ავტორი:

"ჩემპიონთა ლიგა" მესისა და რონალდუს გარეშე, "სეისმოლოგიური ძვრები" ფეხბურთში და მილიონები - რა არის "სუპერ ლიგა", რომელსაც საფეხბურთო სამყაროში სკანდალური განხეთქილება მოჰყვა

"ჩემპიონთა ლიგა" მესისა და რონალდუს გარეშე, "სეისმოლოგიური ძვრები" ფეხბურთში და მილიონები - რა არის "სუპერ ლიგა", რომელსაც საფეხბურთო სამყაროში სკანდალური განხეთქილება მოჰყვა

მომდევნო წლიდან შესაძლოა, ფეხბურთის ვარსკვლავები, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, სერხიო რამოსი და სხვები "ჩემპიონთა ლიგაზე“ ვეღარ ვიხილოთ, რადგანაც მოსალოდნელია, რომ ევროპის უდიდეს კლუბებს, სადაც ეს ფეხბურთელები თამაშობენ, აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ყოველივე უკავშირდება ახალი ჩემპიონატის, "სუპერ ლიგის“ შექმნას, სადაც თამაშზე თანხმობა უკვე განაცხადა 12-მა ევროპულმა ტოპ კლასის საფეხბურთო კლუბმა.

"ევროპულ ფეხბურში სეისმოლოგიური ძვრებია“, - ასე აფასებენ სპორტის ექსპერტები "სუპერ ლიგის“ შექმნას, ხოლო ფეხბურთის გულშემატკივრების აზრით, ყოველივე "ფეხბურთის დასამარებაა."

  • მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად:

უკვე ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოს 12-მა უდიდესმა კლუბმა ხელი მოაწერა თანხმობას ახალ ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ.

  • რომელი კლუბები ითამაშებენ სუპერ ლიგას?

ჩემპიონატში ითამაშებენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული, ისტორიული კლუბები.

ინგლისიდან ე.წ. დიდი ექვსეული: მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, არსენალი და ტოტენჰემი.

ესპანეთიდან: ბარსელონა, მადრიდის რეალი და ატლეტიკო მადრიდი.

იტალიიდან: იუვენტუსი, მილანის ინტერი და მილანი.

ჯერჯერობით, შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ გერმანულ და ფრანგულ კლუბებს, მათ შორის, ბაიერნსა და პარი სენ-ჟერმენს.

უახლოეს პერიოდში დაასახელებენ კიდევ სამ კლუბს, რომელიც ახალ ჩემპიონატს უერთდება. საერთო ჯამში, ჩემპიონატისთვის 20 საფეხბურთო კლუბი უნდა შეგროვდეს.

  • როდის დაიწყება ახალი ჩემპიონატი?

გეგმის მიხედვით, ახალი ჩემპიონატი უკვე მიმდინარე წლის აგვისტოდან უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, გეგმავენ, რომ შეიქმნას "სუპერ ლიგა“ ქალებს შორისაც.

  • როგორი იქნება ფორმატი?

ლიგაში სულ 20 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 15 მისი მუდმივი წევრი იქნება, დანარჩენ ხუთს კი მოუწევს გაიაროს კვალიფიკაცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ მოხდება ამ ხუთი გუნდის შერჩევა, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება წინა სეზონის მიღწევებზე.

  • ვინ არის სუპერლიგის ხელმძღვანელი?

ოფიციალური განცხადების თანახმად, სუპერ ლიგის ხელმძღვანელები იქნებიან მისი დამფუძნებელი კლუბების წარმომადგენლები. მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ლიგის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა. ვიცე პრეზიდენტებად კი მანჩესტერ უინაიდეტის პრეზიდენტი, ჟოელ გლეიზერი და იუვენტუსის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი დასახელდნენ.

  • რატომ დააფუძნეს ახალი ჩემპიონატი?

როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ყველაფერი დაკავშირებულია ფულთან. ისეთ დიდ ჩემპიონატში თამაში, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა, დაკავშირებულია დიდი კლუბებისთვის კოლოსალურ შემოსავალთან, თუმცა მათ კიდევ უფრო მეტი სურთ და სურთ, რომ ეს შემოსავალი იყოს ყოველწლიურად გარანტირებული. მაგალითად, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურნირის ცხრილის გათვალისწინებით, "ჩემპიონთა ლიგაზე" ვერ გადიან ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი და არსენალი, რაც ამ კლუბებისთვუს მილიონობით ევროს გარეშე დარჩენას ნიშნავს. "სუპერ ლიგის" შემთხვევაში კი ამ კლუბებს გარანტირებულად ექნებათ დიდი რაოდენობის შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნული ტურნირის მუდმივი მონაწილეები იქნებიან.

  • რა ემუქრებათ იმ კლუბებსა და მოთამაშეებს, რომლებიც "სუპერ ლიგას" შეუერთდებიან?

UEFA-სა და FIFA-ს მხრიდან ახალი ჩემპიონატის შექმნის შესახებ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა და როგორც აღნიშნული უმსხვილესი ორგანიზაციების განცხადებით ირკვევა, უნდა ველოდოთ მკვეთრ და მკაცრ ნაბიჯებს იმ კლუბებისა და ფეხბურთელებისადმი, რომლებიც ახალ ჩემპიონატს უერთდებიან.

"სუპერ ლიგის მონაწილე კლუბებს აეკრძალებათ მონაწილეობა ნებისმიერ სხვა შეჯიბრში, შიდა, ევროპულ, თუ მსოფლიო დონეზე და შესაძლოა, მათ ფეხბურთელებს აეკრძალოთ თავიანთ ეროვნულ გუნდებში თამაში“, - ნათქვამია UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

  • გამოხმაურებები:

აღნიშნულს საფეხბურთო წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, გარდა ამისა, განცხადებები და შეფასებები გააკეთეს მაღალი რანგის პოლიტიკოსებმაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ის, რასაც ახლა ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელი აკეთებს, ფეხბურთისთვის ძალიან დამაზიანებელია. "ამ ყველაფერში ჩართულმა კლუბებმა პასუხი უნდა გასცენ თავიანთ გულშემატკივრებსა და ფართო საფეხბურთო საზოგადოებას, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ,“ - ამბობს ჯონსონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის მიესალმება ფრანგული კლუბების პოზიციას, რომლებმაც ამ ეტაპზე უარი თქვეს, რომ სუპერ ლიგას შეერთებოდნენ. "ის, რაც ახლა ხდება, საფრთხეს უქმნის სოლიდარობის პრინციპს და სპორტულ ღირსებას“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, ამ პროცესში საფრანგეთი მხარს დაუჭერს UEFA-ს და FIFA-ს.

"მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი ამბობს, რომ ის შეძრწუნებულია "სუპერ ლიგის“ შექმნის გეგმით.

"ის, რასაც ამ კლუბების მფლობელები აკეთებენ, და მათ შორის, "მანჩესტერ იუნატედის" ხელმძღვანელი, მხოლოდ სიხარბეა, ისინი თაღლითები არიან. ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს ფეხბურთთან“, - ამბობს გარი ნევილი.

წყარო

"შულერია, ჩამოსული გასტერბაიტერი - ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას, შენ "ფეიკი" ხარ" - უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილს პასუხობს

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"