ავტორი:

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო ატეხილ ხმაურს აქტიურად ეხმაურებიან რუსული მედია და ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები. "როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღე თბილისში", "კვერცხებით ჩაქოლილი" 87 წლის იუბილე" და პოლიციის კორდონით გადაადგილება თბილისში ქუჩებში", - წერენ ინტერნეტსივრცეში პოზნერის თბილისურ ვოიაჟზე.

"თბილისში, ლოკდაუნის დარღვევის გამო ვლადიმერ პოზნერი, მისი მეგობრები და რესტორანი, რომელმაც მათ უმასპინძლა, დააჯარიმეს", - წერს გამოცემა rbc.ru. მისივე ცნობით, ადგილობრივმა შსს-მ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 32 პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა, მათ შორის არის ცნობილი რუსი ჟურნალისტიც. "რესტორან "ვინოტელს" კი, 10 000 ლარის გადახდა მოუწევს", - წერს გამოცემა.

dw.com. ru-ს ცნობით, რუსი ჟურნალისტი პოზნერი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა აქტივისტებმა, სპონტანურად გამართეს საპროტესტო აქცია. მან მთელი ღამე აქციებისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე გაატარა. "ის არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქ ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვს", - აცხდებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის წევრები პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით.

დილით ადრე კი, ის იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. "ავტობუსს, რომელშიც პოზნერი და მისი მეგობრები ჩასხდნენ, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს... ის აეროპორტამდე სტვენითა და ხმამაღალი შეძახილებით გააცილეს", - წერს გამოცემა.

"თბილისში კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი იმყოფებოდა", - ამ სათაურით ასე ეხმიანება ria.ru გასულ ღამეს რუსი ჟურნალისტის თბილისში სტუმრობას.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა თბილისი ჩარტერული რეისით დატოვა, წერს ekhokavkaza.com. გამოცემის ცნობით, ის ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის მოსაზრებით, ქართველი საზოგადოება სრულიად ადეკვატურია პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით. ზოგი კი რჩება იმ აზრზე, რომ ქართველი ხალხი, ზედმეტი სიხისტით, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს კვლავაც აზიანებს.

"ბრავო, ქართველებო!.. ბუმერანგის კანონის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენეთ. შეუძლებელია ქვეყანა გიყვარდეს და მის ტკივილს არ აღიარებდე და პატივს არ სცემდე", - წერს დიმა კაცუევი.

"ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ იმ ანგაჟირებულმა აქტივისტებმა, რა იქნებოდა საქართველო რუსი ტურისტების გარეშე და მერე იაროთ სტვენით თბილისის ქუჩებში... ჩვენც არ გვაქვს ერთიანობა, რომ მათ ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ნამდვილი პროტესტი, ვიღაცეებს ქართული ჭაჭისა და შავ-თეთრი ღვინის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ..." - წერს ოლეგ ბალაგანოვი "дожд-ის" "ფეისბუქგვერდის"კომენტარებში.

"ამ ყველაფრის შემდეგ ამბობენ, რომ საქართველოში სიმშვიდეა და შეგიძლიათ დასვენება... ღმერთმა დაგიფაროს, რამე ზედმეტი თუ წამოგცდა, თუნდაც შენი განსხვავებული მოსაზრება, რომ იქიდან გამოქცევა მოგიწევს.. სიველურე!" - წერს სერგეი კირილენკო.

თუმცა, მას მაშინვე უპასუხეს, რომ ქვეყანას, სადაც სტუმრად ჩადიხარ, ირჩევ საკუთარი სურვილით და მისი ისტორიისა და კულტურის მიმართ პატივისცემა თუ არა, სულ ცოტა სოლიდარობა უნდა გქონდეს.

"ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში, ოჯახთან ერთად და ყოველ წელს მეტი მეგობარი ჩამყავს, მაგრამ, ვიცი, ვინ უნდა წავიყვანო... არასდროს უსვრიათ ქვა და კვერცხი, პირიქით, იქ განცდილ სითბოს და ყურადღებას სხვაგან ვერ შეხვდებით... დიახ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საზოგადოება, ვინც მზად არის თავისი თვითმყოფადობა დაიცვას, დიდი და აგრესიული რუსეთის პირისპირაც კი და პოზნერს, რომელიც უსირცხვილოდ აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, იქ ჩასვლის და "გრიალის" მორალური უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მე უფრო იმ ქართველების მიკვირს, ვინც იქ მიიწვია..." - წერს ვლადიმირ სავჩენკო.

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ, თავიანთი რუსული სამყაროთი და ბრძნული აზრებიც იქიდან აფრქვიონ" - მიაჩნია მარია შალაგანოვას.

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

დღის ფოტო: მიხაკები ენგურზე - დაღუპული აფხაზების ხსოვნას შამგონაში პატივი მიაგეს

"მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე