიკური ორიენტაციის გამოხატულება იყო და ცხადია მის მხარდამჭერებს ეს დამატებით სტიმულს აძლევდათ მოსწონებოდათ, მოესმინათ, გაჰყოლოდნენ. პოლიტიკურად შემოსვა დაიწყო ზურა ჯაფარძემ, აგრეთვე თავის ელექტორატის გემოვნებაზე გათვლით - ჰუდები, შორტები, ახალგაზრდული სტილი.

სადაც ბურჯანაძე გაიხსენეთ, იქვე ეკა ბესელიაც მახსენდება, მასაც აქვს დიდი ზრდა ბოლო წლებში, თავის წინა პერიოდის სტილთან შედარებით. ზოგადად აქსესუარებით, სამკაულებით გადატვირთვა, რუშები, მაქმანები, დიდი ზომის მკვეთრი პრინტი, მამაკაცებში დიდი კუბოკრული ჭრელი შარვლები ან პიჯაკები, არც ოფიციალურ სივრცეს უხდება, არც მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ზოგადად ასე გამოწყობილი პოლიტიკოსი ორი სიტყვით რომ ვთქვათ, არასერიოზულად აღიქმება ელექტორატისთვის. ადამიანები ინფორმაციას იღებენ ჯერ თვალით და მერე ყურით. ან თავისიანად მიიღებს ან გაღიზიანდება.

ერთ პოლიტიკოსს ვეხმარებოდი და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა დავუგეგმეთ. შეხვედრაზე ამ ადამიანების ბარაკების ზომის უზარმაზარი მანქანით მოვიდა. გამოსასვლელი ფეხსაცმელი ეცვა, თეთრი პერანგი და ძვირადღირებული აქსესუარები ეკეთა. სასწრაფოდ მოგვიწია ჩვეულებრიც მანქანაზე გადასმა, სპორტული ფეხსაცმლით, ჯინსითა და ლურჯი მაისურით გავუშვით შეხვედრაზე. უცნაური ის იყო, რომ თავისი პარტიის პიარის რჩევა იყო პირვანდელი ჩაცმულობა, მათი თქმით, ასე მასაში კარგად გამოჩნდებოდა. ასე რომ, ბევრი პოლიტიკოსის არაადექვატური ჩაცმულობა ყოველთვის მათი „დამსახურებაც“ არ არის, მრჩევლების შეცდომის ან არაკომპეტენტურობის ბრალი შეიძლება იყოს.

- ჩამოგვითვალეთ ის ნივთები, რომლებსაც აკრძალავდით ქართველი პოლიტიკოსების გარდერობში...

- ზოგადად აკრძალვების წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, თვითონ თუ არ აქვთ ინტუიცია როდის, რა სტილის სამოსი ჩაიცვან, აუცილებლად უნდა მოუსმინოს მის იმიჯმეიკერს, რომელიც სწორად შეურჩევს სტილს სიტუაციის დამიხედვით.

- უახლოესი წარულიდან კარგად გვახსოვს გამოხმაურება ნიკა მელიასა და ანუკი არეშიძის ქურთუკზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად აღშფოთდა მაშინ საზოგადოება?

- სრულიად უსამართლო აღშფოთება იყო. ანუკისაც და ნიკასაც სიტუაციის შესაბამისი ქურთუკები ეცვათ. რა ბრენდისა და რა ღირებულების, ვისაც ხვდებოდნენ იმ ადამიანებმა არ იცოდნენ. თუ ვინმე ბრენდს იცნობდა, არც ეგ იყო პრობლემა. როგორ წარმოუდგენიათ კრიტიოსებს, ნიკას ან ანუკის ბაზრობაზე ნაყიდი ჩინური, იაფასიანი ტანსაცმელი რომ სცმოდათ ეს უფრო „დადგმულად“ და უხერხულად, ერთგვარ ტყუილად არ გამოჩნდებოდა?

ვერ მივხვდი რა მოთხოვნა გვაქვს მაღალი შემოსავლის მქონე ხალხთან, შუასაუკუნების მეფეებივით ძველმანები უნდა გადაიცვან და ხალხში ისე გაერიონ? მსგავსი კრიტიკა უკვე პოლიტიკური ოპონირების კომპონენტია, ნეგატივის აგორების საფუძვლი ჩაიგდეს ხელში და დაიწყეს ტანსაცმლის ფასზე აღშფოთების ტირაჟირება.

- მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი ყოველთვის იყო განხილვის თემა, თუმცა არა როგორც ძვირადღირებული, ამ კუთხით არასოდეს გაღიზიანებულა საზოგადოება... როგორ ფიქრობთ, რატომ?

- მაშინაც იყო ქილიკი, დაცინვა, უბრალოდ სოციალური მედია ასე განვითარებული არ იყო, პლუს მიშას მართველობის პირველ წლებში პოლიტიკური ოპონენტებიც ფაქტობრივად არ ყავდა. მოგვიანებით კი იყო გნებავთ შიში, გნებავთ რიდი დაცინვისას. სტუდენტებთანაც ხშირად მაგალითად სააკაშვილის ჩაცმულობა მომყავს ხოლმე.

მიშას აცმევდნენ პოლიტიკური კომუნიკაციის ანაბანის მიხედვით. წესების ზედმიწევნით დაცვით: მუშათა კლასთან - კუბოკრული პერანგი (ძვირადღირებული ბერბერის), სპორტსმენებთან sky კომბინიზონი, ველოსიპეტზე შორტით და სასწავლო დაწესებულებაში ე.წ. club jacket-ით. მიშას ტიპაჟიდან გამომდინარე ასეთი კიჩური ჩაცმულობა უფრო ხალხოსნად კი არ წარმოაჩენდა მას, არამედ ხელოვნურად და ბევრისთვის სასაცილოდ.

- თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გემოვნებიანი და უგემოვნო პოლიტიკოსები ვინ არიან?

- გემოვნება ყველას თავისი აქვს, უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი პირადად ჩემთვის არ არსებობს, ვისაც რა მოსწონს ის უნდა ჩაიცვას, უბრალოდ პოლიტიკოსისთვის მისი საქმიანობიდან გამომდინარე ჩაცმა იმიჯის შემადგენელი ნაწილია და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. პირველი ბოლო წლებში ყველაზე აკადემიურად და შესაფერისაც ჩაცმული მარიამ ჯაში მახსენდება, აგრეთვე ელენე ხოშტარია იცვამს სწორად.

სასურველი იქნებოდა ბექა ოდიშარიასა და ნატო ჩხეიძის ჩაცმის სტილის კორექტირება. რასაკვირველია, ვგულსხმობ პოლიტიკური საქმიანობის დროს.

- დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, მაინც როგორი პოლიტიკოსები მოსწონს ხალხს, სახალხოები თუ უფრო ევროპული სტილის?

- ორივეს თავისი სეგმენტი ყავს. მაგალითად, ძალიან საინტერესო იყო, როდესაც გირჩმა ჩოხები ჩაიცვა.

- საინტერესოა, თუ გადავავლებთ თვალს 90-იანების საქართველოს, მაშინდელი პოლიტიკური სახეებიდან ვფიქრობ, არავინ გახვეულა სკანდალში ძვირადღირებული კოსტიუმების გამო...

- მახსოვს ენერგეტიკის მინისტრის ძვირადღირებულ საათზე გადაირია მაშინდელი თელასის ამერიკელი მფლობელი, ხელზე წლიური ენერგობიუჯეტის ფასი უკეთია ადამიანს და ქვეყანა ჩაბნელებული აქვსო. ძვირადღირებული და ბრენდული თუ ვინმეს რამე ეცვა, ვერავინ ხედავდა. ხალხი ბრენდს ვერ სცნობდა, ტელევიზია რამდენიმე საათით თუ ირთვებოდა და სოციალური ქსელები არ არსებობდა. შეაბამისად ჩაცმულობა განხილვის საგანი ვერ გახდებოდა. თუმცა ჩაცმას თუნდაც პარლამენტში დიდი მნიშვნელობა რომ აქვს - ჯაბა იოსელიანს გაგახსენებთ, როდესაც დეპუტატი გახდა გახამებულ პერანგითა და ყელზე ბაფთით დადიოდა სესიებზე...

"ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ! გვინდა სიტუაცია დალაგდეს" - მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენებზე

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მადელაინი ebay-ზე გაიყიდება

"ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" - საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მოხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს