ავტორი:

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, ბოლო 41 წლის განმავლობაში, დღეს ყველაზე გაუარესებულია - "ნერვებიც და რესურსებიც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2019 წლის ივნისის განცხადება, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკან-უკან მიდის და უარესდება, ექსპერტების აზრით, ახლა ცხადდება. ესპანური მედიასაშუალების, El Mundo-ს შეფასებით კი, ამჟამად აშშ-რუსეთის ურთიერთობებში უკანასკნელი 41 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მომენტი დგას.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთი და აშშ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების (New START) განახლებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ექსპერტებს არ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დათბობის მანიშნებელი იყო. New START-ის ხელშეკრულება რუსეთსა და აშშ-ს 1550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებაში ზღუდავს.

  • შესაძლებელია თუ არა შემობრუნება ბაიდენის ეპოქაში?

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად დადებით კონტექსტში ლაპარაკობდა პუტინზე და მასთან ერთად 2018 წელს სამიტიც კი ჩაატარა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არსებითი გაუმჯობესება არ მომხდარა, პირიქით, კიდევ უფრო გაუარესდა სირიის, ერაყის, იარაღის კონტროლის, ადამიანის უფლებების, კიბერუსაფრთხოების და სხვა საკითხების გამო. რუსეთმა ორმხრივი ურთიერთობა აღწერა, როგორც "ძალიან ცუდი" და "კოლაფსის წინაშე მდგომი“.

ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა და გამოხატა თავისი მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მან რუსეთი შეაფასა, როგორც აშშ-სთვის ყველაზე დიდი საფრთხე და თანამდებობის დაკავების შემდეგ აშკარად გამოხატა, რომ რუსეთის მიმართ ტრამპის ეპოქის პოლიტიკას შეცვლის.

უცხოელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ძირითადი შემადგენლობა ობამას ადმინისტრაციაში მსახურობდა და რუსეთზე ისინი კვლავ გულმოსულები არიან ყირიმის საკითხის გამო. ამ დრომდე, ისინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის წარუმატებლობასაც რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევას უკავშირებენ. ამ ყველაფრის გარდა, ამ ადმინისტრაციას გულზე რუსეთი საერთოდ არ ეხატება.

ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ბაიდენი დაესწრო დიდი შვიდეულის (G7) სამიტს, ისევე, როგორც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას; ასევე, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის აღდგენისა და განმტკიცებისა და რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის მოხდენის მიზნით ევროკავშირთან და ნატო-სთან კომუნიკაცია გაზარდა.

2 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსი ფიზიკური პირებისა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საქმის გამო სანქციები და შეზღუდვები დააწესეს. კრემლმა სანქციებს ”მტრული ანტირუსული თავდასხმა” უწოდა და სამაგიეროს გადახდის პირობა დადო.

ამის შემდეგ, 15 აპრილს აშშ-მა რუსეთს კვლავ ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა - ეს პასუხი იყო ნაწილობრივ მოსკოვის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევაზე, მეორე მხრივ კი, კრემლთან დაკავშირებულ კიბერშეტევებზე (SolarWinds cyberattack), რომლის მეშვეობითაც აშშ-ს მთავრობის მრავალ ქსელში მოხდა შეჭრა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს რუსეთთან "ესკალაციისა და კონფლიქტის წრეში" შესვლას, არამედ, ცდილობს, რომ ორივე ქვეყანამ დაძაბულობა მართოს და საჭიროების შემთხვევაში ერთად იმუშავოს. თუმცა პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუს კოლეგასთან, პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას პროპორციული შედეგები მოჰყვება.

  • რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში?

ექსპერტების პროგნოზით, აშშ რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას ვეღარ შეცვლის, ხოლო ყველაზე ცუდი შეიძლება, ურთიერთობის მთლიანი გაწყვეტა იყოს.

აშშ-მა რუსეთს რამდენიმე დღის წინ კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ 17 მარტს გამოაქვეყნა დასკვნა, რომ პუტინმა დაუშვა იმგვარი ოპერაციებით მოქმედება, რომელიც ტრამპის ხელახლა არჩევას შეუწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, კრემლმა ანგარიში, როგორც "საფუძვლის არმქონე", უარჰყო.

სავარაუდოდ, რუსეთის ფინანსური სექტორის მიმართ ამერიკა კიდევ დააწესებს სანქციებს და შესაძლოა, სამხედრო წვრთვნები გაიზარდოს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბალტიისა და შავი ზღვები. თუმცა, ორივე მხარე შეეცდება, სერიოზული კონფლიქტი და უკონტროლო სიტუაციები თავიდან აიცილოს.

რუსეთი-აშშ-ის ურთიერთობის განსაკუთრებული გაუარესება 17 მარტს მოხდა, მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ამერიკულ ABC News-სთან ინტერვიუში ჟურნალისტს დადებითად უპასუხა კითხვაზე - არის თუ არა პუტინი მკვლელი. ამას რუსეთმა ვაშინგტონში ელჩის კონსულტაციისთვის გამოხმობით უპასუხა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის პოზიციაა, რომ თუ აშშ-ს ურთიერთობის გაუარესება უნდა, რუსეთი მზადაა, "ფეხი გაზს დააჭიროს", და ყველაზე ცუდი ის სცენარი იქნება, თუ რუსეთი ამერიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს სრულად გაწყვეტს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საკითხების სიმრავლისა, რომლითაც შეიძლება, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის დაძაბვა ინიშნებოდეს, მთავარი მაინც მათი საპირისპირო ინტერესებია ევროპაში.

“როცა ვაფასებთ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები არ დაძაბულა პატარა საკითხებიდან გამომდინარე. ბევრი ცალკეულ ეპიზოდებს გამოჰყოფს ხოლმე, რასაც ურთიერთობის გაფუჭების მიზეზად მოიაზრებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ზოგადად, რუსულ და ამერიკულ პროექტებს შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობა არსებობს, ამ ორი სახლემწიფოს ინტერესი არ ემთხვევა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს.

პირველი - აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპა და განსხვავდება ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. ე.ი., ერთ მხარეს, როცა ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში დასავლურ კოალიციაზე, მათი ხედვა აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილის ხედვას ემთხვევა, რომ ეს უნდა იყოს რეგიონი, სადაც ლიბერალური დემოკრატია, კანონის უზენაესობაა და ადამიანის უფლებებია დაცული; ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც არის ევროპული და ევროატლანტიკური, როგორც უსაფრთხოების სისტემის, ასევე, მთლიანად აღნიშნული სივრცის ნაწილი; ხოლო რუსეთის ფედერაცია მოიაზრებს, რომ ეს არის ზონა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ექსკლუზიური ინტერესებისა და ჰეგემონიის ზონას.

ესაა, ასე ვთქვათ, მისი ტრადიციული გავლენის სფერო, რომელსაც ყოველ შემთხვევაში, ასე უყურებს და ასეთად ხედავს, მაგალითად, როცა ლაპარაკია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე, იმავე, უკრაინაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე, ასევე საქართველოსთან მიმართებაშიც, მათი გადმოსახედიდან ერთპიროვნული ჰეგემონი რუსეთი უნდა იყოს. შესაბამისად, უპირველესი, ფუნდამენტური განსხვავება იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ ევროპული უსაფრთხოების გარემო, სისტემა და როგორ ხედავენ ისინი მათში საკუთარ როლს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი შანსი იმისა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს, არის ის, რომ ან რუსეთმა უნდა განახორციელოს სერიოზული რევიზია საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხედვების და გაიაზროს საკუთარი როლი და ადგილი თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში, ან იგივე უნდა მოახერხოს აშშ-მა, - არც ერთი და არც მეორე მხრიდან ამის ნიშნები არ შეინიშნება.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ გართულებულ ურთიერთობებს, რომელიც პერიოდულად კიდევ უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად ცდილობენ ეს სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების წინ წამოწევასა და დაცვას. შესაბამისად, თითოეული სახელმწიფოს მიერ მიღწეული წარმატება მეორის წარუმატებლობაა და პირიქით, ანუ საქმე გვაქვს ერთგვარ უსაფრთხოების დილემასთან, სადაც ერთი ძალის ცენტრის გაძლიერება უტოლდება მეორე ძალის ცენტრის დასუსტებას. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება მხოლოდ უარესდება და მომავალშიც უნდა ველოდოთ, რომ ასე გაგრძელდება. ურთიერთობების სისტემატური და თანდათანობითი გაუარესება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება, - უპირველეს ყოვლისა, მაგალითად იმაში, რომ თუნდაც, სანქციების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, აღნიშნულ სანქციათა პაკეტებში კიდევ ახალი კომპანიები შედის და ახალი ინდივიდები რუსეთის მოქალაქეები, ერთვებიან, რაზეც რუსეთს საკმაოდ მძიმე და მტკივნეული რეაქცია აქვს; ასევე ვხედავთ, რომ უკრაინის გარშემო სიტუაცია საკმაოდ რთულია და საკმაოდ სერიოზული დაძაბულობის საგანს წარმოადგენს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე.

