ავტორი:

რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი

რამდენად ეფექტიანია "ნოვავაქსის" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში შემოიტანონ - ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი

საქართველოში შესაძლოა, ზაფხულში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ნოვავაქსის" ვაქცინა შემოიტანონ და როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღნიშნული ვაქცინის შესახებ საინტერესო და ინფორმაციულ პოსტს აქვეყნებს ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სატელევიზიო ეთერებიდან გაჟღერდა, რომ საქართველო „ნოვავაქსთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. იმედი ვიქონიოთ ეს მცდელობა წარმატებული იქნება.

მანამდე კი ცოტა რამ "ნოვავაქსის“ შესახებ:

"ნოვავაქსი“ (Novavax, კოდური სახელით NVX-CoV2373) ცილოვანი სტრუქტურის ვაქცინაა. ვაქცინა გამოირჩევა მაღალი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებით.

  • კლინიკური კვლევების ადრეულ ფაზებში აჩვენა ძალიან მაღალი ეფექტურობა; 96% მძიმე და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან დაცვა კორონავირუსის ტრადიციული შტამის შემთხვევაში, 86% - ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ და 49% - კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ფორმის წინააღმდეგ.

- რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ნოვავაქსის მოქმედებას?

"ნოვავაქსის“ შემთხვევაშიც მთავარი მოთამაშე ეგრეთ წოდებული "სპაიკ ცილაა“, რომლითაც კორონავირუსი უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს და მხოლოდ ამის შემდგომ იწყებს გამრავლებას და სხვა და სხვა ორგანოებისთვის ზიანის მიყენებას. ნოვავაქსი ადამიანის ორგანიზმს "ასწავლის“ "სპაიკ“ ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას, რათა ორგანიზმში მოხვედრილ კორონავირუსს უკვე მზა ანტისხეულები დახვდნენ და ამოცნობისთანავე შებოჭონ.

შებოჭილი "სპაიკ“ ცილით კორონავირუსი სრულიად უფუნქციო ხდება და მას უკვე აღარ შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება.ვინც თვალს ადევნებდა ჩემს ბეჭდურ და ვიდეო პოსტებს ვაქცინების თაობაზე, მათ უკვე იციან, რომ აქამდე ნაცნობი კოვიდ-ვაქცინების შემთხვევაში, "სპაიკ“ ცილას ადამიანის უჯრედი გამოიმუშავებდა მისთვის მიწოდებული გენეტიკური ინსტრუქცის შესაბამისად.

რნმ ვაქცინების შემთხვევაში, ამგვარი გენეტიკური ინსტრუქცია უჯრედში მიიტანება ლიპიდურ კონვერტში შეფუთული კორონავირუსის "სპაიკ“ ცილისთვის დამახასიათებელი რნმ მოლეკულით, ასტრაზენეკას და ჯონსონის შემთხვევაში ინსტრუქტორის როლი დნმ-ს ეკისრება, რომელიც ადამიანის უჯრედში სხვა ვირუსში მოთავსებული მიიტანება. ნოვავაქსისთვის ეს მექანიზმი ძალიან განსხვავებულია. კორონავირუსისთვის დამახასიალთებელი "სპაიკ“ ცილის შექმნა ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმის გარეთ ხდება და შემდეგ უკვე მზა ცილა იფუთება ვაქცინად და ამით იცრება ადამიანი.

- სად ხდება "სპაიკ“ ცილის სინთეზი?

მოდიფიცირებული "სპაიკ" გენი შეჰყავთ ბაკულოვირუსში და შემდეგ ამ ვირუსით აავადებენ ჩრჩილის უჯრედს. სწორედ ჩრჩილის უჯრედებში ხდება "სპაიკ" ცილის სინთეზი. ეს ჩვენთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა. ამ ტექნოლოგიითაა დამზადებული გრიპის და HPV ვაქცინები. შემდეგ უკვე ჩრჩილის უჯრედებში მოწეული "სპაიკ“ ცილის "მოსავალი“ გარდაიქმნება ნანო ნაწილაკებად. ნოვავაქსის ნანონაწილაკები კორონავირუსის "სპაიკ“ ცილის მოლეკულურ სტრუქტურას იმეორებენ და სწორედ ამიტომ, ადამიანის ორგანიზმი მათთან შეხვედრას პასუხობს იმუნური რეაქციით.

იმუნური რეაქცია ამ შემთხვევაშიც არის ჯაჭვი, რომელიც შედგება "იმუნური ჯარისკაცების“ T და B ლიმფოციტების აქტიურობისგან და საბოლოო პროდუქტის ანტისხეულებისგან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნოვავაქსი მეხსიერების B ლიმფოციტების გააქტიურებით ხელს შეუწყობს გრძელვადიან იმუნურ დაცვას, თუმცა ამის დამტკიცებას დროში დაკვირვება დასჭირდება.

ნოვავაქსმა ვაქცინაზე მუშაობა 2020 წლის იანვარში დაიწყო. კლინიკური კვლევების პირველი ფაზა მაისიდან მიმდინარეობდა, მესამე ფაზა კი სექტემბერში 15,000 მოხალისით დაიწყო და დეკემბერში, კვლევის ამერიკულ ნაწილში უკვე 30.000 მონაწილით გაგრძელდა.

როგორც უკვე ვახსენე ამ ვაქცინის ეფექტურობა ტრადიციული შტამის შემთხვევაში რნმ ვაქცინებს უტოლდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ ნაჩვენები 49%-იანი ეფექტურობის გამო კომპანია უკვე მუშაობს ვაქცინის ახალ ფორმულაზე, რომელიც ახალ მუტაციას გაითვალისწინებს.

დაუჯერებელი მითების მოყვარულთ აქ უკვე სრულიად გამოცლილი აქვთ საფუძველი ზღაპრების შესათხზავად. ვაქცინა მზადდება ტრადიციული ტექნოლოგიით. ალბათ არავინ იდავებს იმაზე, რომ გრიპის ვაქცინა ადამიანის გენეტიკურ კოდს არ ცვლის. ნოვავაქსი მექანიზმით სწორედ მას ჰგავს.

  • “ნოვავაქსი“ორდოზიანი ვაქცინაა და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. მეორე დოზის ინექცია საჭიროა ერთი თვის ინტერვალით.

კლინიკური კვლევის დეტალები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. პრესრილიზში ნათქვამია, რომ ნოვავაქსის უსაფრთხოების პროფილი საიმედოა. ის ამჟამად გადის ავტორიზაციისთვის საჭირო შეფასებას ამერიკის წამლის სააგენტოში. ფიქრობენ შესაბამისი საბჭოს საბოლოო სხდომა მაისისთვის ჩაინიშნება და ნოვავაქსს აქვს კარგი შანსი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების უფლება მიიღოს. ნოვავაქსიც ამერიკული ვაქცინაა" - წერს ნანა გეგეჭკორი.

სტუ-ის სტუდენტი - მადლობელი ვარ ტექნიკური უნივერსიტეტის და ჩემი დეკანატის, მუდმივად ვგრძნობ თანადგომას

"შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ბათუმში აივანი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები