ავტორი:

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

"გადაღების წინ 40 დღე ჩაიკეტა, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა..." - რას იხსენებენ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან მისი მეგობრები და კოლეგები?

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძე იყო მსახიობი, რომელსაც ხალხის დიდი სიყვარული დამსახურებულად ჰქონდა მოპოვებული... დიდი წინაპრების შთამომავალმა საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა, სადაც ტკივილიც ბევრი ჰქონდა და სიხარულიც. ამ ცხოვრებაში მისი მთავარი დანიშნულება იყო დიდი სიყვარულის გაცემა, სიყვარული ყველას და ყველაფრის მიმართ...

AMBEBI.GE ესაუბრა მის უმცროს მეგობრებს - რეჟისორებს, მსახიობებს, რომლებიც მას ახლოს იცნობდნენ და შემოქმედებითი ურთიერთობაც აკავშირებდათ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, კახი კავსაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წიგნი აქვს გამოცემული:

- მძიმე ამბავია... არადა, მიუხედავად მისი ბოლო ორთვიანი რთული მდგომარეობისა, სულ გვეგონა, რომ კიდევ შექმნიდა, გააკეთებდა, სულ იქნებოდა და იქნებოდა... ლეგენდარული კაცი იყო თავისი წარმომავლობით, თავისი სიყვარულის ისტორიით, არტისტული ისტორიით, მამა-შვილობით, მეგობრობით... მისი გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ უცნაური აზრები ამეკვიატა - ვნების კვირაში, ორშაბათს წავიდა გივი ბერიკაშვილი და ვნების კვირაში, სამშაბათს წავიდა ბატონი კახი.

თავისთავად ეს პარალელი და მათი მრავალწლიანი მეგობრობა, რომელსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი, ალბათ ეს დამთხვევაც რაღაცაზე მიანიშნებს... 4 წელია, აღარ არის გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე მას მერე სხვა ადამიანი იყო... ჩვენს თეატრს გაუმართლა, - მისი ბოლო სცენიური ნამუშევარი მოზარდმაყურებლთა თეატრში შედგა, მან "პატარა უფლისწულში" ითამაშა.

სპექტაკლი იწყებოდა ასე - ის სიმბოლურ ვარდს ბელას (მეუღლე, მსახიობი ბელა მირიანაშვილი. - ავტ.) ხსოვნას უგზავნიდა და ისინი ახლა უკვე ერთად არიან... სამი დღე აპარატზე იყო და გვქონდა იმედი, რომ გამოძვრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. თუმცა ძალიან იბრძოლა სიცოცხლისთვის... უკურნებელი სენით იყო დაავადებული და აგერ უკვე რამდენი წელია, ამ ფონზე იმდენი საინტერესო რამ შექმნა - კინოფილმები, სპექტაკლები - "მოხუცი ჯამბაზები", ჩვენი სპექტაკლი, ნანა ჯანელიძის ფილმში ითამაშა. ეს ფილმი, "ნეტავ, იქ თეატრი არის?" მისი ერთი საღამოს, "კავსაძეების" გამოძახილი იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში თავად შექმნა, სადაც მოყვა ისტორიას სანდრო კავსაძით დაწყებული მთელი მათი გვარის ისტორიით დამთავრებული, რაც ქართულ ფოლკლორს უკავშირდება...

სიცოცხლისთვის, სიხალისისთვის იყო დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია გადაიარა. 1992 წლის შემდეგ, რაც ბელა გარდაიცვალა, ის ძველებური კახი აღარ იყო... როდესაც ვინმეს გარდაცვალებას შეიტყობდა, - ყოველ ჯერზე ჰქონდა გაოცება - როგორ კაცო, მოკვდა? რამდენჯერ შევსწრებივარ მის ამ ფრაზას. ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ფაქტობრივად, კახის ბავშვობის მეგობარი იყო. თითოეულის წასვლისას კი მათი მთავარი ჭირისუფალი გახლდათ. მერე იწყებდა იმის გაანალიზებას, რისთვის იცხოვრა ამა თუ იმ ადამიანმა... შთამბეჭდავი, მრავლისმომცველი დიდი არტისტი დავკარგეთ. მართლა დიდი დანაკარგია...

ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი:

- სიკვდილი არის ჭირნახული ცხოვრების ბოლო აქტი, როდესაც ადამიანი გადადის სხვა სამყაროში, სიკვდილი სხვანაირად წარმოაჩენს მას. კი, ის ჭირნახული ცხოვრების საბოლოო შედეგია. ისე აღმოჩნდა, რომ კახის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე, ასევე დიდი სიხარულით, გამარჯვებებით და საოცარი კეთილშობილებით. ეს ყველაფერი ერთ ადამიანში გაერთიანებული ძალიან იშვიათია. მას ჰქონდა ქართველი მამაკაცისთვის დამახასიათებელი ყველა აღმატებულ თვისება - საოცარი უნარი ქალის შეყვარების, ერთგულების, პროფესიონალიზმის. უნარი - ყოფილიყო კეთილგანწყობილი, თავს არ აძლევდა უფლებას, რამე შეშურებოდა, ან ვიღაცაზე დაბოღმილიყო. ეს იყო კეთილშობილების, სიხარულის, სიხალასის განსახიერება. ხომ ვამბობ, ძალიან იშვიათია, ამ ცხოვრებაში, ამ ასაკამდე ასეთი წონასწორობა შეინარჩუნო და ეს იყო არა მხოლოდ მისი პიროვნული თვისება, არამედ გააზრებულად მოპოვებული.