უცხოელი ექსპერტების შეფასებაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი იქნება, გობრონიძე აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცუდი სცენარი კი არა, მისი მხოლოდ დასაწყისი იქნება.

"ბევრად უარესის მოფიქრებაც შეუძლიათ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა - ეს იქნება ყველაზე უარესი სცენარის განხორციელების დასაწყისი, თორემ ბევრად უარესი რაღაც შეიძლება მოიფიქრონ, დაწყებული ე.წ. Proxy ომებით, დამთავრებული ცალკეულ შემთხვევაში პირდაპირი შეტაკებებითაც. რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი ომი ბირთვული შეკავების პირობებში გამორიცხულია, მაგრამ იქნება საკმაოდ გართულებული კომუნიკაცია და ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის.

რაც შეეხება ბაიდენის შეთავაზებას უკრაინის საკითხთხზე მესამე ქვეყანაში შეხვედრაზე, რუსეთმა თქვა უარი, შესაბამისად, აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, აღნიშნოს, რომ კი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვხედავთ, რა ხდება, ვცდილობთ ურთიერთობის დეესკალაციას, რასაც ეს გადაწყვეტილება ემსახურება და ა.შ. საერთაშორისო პოლიტიკის კვლევებში ვიცნობთ შეკავებისა და იძულების პოლიტიკას, შესაბამისად, აშშ ახორციელებს ევროკავშირთან ერთად რუსეთთან იძულების პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით რუსეთის ფედერაცია ძალიან აქტიურ წინააღმდეგობას უწევს - იგივე, შეხვედრაზე უარიც ნიშნავდა იმას, რომ რუსეთი ჯერ არაა მზად, ამერიკისგან მოისმინოს ახალი წინადადებები, ამიტომ იღებს კონტრზომებს.

ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (მაგ. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, და ა.შ.) შეკავების რეჟიმში არიან, აშშ და ევროკავშირი მთლიანად, როგორც ორგანიზაცია, ცდილობენ, აიძულონ რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში თავისი აგრესიული თუ მებრძოლი პოლიტიკა შეაჩეროს. შესაბამისად, ჩვენ მთლიანობაში პროცესს უნდა შევხედოთ - თავისთავად ცხადია, მოსკოვი ასე ადვილად დასაყოლიებელი არ არის... ეს დასავლეთშიც ძალიან კარგად ესმით, უბრალოდ, ეს არის გარკვეული ფაზები, რადგან რაც უფრო მეტ დესტრუქციულობას გამოავლენს რუსეთის ფედერაცია, მით უფრო გაზრდის ზეწოლას აშშ. კი ბატონო, მესმის, რომ ეს ნერვებისა და რესურსების ომია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთიც და მეორეც აშშ-ს ცალსახად მეტი აქვს“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

იტალიელმა პროფესორმა G20-ის მონაწილეებს "შოუ მოჰპარა“ - წელს ზემოთ შიშველი ნიკოლა ფრანჯიონეს ფოტოები, რომელსაც პოლიტიკოსებმა მყუდროება დაურღვიეს

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს