კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ისრაელში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოა და ყველა ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ ამარცხებენ იქ პანდემიას და როგორ უბრუნდებიან ეტაპობრივად ნორმალურ ცხოვრებას.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და იქ უკვე მოსახლეობის 51,6%-ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული.
ყოველივეს გათვალისწინებით, მკვლევარები ამბობენ, რომ ისრაელი დიდი ალბათობით, იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მალე გახსნის მთლიანად ეკონომიკას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ჯერ მაინც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
ვნახოთ, როგორია ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 5 დღის სტატისტიკური მონაცემები:
აღსანიშნავია, რომ ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული მაჩვენებელი, თანაც იმ ფონზე, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილია. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსის ათასობით შემთხვევა ვლინდებოდა.
მნიშვნელოვნად არის ასევე შემცირებული ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების საჭიროება და ეპიდემიოლოგები კიდევ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
უკვე ვრცელდება ინტერნეტსივრცეში ფოტოები და ვიდეოკადრები თელ-ავივის კაფე-ბარებიდან, სადაც ჩანს, რომ ასეთ დაწესებულებებში ხალხმრავლობაა, ადამიანთა დიდ ნაწილს პირბადე არ უკეთია და ისე ერთობიან, როგორც ადრე, პანდემიამდე.
ისრაელის მოქალაქეთა ნაწილი ახლა აგემოვნებს, თუ როგორია ცხოვრება შეზღუდვების გარეშე. კაფე-ბარების და რესტორნების გარდა, გახსნილია სავაჭრო ცენტრები, ღია ბაზრობები, თეატრები, სპორტული დარბაზები, მუზეუმები.
ე.წ. მწვანე პასპორტს ისრაელში აძლევენ ყველას, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიღებული აქვს, ან კოვიდი გადატანილი აქვს. ეს პასპორტი კი უნდა წარადგინონ ისეთ ობიექტებზე შესასვლელად, როგორებიცაა სასტუმროები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და ა.შ.
როგორც BBC წერს, "მწვანე პასპორტი" არის ფურცელზე სერთიფიკატის სახით, ასევე სპეციალური ციფრული აპლიკაციის სახით და მას ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. ეს პასპორტი ასევე ხსნის შესაძლებლობებს საერთაშორისო მოგზაურობისთვის. ისრაელმა გააფორმა გარიგება საბერძნეთთან და კვიპროსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეს, რომელსაც აქვს "მწვანე პასპორტი“, შეუძლია იმოგზაუროს ამ ორ ქვეყანაში.
ცნობისთვის, ისრაელში კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ვირუსის 830 845 შემთხვევაა აღწერილი, გარდაიცვალა 6 163 პაციენტი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ახლა ქვეყანაში კორონავირუსის 11 668 აქტიური შემთხვევაა.
სტატიის მოსამზადებლად გამოყენებული წყაროები: channelnewsasia.com