ავტორი:

"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე

"იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა" - თამარ გაბუნია გარდაცვლილ ექთანზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხელ ექთანს, რომელიც ანაფილაქსიური შოკით განვითარებული მოვლენების შედეგად დღეს გარდაიცვალა, გუშინ, კლინიკა „იმედში“ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა. ამის შესახებ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება და ასეთი 40 კლინიკაა.

„გუშინ ვაქცინაციის ექსპერტების საბჭომ, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების შესახებ, რაც ასევე ემყარება ევროპის მარეგულირებლის დასკვნას, რომელიც კვლავაც უჭერს მხარს „ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის გაგრძელებას, გამომდინარე იქედან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ფონზე გვერდითი მოვლენები მართალია არსებობს, მაგრამ რისკები მნიშვნელოვნად მცირეა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით.

ვაქცინაცია გაგრძელდება და ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ასევე გუშინ ექსპერტების რეკომენდაციით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ისევე როგორც „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული პროცესი გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქციური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად, ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა იმ პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიებში, ასევე სტაციონარებში არის, ანაფილაქსიური რეაქციის სწრაფი მართვისთვის აქ არის კიდევ დამატებითი რეანიმაციული განყოფილება, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მან გარდაცვლილის ოჯახსა და ყველა კოლეგას მიუსამძიმრა.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წინაშე, ასევე ყველა ჩვენი კოლეგის წინაშე იმ დანაკარგის გამო, რომელიც გამოვცადეთ. უდიდესი ტრაგედიაა. ნამდვილად არ მაქვს სიტყვები აღვწერო რამდენად დიდი დანაკარგია ეს სისტემისთვის იმ რთულ პროცესში. მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. დანაკარგი დიდია, თუმცა, ჩვენ ისიც გვესმის რამდენად მაღალი რისკების წინაშე ვდგავართ, რაც ეპიდემიის პროცესს უკავშირდება და ისიც, როგორია მოსალოდნელი სარგებელი ვაქცინაციის პროგრამის“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმა ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება და ამ საკითხებზე კომუნიკაციაა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებას კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში უწევს მუშაობა.

„გეგმა არის კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში გვიწევს კრიზისული კომუნიკაციის რეჟიმში მუშაობა, რაც არის „ასტრაზენეკას“ სარგებლის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება. ამას გავავრცელებთ როგორც ჩვენ, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები. ყოველდღიურად მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით ბრიფინგები - ევროპის მარეგულირებელში გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩვენთვის მთავარი გზა არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. რისკის სრული გაცნობიერება შეუძლია ყველას, ვინც დღეს ამ პროცესში მონაწილეობს, თუმცა სამომავლოდ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრი გეგმავს მოსახლოებასთან უშუალო ახლო კონტაქტს, როდესაც მივალთ უკვე იმ ეტაპზე, როდესაც პროგრამა გადავა ასაკობრივი ჯგუფების მოცვაზე. ასევე „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც უნდა მოხდეს. მთავარია, საკუთარი მაგალითის გაზიარება და ის, რომ მოსახლეობასთან მიტანილი ინფორმაცია იყოს ობიექტური“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ის თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომოდ გადაიტანეს და არ იციან - ამირან გამყრელიძის კომენატრი