ავტორი:

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში, კერძოდ, ქაბულში არსებულ ნატოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, იმ ვითარებაზე გვიყვება, რომელიც ახლა ქვეყანაშია. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამერიკას მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ძალიან აშინებს, რადგან არ სჯერა, რომ ავღანეთის ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და პოლიცია "თალიბანისთვის" წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. 45 წლის ქართველი კაპიტნის თქმით, (ვინაობას მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ), ეს უფრო მძიმე პაუზას ჰგავს ამერიკის მხრიდან, რასაც შესაძლოა ავღანეთში მძიმე პროცესები მოჰყვეს, რაც შიდა დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას ნიშნავს...

- ყანდაარში ნატოს ბაზა 16 დღეში უნდა დაიცალოს. ქაბულში ჯერ მსგავსი არაფერი ხდება. შესაძლოა, მთლიანად არ გაიყვანოს, მაგრამ რამდენიმე პროვინციიდან გაიყვანენ, არადა, სწორედ პროვინციებშია მძიმე ვითარება. თალიბები როგორც და სადაც მოუხერხდებათ, იქ აქტიურობენ. ჯერჯერობით ზუსტად არავინ არაფერი იცის... აქ პირველად არ ვარ, ადრე სხვადასხვა მისიის ფარგლებში ვიყავი ამ ქვეყანაში და საკმაოდ კარგად ვიცნობ შიგნით სიტუაციას, აქ თვით უფალიც ვერ დაალაგებს ვითარებას. შეუძლებელია ამ ქაოსის ბოლომდე დალაგება.

- თქვით, რომ პროვინციებში უფრო დაძაბულია სიტუაცია, ეს რაში გამოიხატება?

- თალიბები იქ უფრო აქტიურობენ, ხდება თავდასხმები პოლიციაზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე... კამიკაძეები ბევრია, ქაბულში უფრო აფეთქებებია, რა დროსაც ტერორისტები უფრო მაგნიტურ ბომბებს იყენებენ, ეს არის მანქანაზე ან სხვა ადგილას, ზოგჯერ შენობის კარზე მისაკრობი ბომბი, რომელიც დისტანციურად, გარკვეული დროის შემდეგ ფეთქდება. ქუჩებსა და გარეუბნებში არაერთხელ მინახავს აფეთქებისგან ამოტრიალებული მანქანები, რომელსაც ბომბისგან ცალი მხარე ამოგლეჯილი ჰქონდა. ზოგი საერთოდ ფრაგმენტებად იქცევა. გააჩნია, რა სიმძლავრის ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. არჩევანი კი, თალიბებს ნამდვილად აქვთ.

ადგილობრივებისგან ვიცი, რომ "თალიბანს" არავითარი მშვიდობიანი მოლაპარაკება არ სურს, მისი მიზანია, ძალაუფლების სრულად გადაბარება. ამიტომ, თუ ნატომ ჯარები სრულად გაიყვანა, სულ ცოტა, სამოქალაქო ომი გარანტირებულია, რადგან "თალიბანი" არასდროს შეურიგდება თანამედროვეობას. ვიდრე ამრულა სალეჰი პრემიერ-მინისტრია და მისი გუნდი მართავს ავღანეთს, ისინი "თალიბანს" პარტნიორად ან ოპოზიციად არ მიიღებენ და სულ ასე ერთ წრეზე ივლიან. ანუ სულ ომი იქნება... აქ, ქაბულში არავის უნდა "თალიბანი", მაგრამ მთლიან ავღანეთში, მას მაინც აქვს გავლენები, ზოგს აშინებენ, ზოგი სიბნელის გამო უჭერს მხარს.

დაზვერვის ანალიზის ბოლო მონაცემებით, შეეცდებიან დიდი ქალაქები დაიცვან, მაგრამ იმ ადგილების დაბრუნება, სადაც თალიბები არიან, შეუძლებელია... მაგრამ ამავდროულად გავლენების გაფართოებას შეეცდება "თალიბანი", რომლის სამიზნეც არის პრემიერ-მინისტრი ამრულა... ეს ყველამ კარგაც იცის და ამიტომაც მგონია, რომ ნატოს ჯარებს სრულად არ გაიყვანენ.

ახლახან ჩემს ავღანელ მძღოლს ვკითხე, შენი აზრით, რა მოხდება-მეთქი, როგორც სხვები, ისიც ძალიან შეშინებულია, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ ომი დაიწყება და თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო. ქაბულის მოსახლეობა, სხვა პროვინციებთან შედარებით მშვიდად და ნორმალურად ცხოვრობს. ამიტომ დიდია შიდა მიგრაცია პროვინციებიდან დედაქალაქში. ადამიანები, ვინც გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს, პირდაპირ ქუჩაში ან მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ფარდულში ცხოვრობენ. სამაგიეროდ, ლუკმა-პური და შედარებითი მშვიდობა აქვთ... თუ ამას ნორმალური ცხოვრება ჰქვია, ქაბულსა და პროვინციებს შორის შედარება არაა.

- მოსახლეობის ძირითადი ნაწილი რითი ცხოვრობს, რა არის მათი შემოსავალი?

- ვაჭრობა და მიწათმოქმედება, ზოგისთვის ლეგალური ბიზნესი ან ნარკოტიკი, ყაყაჩო, ჰეროინი... ყაყაჩოს მოსავლის დროს, თალიბებიც კი გატრუნული არიან და შედარებით სიმშვიდეა.

- კოვიდ-პანდემიას როგორ უმკლავდებიან?

- თავიდან ადგილორივმა მთავრობამ 3-თვიანი "ლოქდაუნი" გამოაცხადა, მაგრამ მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა. ამბობენ, რომ მთავრობამ ფული აიღო და შეზღუდვებიც მოხსნა, აქ ჯანდაცვის სფერო უმძიმეს დღეშია და რაც მთავარია, ძალიანაც რომ მოინდომონ, ინფიცირებულთა აღრიცხვაც ვერ მოხდება, რადგან ათასობით ადგილობრივი აღრიცხულიც კი არ არის სადმე, ანუ დაბადების მოწმობა ან რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი არ აქვს. არც მინახავს ვინმე კოვიდით იყოს ინფიცირებული... ბაზაზე, სადაც ვმსახურობ, არ არის, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივებთან კონტაქტისას კი დისტანციას ვიცავთ.

ბაზაზე დასასვენებლად შემოვდივარ, თორემ ყოველდღიურად 12 საათის განმავლობაში გარეთ მიწევს ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა, პირბადის გარეშე არ გავდივარ. ადგილობრივები არც ატარებენ პირბადეს, რომ ვეკითხები კოვიდზე, ეცინებათ, - ადრე იყო პანიკა, უკვე გვქონდა, ახლა აღარ არისო...

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში