ავტორი:

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დახმარებით მოხერხდა.

უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, გაწერილი იყო როგორც პაემანის დრო, ასევე მნახველთა რაოდენობა. აღნიშნული შეთანხმებით, ბრალდებულის ოჯახის ოთხ წევრს - ორ ზრდასრულს და ორ არასრულწლოვანს შეეძლო საპატიმროში პაემანზე შესვლა.

„ბუნებრივია, დაკავებიდან დღემდე, ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და „წითელმა ჯვარმა“ შეძლო, რომ შეეთანხმებინა შეხვედრა. პაემნების ოთახში შევხვდით. ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა.

მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათ, ახსენეს მსგავსი რაღაცები - თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით", - განაცხადა ირმა ბუთხუზმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"აქ ყველაფერი ლამაზია... ადამიანის ხელმა კი, მის დამახინჯებაზე ისე იზრუნა, როგორც შეძლო" - მიტოვებული აფხაზეთი და მისტიური ადგილები რუსი ჟურნალისტის ობიექტივში

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