ავტორი:

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე

დღეს სრულიად საქართველომ ისტორიული გამარჯვება იხილა. დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.

პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა - 3:6, 6:1, 7:5. ნიკოლიზი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება როჯერს დარჩა, რომელმაც ბასილაშვილს უშანსოდ, 6:2 6:1 6:2 მოუგო,

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ფორმაში არ იყო და თითქმის რამდენიმე შეხვედრა ზედიზედ წააგო. ამას გულშემატკივრები მის პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბავს უკავშირებდნენ.

ცნობილია, რომ გასული წლის მაისში ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მოდელ ნეკა დოროკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. ცნობილი ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებდა.

მალევე ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში შარლოტა ელენა გამოჩნდა. გერმანელი ჩოგბურთელი გოგონა, რომელიც პანდემიის დროს საქართველოშიც გახლდათ. შარლოტას ინსტაგრამიდან ირკვევა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ბასილაშვილის რძალთან მაცო ჩოფიკაშვილთან და მომავალი მაზლის შვილთან.

რა გზა გაიარა ჩოგბურთელმა ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს არქივში ინახება ინტერვიუ ნიკოლოზის მამასთან, ნოდარ ბასილაშვილთან. გთავაზობთ ინტერვიუს:

- 5 წლის ასაკიდან ნიკოლოზმა თქვენთან ერთად დაიწყო ჩოგბურთზე სიარული, ფიქრობდით, რომ მისი პროფესიული არჩევანი ამ სპორტზე შეჩერდებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ნიკა პატრაობიდან ცურვაზეც დამყავდა და იპოდრომზე ცხენებზეც ჯირითობდა, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტს ჩოგბურთზე ვაკეთებდი. პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?

- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.

- ახლა, როცა ნიკოლოზი ასეთი წარმატებული ჩოგბურთელია, ქალბატონი ნატალია რას ამბობს?

- ვეუბნები, რომ ჩემმა გათვლამ გაამართლა. ნიკოლოზი ყველაფერთან ერთად განათლებული ბიჭია, ამიტომაც დილემის წინაშე ვიდექით. რვა კლასი რომ დაამთავრა, ვთქვი, რომ კარგად სწავლა და პარალელურად სპორტი, ორი კურდღლის მადევარივით გამოგვდიოდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო, რაც საბოლოოდ ასე არ მოხდა. ნიკა სულ ეძებს ინფორმაციას და სულ სწავლობს. სამედიცინო სფეროშიც კარგად ერკვევა.

- თქვენ, როგორც გეტყობათ სპორტის ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გქონდათ ახალგაზრდობიდანვე, თქვენც გინდოდათ გამხდარიყავით ჩოგბურთელი ?

- მე ვიყავი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე და ცეკვის კარიერა რომ დავამთავრე, სულ ვფიქრობდი ცეკვის მოძრაობებზე, რამიშვილი რეპეტიციაზე ახალ-ახალ ილეთებს გვაკეთებინებდა ახალ-ახალი აქცენტებით და ყოველთვის ვამბობდი, რომ მახვილი თვალი მაქვს-მეთქი და შემიძლია განვსაზღვრო, რა მოუტანს წარმატებას ჩოგბურთელს-თქო და მოყვარულის დონეზე ვთამაშობდი.

- ორი ვაჟის მამა ბრძანდებით. როგორი იყო თქვენი აღზრდის მეთოდები, რა მოთხოვნებს უყენებდით შვილებს?

- ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. მე მქონდა ისეთ ხასიათი, რასაც დავისახვდი მიზნად, ბოლომდე მივყვებოდი. რასაც ვიტყოდი, რომ გავაკეთებ-თქო, აუცილებლად გავაკეთებდი და ეს იცოდნენ ჩემმა შვილებმაც. სხვათა შორის, ნიკამ აღნიშნა ერთხელ, მამაჩემისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მისი სურვილი არ გამეთვალისწინებინაო, თუნდაც ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინაო. რაც შეეხება აღზრდის მეთოდებს, ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში სიყვარულია მთავარი. სიყვარულის გარეშე შვილებთან ურთიერთობისას ვერაფერს მივაღწევდი. თენგოც არანაკლებ ნიჭიერია. პროფესიით სტომატოლოგია.

- როგორც ჩანს, შვილების პროფესიულ არჩევანზე მშობლებმა ნაწილობრივ მოახდინეთ გავლენა, რადგან თქვენი მეუღლე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია...

- ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი, თენგოს სურვილი იყო გამხდარიყო სტომატოლოგი და ჩემმა მეუღლემაც ურჩია. ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით. ჩვენ გქვონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას.

- 12 წლიდან ნიკოლოზი გადავიდა ამერიკაში. ბუნებრივია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახებოდა.

- ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა...განაგრძეთ კითხვა

"4 ახალგაზრდა სანადიროდ იყო წასული, ერთი გაიყინა, დანარჩენები დახმარებას ითხოვენ" - უბედური შემთხვევა გომისმთაზე

ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა და 343 გამოჯანმრთელებული - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს