ავტორი:

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 19 წლის გოგონა, ალიონა თანია, რომელმაც სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ "აფხაზეთი საქართველოა", ე.წ. შსს-ში დაკითხვაზე რამდენიმე საათი იმყოფებოდა.

"უწყების" პრესმიდვნის ცნობით, "სამართალდამცველებმა" ამ ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ, "აღშფოთებული მოქალაქეებისგან" არაერთი მიმართვა მიიღეს, რის საფუძველზეც ვიდეოს ავტორსა და მის მშობლებს დაუკავშირდნენ. ძალიან მალე სოციალურ ქსელში აფხაზი თანიას კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველო არ არის". ვიდეოში ასევე ასახულია გოგონასა და მისი მშობლების დაკითხვა.

Youtube-ზე გავრცელებული ვიდეო ადგილობრივებმა ე.წ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე აუტვირთეს, რომელსაც 12 400 გამომწერი ჰყავს.

"მე ალიონა თანია ვარ. ძალიან ვნანობ ვიდეოს ჩაწერასა და გავრცელებას, რომელშიც ვამბობ, რომ აფხაზეთი საქართველოა. ეს ვიდეო სხვების თხოვნით ჩავწერე. ყველას ბოდიშს ვუხდი, ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს", - ამბობს გოგონა.

აფხაზი "მილიციელების" მიერ გავრცელებულ დაკითხვის ვიდეოში გოგონას მამა აბობს, რომ გაოცებულია თავისი ქალიშვილის სიტყვებით, რადგან ის "აფხაზეთის სამამულო ომში იბრძოდა". კითხვაზე, "მაშ თქვენს გოგონას როგორ შეეძლო ასეთი რამის გაკეთება", მამამისი თენგიზ თანია პასუხობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ და რისთვის გააკეთა გოგონამ ასეთი რამ".

"ბოდიშით ეს ამბავი არ დამთავრდება, ვიდეოში მონაწილე ყველა პირს დავიბარებთ გამოკითხვაზე", - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მილიციის უფროსი.

აფხაზეთის მოსახლეობაში ამ მიმართვამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ნაწილი გოგონას მკაცრად დასჯას ითხოვს, მეორე ნაწილი კი დასჯის მომხრეებს აგრესიისთვის აკრიტიკებს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მიუღებელია თინეიჯერ გოგონაზე კადიროვის მეთოდებით ზეწოლა.

"იქნებ ვინმე დაინტერესდეს, რატომ გაუჩნდა გოგონას ამ ვიდეოს ჩაწერის სურვილი, რამ განაპირობა?! ჩვენს ახალ თაობას არ აქვს სამშობლოს ჯანსაღი აღქმა და განცდა, რაშიც ყველას, უფროსსა და უმცროს თაობას მიგვიძღვის ბრალი. ალბათ, გადასული იყო საქართველოში და ნახა, რომ ისინი ჩვენზე უკეთ არიან და პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ თაობას სტაბილური ცხოვრება ჰქონოდა?! არაფერი... ნარკომანიის, ლოთობის, ქურდობის, ერთმანეთის ხოცვის, უშუქობის, უმუშევრობის, ძალადობის, იარაღის ტრიალის მაგალითებს ვუტოვებთ. ასე რომ, არ მიკვირს.

ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა, რადგან არ უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არ მიიჩნევს სამშობლოდ. მეტიც, ბევრისგან მოვისმინე, როგორ ვიცხოვრებდით ახლა, დღემდე საქართველოს შემადგენლობაში რომ ვყოფილიყავითო?! ასე რომ, რაღაცამ უნდა გამოგვაფხიზლოს, თორემ ძალიან მალე ისტორიულ პარადოქსებს მივიღებთ", - წერს ინტერმეტმომხარებელი ირმა კოღონია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს სოციალურ ქსელის კომენატრებში, სადაც 19 წლის თანიას ვიდეოჩანაწერია გავრცელებული.

"ეს უკვე დაწყებულია. ამ გოგონამ რაც უნდა თქვას, ეს არ არის საშიში, არც ქვეყნისთვის და არც არავისთვის. საშიში არიან ის ძალები, ვინც ამ გოგონას და მისნაირებს იყენებენ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად. თავად არ ჰყოფნით სიმამაცე, რომ ხმამაღლა ისაუბრონ, რაც სურთ და რასაც ფიქრობენ. ნუ ჩაქოლვათ მის მშობლებს ქვებით, რომელ დედას ან მამას უნდა გამყიდველი შვილი ჰყავდეს?! არც ის მომეწონა, რომ მამამისს ასე ამართლებინეს თავი, რა უნდა ქნას?! ხომ უნდა იცხოვრონ თავიანთ სახლში?! ერთი უბრალო კაცის პირისპირ მაგრები ხართ, არა?! აბა იმ ბობოლებს მიადექით, ვინც ამის პროპაგანდას ეწევა", - წერს ინგა აშუბა.

"კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რომ სხვამ არ გაბედოს", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ლია ჩიქოვანი.

"მგონი ოჩამჩირელია. ნეტავ, რამდენი გადაუხადეს, ან რა ანახეს თბილისში ასეთი, რომ მაშინვე ყველაფერს ხელი მოაწერა?" - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ელენა სტეპანოვა.

"ოჩამჩირელი ყოფილა და სოხუმში სწავლობდა თურმე. გალელი რომ იყოს, კიდევ გასაგებია. ჩვენს უფროს თაობას 30 წლის წინ ამისთვის არ უბრძოლია", - წერს ელენა სმირი.

"ტირანი კადიროვის კანონებს ვამკვიდრებთ აფხაზეთში, რომელიც პუტინს ერთგულებას საკუთარი ხალხის სისხლის ფასად უმტკიცებს?! იმ გოგონას განადგურებული სახე რომ ვნახე, მივხვდი, არაფრით განსხვავდებით მისგან, კადიროვის სისტემას ვნერგავთ აფხაზეთში?! რას მოგვიტანს ეს?! იქნებ ვკითხოთ იმ ბავშვს, რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერი, რა გააპროტესტა ამით, შეუმდგარი ქვეყანა და სახელმწიფო ხომ არა?!" - წერს რომან ლასარია.

"ყოჩაღ ჩვენს შსს-ს, რომ ასეთი ოპერატიული რეაგირება ჰქონდა. აბა რა, მოღალატე დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს", - აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი ლარისა ხაჯიმბა.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 დეკემბერს, გალის რაიონის მცოხოვრებ ირაკლი ბებუას, რომელმაც 2020 წლის 30 სექტემბერს (როცა აფხაზური მხარე ე.წ. დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს აღნიშნავდა) აფხაზეთის დროშის დაწვა სცადა, სოხუმის "სასამართლომ" 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