ავტორი:

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

სიტყვა "ყვავილი" თანამედროვეობაში მხოლოდ მშვენიერებასთან ასოცირდება, თუმცა დაავადება ამ სახელით, კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში კლავდა და ასახიჩრებდა. ეს დაავადება 1980 წელს საბოლოოდ აღმოფხვრეს - როგორ გაქრა ინფექცია, რომლის მძვინვარების დროს, თითქმის ყოველი მეორე დაავადებული იღუპებოდა, სიკვდილს გადარჩენილთა შორის კი მრავალი ბრმავდებოდა ან დამახინჯებული რჩებოდა?

პასუხი შემდეგია: ფიზიკოსმა ედვარდ ჯენერმა 1796 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველი - ყვავილის ვაქცინა გამოიგონა. მის მიერ შემუშავებული ვაქცინის განვითარების მეთოდი კი, სხვა ვაქცინების გამოგონებისთვის უმთავრეს კონცეფციად იქცა.

ტუბერკულოზი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი ბ, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია, პაპილომავირუსული ინფექცია (საშვილოსნოს ყელის კიბო), ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ინფექციებისა, რომელთან ბრძოლაშიც ვაქცინებმა გაიმარჯვეს.

ჩვენი რესპონდენტი მარიამ ჯაში საკუთარი წინაპრების ამბავს გვიყვება, მისი მონათხრობი ამყარებს მოსაზრებას აცრების აუცილებლობაზე:

მარიამ ჯაში:

"ყვავილი ერთ-ერთია იმ ინფექციებს შორის, რომელმაც მსოფლიოზე ტრაგიკული კვალი დატოვა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო ასწლეულის განმავლობაში, სანამ ვაქცინის საშუალებით დაავადების სრული ერადიკაცია მოხდებოდა, მან 500 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისტორიულ წყაროებს თუ გავეცნობით, ვნახავთ, თუ რამდენად დიდი იყო ზიანი, რომელიც ყვავილის, თუ სხვა სასიკვდილო ინფექციების მეშვეობით მიადგა მსოფლიოს. თუმცა, ხშირად გვიჭირს ხოლმე ისტორიული ფაქტების თანამედროვეობასთან გაიგივება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დროსა და სიცრცეში ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს ხდებოდა, ამიტომ, ჩემი ოჯახის ისტორიას მოგიყვებით:

ბებიაჩემი წარმოშობით გურულია, მისი ოჯახი ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. ბაბუამისი, პორფილე მუჯირი კი ფოთის პორტში დადიოდა სამუშაოდ, სადაც ყვავილის ვირუსით დაინფიცირდა. სიმპტომურად არაფერი უგრძნია და სახლში უშფოთველად დაბრუნდა, სადაც 7 მცირეწლოვანი შვილი ელოდა. შვიდივე დაავადდა ყვავილით.

როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომები და რისკები მოსახლეობისთვის უცხო არ იყო, რადგან როგორც კი ბავშვებს პირველი ნიშნები გამოუვლინდათ, ოჯახი სრულ იზოლაციაში გადავიდა, მეზობლები კი მათ ღობის მეორე მხრიდან საკვებსა და საჭირო ნივთებს გრძელი ჯოხით აწვდიდნენ

მაშინ სჯეროდათ, რომ "ბატონებს" სიმღერა შველით, ამიტომ დედა ჩონგურზე უკრავდა და ბავშვებს უმღეროდა, მაშინაც კი, როდესაც გვერდზე ოთახში მიცვალებული შვილი ესვენა... ინფექცია მცირეწლოვნებში დაუნდობლად მიმდინარეობდა და ექვსი მათგანი მალევე იმსხვერპლა. მხოლოდ ყველაზე უფროსი გადაურჩა მაშინ სიკვდილს და სხეულზე მრავლობითი ნაწიბურითა და მკვეთრად დაქვეითებული ცხოვრების ხარისხით, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა. ვერც მიცვალებულ ბავშვებს ეკარებოდა ვინმე, ამიტომ, წინასწარ გათხრილ საფლავებში გარდაცვლილი შვილები მამას მარტოს მიჰყავდა და თვითონვე მარხავდა...

ოჯახში კიდევ სამი შვილი ჰყავდათ, რომლებიც იმ დროისთვის ნათესავებთან იყვნენ გაგზავნილი და ასე გადაურჩნენ ინფექციას. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი დიდი ბაბუა იყო, რომელიც შემდეგი 2 წელი სახლში არ დაუბრუნებიათ. მხოლოდ ეს იღბლიანი შემთხვევითობა აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ დღეს მისი შთამომავლობა, მათ შორის მეც, ვარსებობთ.

ეს ისტორია ბებიაჩემისგან ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვისმინე. მოყოლისას მითხრა: "ბებიაჩემი ხშირად ამბობდა: ჩემი შვილებითაა მიწა სავსეო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა, დღემდე არ დამვიწყებია. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურიდან გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, შენ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ემოციურად ბევრად უფრო დიდ კვალს ტოვებს ცნობიერზე.

ვფიქრობ, იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელობაზეც. Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ მათ არ სჯერათ ვირუსის არსებობის ან არ ეშინიათ მისი. ისეთ შემთხვევებსაც ხშირად ვხვდებით, როდესაც, თუნდაც ქუჩაში უხეშად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მიუხედავად იმისა, რომ, სრულიად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად კორონავირუსით. სხვას გადამხდარი ისტორიების სრულად გააზრება ალბათ ისეთივე რთულია, როგორც სხვის შეცდომებზე სწავლა. თუმცა, არავის ვუსურვებ, საკუთარ თავზე გამოსცადოს ასეთი საშინელება" - აღნიშნავს მარიამ ჯაში.

კითხვაზე - "როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?", ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს:

"ამის წარმოდგენა არ მჭირდება, რადგან სამყარო უკვე არსებობდა ვაქცინების გარეშე და ისტორიაც, რომელიც ჩემს ოჯახზე მოგიყევით, სწორედ იმ სამყაროდანაა. იმუნიზაცია რომ არ არსებობდეს, სხვადასხვა ინფექცია დღესაც უამრავ ადამიანს შეიწირავდა, სწორედ ისე, როგორც კორონავირუსული ინფექცია გვაკარგინებს საყვარელ ადამიანებს. წარმოვიდგინოთ, დღეს ერთის მაგივრად რამდენიმე პანდემიასთან რომ გვიწევდეს გამკლავება... ჩვენ მუდმივად ვებრძვით მიკროსამყაროს და ვაქცინა ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

ცხადია, ვაქცინებს გვერდითი ეფექტები აქვთ და ხშირად ადამიანებში ეს გარკვეულ შიშს ან უნდობლობას იწვევს. გვერდითი ეფექტები აქვთ მედიკამენტებსაც, თუმცა ხშირად ადამიანებს მაშინ უწევთ მედიკამენტების მიღება, როდესაც შეუძლოდ არიან და ნათლად ხედავენ მისი მიღების აუცილებლობას. შესაბამისად, არ უჭირთ მედიკამენტის მიღების სარგებლისა და რისკების ერთმანეთთან შედარება.

ვაქცინას ჯანმრთელი ადამიანები იკეთებენ და ამიტომ, ის იშვიათი გვერდითი ეფექტებიც კი, რაც ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს, მეტად აფორიაქებთ. ყოველთვის არსებობს ხოლმე ეჭვი, რომ აუცრელადაც შეიძლება გადაურჩნენ დაინფიცირებას, აცრას კი, თუნდაც ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე გართულება მოჰყვეს. ამას ეჭიდებიან "ანტივაქსერული" კამპანიები და ფაქტების დამახინჯებით თუ არასწორი ინტერპრეტირებით ცდილობენ, მოსახლეობაში შიში გააღვივონ. შიშის დაძლევა კი მხოლოდ მეტი ინფორმაციის მიღებით და რისკების სწორად შეფასებითაა შესაძლებელი.

დღეს როგორც ისტორიული ფაქტები, ასევე, სამეცნიერო ლიტერატურა ამყარებს იმ აზრს, რომ, ვაქცინაციისგან მიღებული სარგებელი გაცილებით აჭარბებს რისკს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრით, მე პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები" - გვეუბნება მარიამ ჯაში.

