ავტორი:

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ქართველი ემიგრანტ მეგი სტემპენს, რომელიც უკვე წლებია AMBEBI.GE-ს მკითხველს მე-2 მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში მიმოფანტული და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ აწვდის ინფორმაციას, ამჯერად ხელში ჩაუვარდა ნაცისტურ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისასტიკით ცნობილი ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის ფოტოები, რომელიც ლაიფციგის არქივში თითქმის საუკუნის განმავლობაში ინახებოდა.

"დოკუმენტური ფილმში, რომელიც ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში ინახება, ასახულია ტყვეების "ცხოვრება", ასევე, ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების შეხვედრები ტყვეებთან. ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკს, რომელიც ვერმახტის დაქვემდებარებაში შედიოდა, მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იოზეფ გებელსი ეწვია. ფილმს მზის შუქი არასდროს უნახავს, რადგან რაიხის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. ცაითჰაინის ბანაკიდან თითქმის არაფერი შემორჩა - ომის დასრულების შემდეგ, ბანაკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საწრთვნელი ბაზა იყო განლაგებული..." - ამბობს მეგი სტემპენი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში, ადგილობრივმა დოკუმენტალისტებმა, აქამდე უცნობი, 70-მდე ფოტო იპოვეს, რომლებიც ყუთში იყო მოთავსებული, თუმცა, როგორ მოხვდა ეს ფოტოები არქივში, არავინ იცის.

"ანტიფაშიტური საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დანიელა შმოლი იხსნებდა, თუ როგორ იპოვეს ფოტოები, გაოცებული იყო, აქამდე როგორ ვერავინ მიაგნო იმ ყუთს, რომელშიც ნაპოვნ ფოტოებზეც ტყვეები არიან ასახული. უნიფორმაზე ადვილი მისახვედრია, რომ საბჭოელი სამხედრო ტყვეები არიან. ასევეა დაღუპულების, წამების ამსახველი ფოტოკადრები... შმოლის თქმით, ფოტოების ქვეშ რამდენიმე გასავრცელებელი ბროშურა, Flugblätter პროპაგანდისტული ფურცლებიც იყო, რომელიც იმ წლებში, მოსახლეობაში რიგდებოდა, მათზე დატანილი იყო ეს ფოტოები, მესამე რაიხის პოლიტიკოსები ხომ სხვა ერებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ... ომის დასრულებისთანავე, ბანაკის ზედამხედველებსა და მომსახურე პერსონალზე ძებნა გამოცხადდა.

ფოტოების უკანა მხარეს შემორჩენილია წებოს კვალი, ანუ, დიდი ალბათობით, კერძო საკუთრებაში იყო და ალბომში ჰქონდათ ჩაკრული, რომელიც ბანაკის იმჟამინდელ ზედამხედველს ეკუთვნოდა", - ამბობს სტემპენი.

ცაითჰაინის მუზეუმის დირექტორი, იენს ნაგელი ამბობს, რომ ფოტოები სამხედრო წოდების ადამიანებმა გადაიღეს, მათ შორის იყვნენ რიგითები, ოფიცრები.

"ფოტოებს სპეციალურად რაიხისთვის იღებდნენ და არჩევდნენ... როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი სურათები დაიწუნეს, მაგრამ, მთლად გადასაყრელად ვერ გაიმეტეს. მაშინ ფოტოებს ქალაქ რიზას ფოტოატელიეში ბეჭდავდნენ", - ამბობს ქართველი ემიგრანტი, რომლის თქმითაც, ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია გებელსის ვიზიტიც. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ წერილში ჩანიშნულია: "ცაითჰაინში სტუმრობამ სასურველი შედეგები არ მოგვიტანა - ტყვედჩავარდნილთა უმეტესობა ბელარუსები არიან, მათ ასე თუ ისე ადამიანური გარეგნობა ჰქონდათ, ეს კი პროპაგანდისთვის არ გამოგვადგება".

ძნელი სათქმელია, არქივში შემორჩენილ ფოტომასალაში არიან თუ არა ქართველები, მაგრამ ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის არქივიდან ირკვევა, რომ იქ 200-მდე ქართველს მოუწია არაადამიანურ პირობებში ყოფნა. ტყვეთა უმრავლესობა ტუბერკულოზს შეეწირა.

გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ.

ივანე მიხეილის ძე აბელაშვილი, დაბადებული 1913 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. დედის გვარი - ბერიკაშვილი. მეუღლე - ნაზი აბელაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 12 ივლისს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 204224. წოდება - უფროსი სერჟანტი. დაიღუპა 1944 წლის 19 მაისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ივანე ტარიელის ძე თეთრაძე, დაბადებული 1902 წელს, დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში. დედის გვარი - ოქროპირიძე. მეუღლე - დარიკო თეთრაძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 13 ივლისს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 204237. დაიღუპა 1943 წლის 25 აპრილს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ზამბახიძე, დაბადებული 1902 წელს, ქუთაისში, ტყიბულის ქუჩა #36. მეუღლე - მარია ზამბახიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 მაისს, ლოზოვაიაში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 203305. დაიღუპა 1944 წლის 8 მარტს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

აკაკი სემენის ძე ვაშაკიძე, დაბადებული 1922 წელს, ხონის რაიონის სოფელ გუბში. დედა ან მეუღლე - მინადორა ვაშაკიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 16 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 178700. დაიღუპა 1942 წლის 19 დეკემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ვიქტორ პორფირეს ძე დონაძე, დაბადებული 1920 წლის 15 ნოემბერს (ან 1921 წლის 6 ნოემბერს), ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, თუმცა, მისამართად ფიქსირდება, თბილისი, ცხაკაიას # 47. სტუდენტი. დედის გვარ-სახელია - ეფროსინე ფირუზის ასული რეხვიაშვილი... ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 სექტემბერს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 133431. დაიღუპა 1942 წლის 25 ივნისს, ტუბერკულოზით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

იორდანი სერგოს ძე ბილიხოძე, დაბადებული 1903 (ან 1902) წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში. ჯარში გაიწვიეს 1941 წლის 10 მაისს. მეუღლე ანეტა ბილიხოძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 მაისს, კურსკში. ბანაკი: შტალაგი VIII (318). ბანაკის ნომერი: 60117. დაიღუპა 1943 წლის 19 სექტემბერს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლიდან.

"თუ ეს კონვენცია გადაიხედა, მაშინ აშშ-ის მე-6 ფლოტს შეეძლება საერთოდ "დასახლდეს" შავ ზღვაში" - რას ნიშნავს მონტრეს კონვენციიდან თურქეთის შესაძლო გასვლა და როგორ აისახება ეს საქართველოზე, აშშ-სა და რუსეთზე?

ბოლო ცნობები დონბასიდან - რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში