ავტორი:

"როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“ - რას წერენ რუსული გამოცემები საქართველოში დასვენებაზე?

"როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“ - რას წერენ რუსული გამოცემები საქართველოში დასვენებაზე?

თურქეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტებისგან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დასვენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამის თაობაზე რუსული მედია აქტიურად წერს.

რუსულ გაზეთ "კომერსანტში" («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია, სათაურით: "როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“, რომელშიც მიმოხილულია რუსი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პირობები, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით. პუბლიკაციაში ლაპარაკია აგრეთვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზეც: არის თუ არა რუსოფობია საქართველოში.

"ვლადიმერ პოზნერს, როგორც ამას წინათ დავრწმუნდით, ათასობით რუსი მოქალაქის მსგავსად, საქართველოში დასვენება უყვარს. ცნობილი ტელეწამყვანი თბილისში პირდაპირი სპეციალური ავიარეისით ჩაფრინდა და თუმცა პრობლემებით, მაგრამ მაინც მოასწრო ქართულ რესტორანში ვახშმობა. რიგით რუს ტურისტებს ასეთი პერსპექტივა ამ გაზაფხულზე არ ექნებათ: საღამოს შვიდი საათის შემდეგ თბილისის ქუჩები გადაჭედილია - ყველა სახლში დაბრუნებას ჩქარობს, რადგან 9 საათზე კომენდანტის საათი იწყება და ეს შემზღუდავი ანტიკოვიდური ზომა უკვე ხუთი თვეა მოქმედებს“, - წერს ავტორი სტატიის დასაწყისში.

"თბილისი საღამოობით "საცობებშია“ გაჭედილი. სარგებლობენ რა სიტუაციით, ტაქსისტები მგზავრებს უარს ეუბნებიან და შესაბამისად, მგზავრობის ფასიც ორმაგდება. მაღაზიები 7 საათზე იკეტება, კაფე-რესტორნები - 8-ზე. ცხრა საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეგიძლია, ძალიან საპატიო მიზეზით - ვთქვათ, აეროპორტში ვინმეს უნდა დახვდე, ან მორიგე აფთიაქში წამლისთვის უნდა მიხვიდე“, - აგრძელებს ქართული ანტიკოვიდური ზომების შესახებ საუბარს ავტორი.

გასულ შემოდგომით საქართველომ კორონავირუსის მეორე ტალღა მძიმედ გადაიტანა, რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოებში თავისუფალ ადგილს ვერ იპოვნიდი. იმ პერიოდში ქვეყანაში მეორე ლოქდაუნი გამოაცხადეს, მიმდინარე წლის მარტისთვის ზოგიერთი შეზღუდვა გააუქმეს, მაგრამ კომენდანტის საათი დარჩა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვებმა ყველაზე მძიმედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე იმოქმედა: ბევრი გაკოტრდა და დაიხურა, ხოლო მათი მფლობელები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, აცხადებენ, რომ კიდევ ლოქდაუნს ვერ გადაიტანენ. მათთვის ახლა მთავარია იმუშაონ, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვებით.

მაგრამ ახლა ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის მესამე ტალღაზე დაიწყეს ლაპარაკი: ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ვაქცინაციის პროცესი კი ენთუზიაზმის გარეშე მიდის - ამით საქართველო დანარჩენი მსოფლიოსაგან არ განსხვავდება. ქართველთა თავშეკავებას ვაქცინაციისაგან ხელს უწყობს ისიც, რომ თავდაპირველად აქ ვაქცინა "ასტრაზენეკა“ შემოიტანეს, რომლის ეფექტურობა ევროპაში დავას იწვევს“, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში საქართველოში ტურიზმის მდგომარეობაც არის მიმოხილული: უკან დარჩა სარეკორდო 2019 წელი, როცა ქვეყანას 9,3 მილიონი უცხოელი მოგზაური ეწვია. ასევე მხოლოდ კეთილ მოგონებას წარმოადგენს ტურიზმისაგან 2019 წელს მიღებული შემოსავლები (3,3 მილიარდი დოლარი). კორონავირუსის გამო 2020 წელს საქართველოში უცხოური ტურისტების რაოდენობა 80%-ით შემცირდა, ასევე სემოსავლებიც ანტირეკორდული გახდა - მხოლოდ 427 მილიონი დოლარი. უმუშევრობა თითქმის 20%-ს შეადგენს, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 79%-ისთვის ეკონომიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.