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ჩვენთან საუბარში ვაქცინაციის, როგორც მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიღწევის შესახებ საუბრობს:

"დღეს კოვიდია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეტალობა ძალიან მაღალი არაა, მაინც ვხედავთ, რამხელა მსხვერპლი გამოიწვია მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ახლა წარმოვიდგინოთ ყვავილი, რომელიც როცა დაიწყებოდა ხოლმე, დედამიწაზე მოსახლეობის დაახლოებით 10% იღუპებოდა და კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც ყვავილის ეპიდემია იყო, შესაძლოა, ნახევარი მოსახლეობა დაღუპულიყო. სამწუხაროდ, მსოფლიოში დღესაც კი 2 მილიონი ბავშვი იღუპება წითელასგან, რადგან ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემაა - ეს ძირითადად, აფრიკაში ხდება...

ფაქტი ერთია, კაცობრიობის ჯანმრთელობის დაცვაში ყველაზე დიდ 10 მიღწევას შორის პირველ ადგილზე იმუნიზაცია დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინებიდან უმთავრესი ყვავილის ვაქცინაა, პირველი ვაქცინა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს ედვარდ ჯენერმა შექმნა. ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ასევე ითვლება წითელა-წითურა-ყბაყურას კომბინირებული ვაქცინის შექმნა. უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო იმაზე, თუ რა სიკეთეებით ხასიათდება ვაქცინაცია.

1950-იანი წლების თაობასთან შედარებით, დღევანდელი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 წლითაა მომატებული, რაც სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა; ისევე როგორც ის, რომ ჩვილთა სიკვდილიანობა მსოფლიოში თითქმის 80%-ითაა შემცირებული ამ უკანასკნელი 70 წლის პერიოდში

დღესაც მთელი მსოფლიო, რომელიც კოვიდ პანდემიამ ფაქტობრივად, დააპაუზა, იმედით შეჰყურებს ვაქცინას. ამის დამთავრების გზა სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი აიცრას, რათა პანდემიაც დავასრულოთ და დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს...

როგორი იქნებოდა მსოფლიო ვაქცინის გარეშე - ამის წარმოდგენაც კი, თანამედროვე ადამიანს ძალიან უჭირს, თუმცა ჯერ კიდევ ჩემი ასაკის ან ჩემზე ცოტა უფროს თაობას ყველაფერი ახსოვს. ისტორიაში ხანდახან შორს წასვლაც არ გვჭირდება, შეგვიძლია, 90-იანი წლების დასაწყისი გავიხსენოთ, როდესაც საქართველოში დიდი ხნის დავიწყებული დიფტერიის ეპიდემია დაგვიბრუნდა; 1992 წელს შემობრუნდა პოლიომიელიტი, რომელიც ქვეყანაში მანამდე დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. რატომ? იმიტომ, რომ სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა. აქედან გამომდინარე, შემობრუნდა ის დაავადებები, რომელიც პრაქტიკულად, არავის ახსოვდა.

საქართველოში დღეს, პოლიომიელიტი ახალი თაობიდან არავის ახსოვს, რატომ? იმიტომ, რომ ყველა აცრილია. ორი ქვეყანაა დარჩენილი, სადაც ეს დაავადება ჯერ კიდევ არის... აცრები უნდა გრძელდებოდეს, რადგან კორონას გავრცელებამაც დაგვანახა, თუ დღეს დედამიწაზე სადმე ნებისმიერი დაავადება აღმოცენდება, რა სწრაფად შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავრცელდეს. ხან ყვავილი, ხან პოლიომიელიტი, ხან დიფტერია, ხან წითელა, და ეს ყველაფერი ერთად, როდესაც არავითარი დაცვა არ გაქვს - დღეს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, რა იქნებოდა სამყარო, ვაქცინები რომ არ არსებობდეს", - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

იმუნიტეტის უუნარობას საუკუნეების განმავლობაში ძირითადად ბავშვები ეწირებოდნენ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ კაცობრიობა, ვაქცინაციაა:

"კითხვაზე, როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე, ძალიან მოკლე პასუხი მაქვს - სამყარო ვაქცინების გარეშე არ იქნებოდა. ყველაზე მეტი, ყველაზე სერიოზული და მძიმე გამოწვევა სწორედ ავადობით გამოწვეული ლეტალობაა. პატარა ფაქტი მინდა მოვიყვანო - როდესაც 1492 წელს ამერიკის აღმოჩენას და ესპანელების მიერ ამერიკის რამდენიმე ძალიან განვითარებული ცივილიზაციის (მაია, აცტეკები) დამხობას ვიხსენებთ, ყველას ჰგონია, რომ ესპანელებმა ეს ძალის, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა თუ სამხედრო ხერხების გამოყენებით მოახერხეს. სრულებითაც არა - ესპანელებმა იქ დაავადებები შეიტანეს: წითელა, ვირუსული რესპირაციული ინფექციები, რომლის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მათ არ ჰქონდათ. ძალიან იოლად დაამარცხეს, რადგან ლეტალობა მაღალი იყო, იარაღის გამოყენება არ დასჭირდათ. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი ცივილიზაცია წითელამ დაამხო.

შესაბამისად, რამ გამოიწვია ასეთი, მართლაც განვითარებული და ბევრად პროგრესული ცივილიზაციის დამხობა, თუ ჩვენს კითხვას პერიფრაზს გავუკეთებთ - იმან, რომ მაშინ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არსებობდა. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა დაავადებებზეც - შუა საუკუნეებში შავი ჭირის ლეტალობის წილი 300-დან 500 მილიონ ადამიანამდეა. თუ ამას დავუმატებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა ყვავილი, ტუბერკულოზი, ქოლერა და ა.შ..

ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ კაცობრიობა, ვაქცინაციაა. ამან მოგვიყვანა დღემდე, ვაქცინაციის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი არ იქნებოდა

ზოგადად, ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან მიღწევად განიხილება. შეიძლება, გავიხსენოთ ანტიბიოტიკები, რომელმაც ძალიან ბევრი დაავადება დაამარცხა, გავიხსენოთ რამდენიმე დიაგნოსტიკური მეთოდი, მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი რენტგენი - რადიოლოგიური კვლევის მეთოდების გარეშე თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია. მაგრამ ყველაფერ ამას აჭარბებს და ყველაფერ ამაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობის გახლავთ ვაქცინაცია. უფრო მეტიც, თუ გინდათ, ილაპარაკოთ ქვეყნის განვითარების ხარისხზე, ძალიან მარტივი კრიტერიუმი შეიძლება აიღოთ - რაც უფრო მეტი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა, ვინაიდან მით უფრო მეტი ადამიანის დაცვა შეუძლია, როგორც ბავშვების, ასევე - მოზრდილების“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში ამჟამად 13 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება. აშშ-ის და ავსტრალიის მაჩვენებელი 16-ია. ვაქცინაციისას ყველაზე კომფორტული გზა ორგანიზმისთვის ერთჯერადად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებაა. ჩხაიძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ეს 6-კომპონენტიანი ვაქცინაა - ერთი ჩხვლეტით ბავშვს 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ეძლევა იმუნიტეტი.

"თუნდაც აშშ-ის მონაცემები ძალიან ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, რა როლი აქვს ვაქცინებს სიკვდილიანობის შემცირებაში. თუ მსოფლიო მასშტაბით დავთვლით, 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, 1 წლის განმავლობაში 1 700 000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ; წითელას ვაქცინის გამოყენებით - 62 000 ადამიანის სიცოცხლე; ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით 91 000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება; ჰეპატიტის - 85 000 ადამიანის, მენინგიტის ვაქცინით - 75 000 და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ვაქცინების გამოყენება წლის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს! თუ ამას პანდემიას დავუმატებთ და დავთვლით, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ეს მართლაც ძალიან, ძალიან დიდი ციფრია

გარდა ამისა, არსებობს დაავადებების ჯგუფი, რომლის საწინააღმდეგოდ ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს. წითელა ვახსენეთ, ყივანახველა გახსენეთ - მათ წინააღმდეგ კაცობრიობას ჯერ არც ერთი მედიკამენტი მოუგონია. იმ 13 დაავადების წინააღმდეგ, რომელზეც საქართველოში ვაქცინაცია ტარდება, მედიცინა უძლურია, მათ ვერ ვმკურნალობთ. ისევ რომ დავუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას, კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 1 წელია, ანტივირუსულ ეფექტურ საშუალებას ველოდებით, ვერ გამოიგონა მსოფლიომ და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში არ იქნება. მაგრამ გვაქვს ვაქცინა, ასე რომ, ვაქცინას ალტერნატივა არ გააჩნია“, - ხაზს უსვამს ივანე ჩხეიძე.

საქართველოში, ისევე როგორც უმეტს ქვეყნებში, ვაქცინაციის პროცესი ახალშობილობის პერიოდში იწყება და 14 წლის ასაკში მთავრდება. ივანე ჩხაიძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე წლის წინ საქართველოში მიღებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ბავშვები სკოლაში არ დაიშვებიან, თუ ყველა ვაქცინა გაკეთებული არ ექნებათ.

"5 წლის ასაკში ბავშვი უკვე დაცულია ყველა იმ დაავადებისგან, რაც ზემოთ აღვნიშნე. ასეთი ბავშვი რომ შევადაროთ იმ ბავშვს, რომელსაც ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებია, პირველი, ძალიან დიდი ალბათობით, ის ამ ასაკამდე ავადობის გარეშე ვერ მოვა და ეს ავადობის ეპიზოდები შეიძლება, ძალიან სერიოზული და მძიმე იყოს. რაც უმთავრესია, დაავადებების ძალიან დიდი ნაწილი შორსმიმავალი გართულებებით ხასიათდება, გართულებებით, რომლის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.

სამწუხაროდ, ხანდახან მშობლები ამბობენ, "არაუშავს, მე არ მინდა, ხელოვნურად გადავარჩინო ჩემი ბავშვის სიცოცხლე, მირჩევნია დაემართოს, მოიხადოს ბუნებრივად“. მაგრამ ჩვენ ამ დაავადებების გართულების შემთხვევაში სრულიად უძლურები ვართ... ერთი განსხვავებული, სამწუხაროდ ბევრისთვის უცნობი დიაგნოზი უნდა დავასახელო: მწვავე მასკლეროზილებელი პანენცეფალიტი. ეს გახლავთ დაავადება, რომელიც წითელას გადატანიდან ძალიან დიდი პერიოდის, 10, 12, 15 წლის შემდეგ ვითარდება. ბავშვს, რომელსაც დაემართა წითელა და ყოველგვარი გართულებების გარეშე გადაიტანა, სრულიად მოულოდნელად უვითარდება ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება. მწვავე მასკლეროზილებელი პანენცეფალიტის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს - როგორც კი თქვენ ამ დიაგნოზს დასვამთ და მშობელი შეგეკითხებათ: "ექიმო, რა შეიძლება გავაკეთოთ?" სამწუხაროდ, თქვენ უნდა უთხრათ: "ვერაფერი".

სამწუხაროდ, ვერაფერს გააკეთებთ, თქვენ ამ ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ გააუმჯობესოს სიკვდილის ხარისხი - ცუდი ტერმინია, მაგრამ მედიცინაში ასეთ ტერმინს ვიყენებთ... ასეთი ბავშვი განწირულია, რადგან ამ დაავადებას 100%-იანი ლეტალობა აქვს, მიზეზი კი გადატანილი წითელაა. ამიტომ თუ რეალურად წარმოიდგენთ, თუ რა დგას საპირწონედ, გავაკეთოთ წითელას ვაქცინა თუ გადაიტანოს დაავადება, ნათლად დაინახავთ, რომ ამ მართლაც მძიმე დაავადების განვითარებისგან მხოლოდ ვაქცინაცია დაგვიცავს" - აფრთხილებს ანტივაქსერ მშობლებს ჩხაიძე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ როდესაც შენ, ერთი ადამიანი იცრები, ამით სხვასაც იცავ.

"ერთია, როდესაც ერთი ადამიანი აიცრება და თავს იცავს, მაგრამ მეორეა, როდესაც საზოგადოების გარკვეული წილი აიცრება, რაც უკვე მთლიანად საზოგადოებას იცავს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ადამიანი, ვისი აცრაც რაიმე მიზეზით არ შეიძლება. თუმცა თუ ყველა სხვა აცრილია, ასეთი ადამიანიც დაცულია. ჩვენ სამწუხაროდ გვქონდა ტრაგიკული შემთხვევები ქვეყანაში სულ რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგივე წითელათი დაიღუპა ბავშვი, რომლის აცრაც არ შეიძლებოდა. მაგრამ ის ბავშვი ხომ გადარჩებოდა, გარშემო ყველა სხვა რომ აცრილი ყოფილიყო გარშემო და წითელა მისთვის არ მიეტანათ?" - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

და ბოლოს: თქვენ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

ტექსტი და ვიზუალიზაცია: ეკა აბაშიძე

"ჩემი შვილი ბაღიდან დალურჯებული გამოვიყვანე... პედაგოგმა სახეში დაარტყა" - სავარაუდო ძალადობა 3 წლის ბავშვზე და 128-ე ბაღის პასუხი

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?