ავტორი:

"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება" - პარლამენტში მისული ოპოზიციონერი დეპუტატების პირველი განცხადებები

დღეს დასრულდა ოპოზიციური პარტიების თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი, რომელიც მათ მეათე მოწვევის პარლამენტს გამოუცხადეს და ისინი პარლამენტში მივიდნენ. უკვე გაკეთდა პირველი კომენტარებიც.

ვნახოთ, რას აცხადებენ ოპოზიციენერი დეპუტატები:

სალომე სამადაშვილი: "დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გადაიშლება ახალი ფურცელი იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო თანამონაწილეობით. უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა აღვუდგინოთ ხალხს უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით."

ბადრი ჯაფარიძე ("ლელო საქართველოთვის" ერთ-ერთი ლიდერი): "ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის გათავისუფლებით საპატიმროდან. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ მეორე ადამიანიც ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე, იმდაგვარად ჩატარება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს, გამოვიდნენ დაუყოვნებლივ რურუა და შემდგომ მელია საპატიმროდან, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის და სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის. ასევე, უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციას და სასამართლო გავათავისუფლოთ კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული."

გიორგი ვაშაძე ("სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი): "„ჩვენ ჩვენს ნაბიჯს ვდგამთ, დღეს ველოდებით, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება მოხდება. პარალელურად ჩვენ დღესვე გვექნება პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, 15-20 სხვადასხვა ტიპის, საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანული და სხვა კანონია მისაღები და გვინდა, რომ ინვენტარიზაცია გავაკეთოთ, რა არის დღეს პარლამენტში ინიცირებული, რომ შეთანხმება, რომელიც არის საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციის ერთადერთი გზა, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს.

ჩვენ ვიმუშავებთ ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხებზე, რასაც მოიცავს შეთანხმება და ვფიქრობ, რომ პარლამენტსაც ეს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი და სხვა საკითხები უნდა გადავწიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დაჩქარებული განხილვები და მიღება ამ ცვლილებების. ნიკა მელია გათავისუფლდება ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, აქვე ვამბობ, რომ სრულად მხარს ვუჭერ, რომ თუ სხვა მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირაო მისაღებია მათთვის, არც აქ გვაქვს პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ ჩვენს შეთანხმებას აუცილებლად შევასრულებთ."

იაგო ხვიჩია ("გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი): "თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ისე, როგორც ამას განმარტავენ ჩვენი მედიატორები და ფასილიტატორები, ვისი ინიციატივითაც მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ჯერ ვნახოთ წარმოდგენილი კანონპროექტი და შემდეგ ვიკამათოთ იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეეხება, არ შეეხება. ეს კანონპროექტი მიუღებელი იქნება თუ იქნება ამორალური, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ, ან ვიღაცას ხელით შეეხნენ, ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით არის ერთმანეთის დასახიჩრება, ამიტომ მე მგონი აქ ბუნებრივად ისედაც არის ზღვარი გატარებული და ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არცერთ პოლიციელს და არცერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი."

"სააკაშვილი ვერ ჩამოვა - დაიჭერენ..." - იაგო ხვიჩია

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა - "შევასრულე ჩემი სიტყვა"

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"