  • თუ ჯერ კიდევ გასული წლიდან გაყინული ქართული ტურიზმი არც მიმდინარე წელს არ გამოცოცხლდება, ქვეყანას სტაბილური შემოსავლები მოაკლდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უცხოეთში აღებულ გიგანტურ ვალსაც ხომ გასტუმრება უნდა?

"ამჟამად საქართველოში საჰაერო გზით რუსეთიდან მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით შეიძლება მოხვდე“, - წერს ავტორი და მიუთითებს:

"ცოტა ხნის წინ თბილისში შეიძლებოდა ტურისტი სტამბოლის გავლით ჩასულიყო, მაგრამ რუსეთ-თურქეთის ავიამარშრუტი უკვე დაიხურა. ახლა მთელი იმედები მინსკისა და ერევნის გავლითღა არსებობს. თუ ავიაბილეთი მოსკოვის-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით და უკან დაახლოებით 25 ათასი რუბლი (სადღაც 320 დოლარამდე) ღირდა, ერევნის გავლით დაჯდება 22 ათასი რუბლი, ხოლო მინსკის გავლით - 27 ათასი. სხვათა შორის, ყველაზე იაფი უკრაინის მიმართულებაა: კიევი-თბილისის პირდაპირი ავიარეისი ორივე მიმართულებით მხოლოდ 135 დოლარი ღირს.

სამწუხაროდ, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები ჯერჯერობით არ განახლდება. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ რადიკალური ძალები, მყვირალები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეების მიმართ მტრული განწყობა აქვთ და ამის მაგალითად ვლადიმერ პოზნერის გამო მომხდარი ინციდენტი დაასახელა.

სტატიის ავტორი ტელეფონით ესაუბრება მოძრაობა "სირცხვილიას“ ხელმძღვანელს ნოდარ რუხაძეს, რომლის თქმით, ვლადიმერ პოზნერის მიმართ შეცდომა ხელისუფლებამ დაუშვა, რადგან ასეთი ადამიანი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, რომელიც აფხაზეთს არ აღიარებს საქართველოს შემადგენლობაში და რომელიც კომენდანტის საათს არღვევს. "კომერსანტის“ კორესპონდენტის კითხვაზე - "ემზადებით ასეთი აქციების ჩასატარებლად რუსი ტურისტების მიმართაც?“, ნოდარ რუხაძე პასუხობს: "არა, რა თქმა უნდა, ვინც ასეთ ხმებს ავრცელებს, ეს აღმაშფოთებელი პროპაგანდაა. ჩვენს აქციებში არანაირი ნაციონალისტური მოტივები არ არსებობს. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს აქციებში ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ, თვით რუსებიც კი. ასე რომ, აქციები არც რუსებს და არც რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არ ეხება“. წყარო

საქართველოში ტურიზმის მდგომარეობას შეეხება აგრეთვე რუსეთის (დსთ) ტელეარხის "მირ-24“-ის («Мир-24») ვიდეოსიუჟეტი, სათაურით: "გაზაფხული მთებში: ტურისტებს აჭარის სოფლებში მიეჩქარებათ“, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში აჭარის ტურისტული პოტენციალია მიმოხილული. ტელეკორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე ესაუბრება როგორც აჭარაში მყოფ ისრაელიდან ჩასულ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ მეწარმეებს, სასტუმროების მფლობელებს, მეღვინეებს და სხვებს: "აქაურებს ყველაფერი მზად აქვთ ტურისტების გამასპინძლებისათვის. ისინი ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ მაისისთვის უცხოელი ტურისტების მატებას ველოდებით“, - აღნიშნავენ ისინი.

"ტურიზმისათვის მზადებისას ყურადღება ეთმობა ადგილობრივი კომუნიკაციების მზადყოფნას გადაადგილებისთვის. მიმდინარეობს უხვი ნალექებით დაზიანებული გზების აღდგენაც“, - ნათქვამია ტელესიუჟეტში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობას ტოვებს - რას აცხადებენ კულტურის სამინისტროში?

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

"პირველად, 4 წლის ვიყავი, მამა რომ დავხატე... ზოგიერთი ნამუშევრის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი" - ვინ არის ნახშირით შესრულებული რეალისტური ნახატების ავტორი?