მისი აბდულა ხომ მთელმა ყოფილმა საბჭოთა სივრცემ იცოდა. ამ უარყოფითი პერსონაჟის შესრულებით კი, ნამდვილი გმირი გახდა. მახსოვს, იხსენებდა, ცკ-ს კომისიამ ფილმი რომ ნახა, თქვა - "თქვენი უარყოფითი გმირი ძალიან დადებითია". ისეთი შინაგანი სიკეთე და კეთილშობილება ჰქონდა, რომ უარყოფითი პერსონაჟიც ვერ ითამაშა სხვანაირად. აბდულა კახის ერთ-ერთი საყვარელი გმირი იყო... იმდენი რამ ვისწავლე მისგან და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან მუშაობამ, ფაქტობრივად, ყველა ფილმში გადაღებული მყავს, მაგრამ ამ ბოლო ფილმზე - "ნეტავ, იქ თეატრი არის?", როდესაც ტექსტი შევაჯერეთ, „ნეტავ, იქ თეატრი არის?“ - ეს ფრაზა 7-ჯერ მაქვს გადაწერილი. უნდა ყოფილიყო ის, რაც მას მოსწონდა.

მთელი ტექსტი რომ შედგა, რომელიც მის ცხოვრებას ასახავდა, მითხრა, რომ ტექსტის შესასწავლად 40 დღე სჭირდებოდა. ჩაიკეტა სახლში, გამორთო ტელეფონი და ტექსტს სწავლობდა... კახი იმის მაგალითი იყო, რისკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. ისეთი მდიდარი და არაჩვეულებრივი ცხოვრება განვლო და ისეთი დიდი სიყვარული მოიპოვა, ეს მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. მომსწრე ვარ, მის დანახვაზე ქუჩაში გამვლელებს რა ემართებოდათ და კახიც როგორი უხვი იყო, სულიერად გულუხვი მათთან ურთიერთობაში, სიხარულის გამცემი, რაც დიდი ბედნიერება იყო. მედგრად იბრძოდა - ჯანმრთელობის გაუარესებას არ ეპუებოდა, ფარ-ხმალი არ დაუყრია, ხელი არ ჩაუქნევია და ესეც ის მაგალითია, რაც გვჭირდება. სამწუხაროდ, სიდიდეს, ძალიან ახლოს ვერ ვაფასებთ და რომ მიდის, მერე ვხვდებით, ვინ იყო.

- და ახლა იმქვეყნად ქართველი კორიფეების დასს შუერთდება...

- დიახ, იქ თეატრი არსებობს და იმ კორიფეებთან, ვისაც აქედან შეჰნატროდა, მათთან ერთად იქაურ თეატრში ითამაშებს ...

დავით კვირცხალია, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- ბატონი კახი სუფთა ქართული მოვლენა გახლდათ. რაც კი კარგი გაგვაჩნია - მშვენიერება, სილამაზე, ჯიში, ვაჟკაცობა და რითაც ვტრაბახობთ, - ეს ყველაფერი ამ ადამიანში იყო თავმოყრილი. მისი წასვლა გააფერმკრთალებს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებას. კახი კავსაძე ავსებდა ყველანაირ პუზას, არასასიამოვნო წაბორძიკებას, მალამო იყო, რომელიც ადამიანებზე საუკეთესოდ მოქმედებდა. იყო ნიჭიერების, თავმდაბლობის, ყველაფრის განსახიერება, ნამდვილი რაინდი, თავისი ყველა თვისებით. დიდი იყო მოღვაწეობით... ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა და ყველაზე მხიარულ კაცად ითვლებოდა, რომელიც იუმორს თავის თავიდან იწყებდა და ამ მუხტს მერე სხვებს გადასდება. მთავარ სათქმელს ისე ამბობდა, რომ ყველა კარგ ხასიათზე დაეყენებინა. დანარჩენ ღირსებებთან ერთად, ეს იყო თითქოს ამქვეყნად მისი მისია. უნდოდა, დედამიწაზე ყველა გაღიმებული ენახა.

- ერთ თეატრში მოღვაწეობდით. რას ნიშნავდა თქვენთვის მის კოლეგად ყოფნა?

- როდესაც თეატრში მივედი და კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემი პირველი პარტნიორი კახი კავსაძე გახლდათ. ეს იყო რობერტ სტურუას სპექტაკლი "სალამურა". თამაშობდა "მიდი, მოადეს" გოლიათი მოკრივეს როლს, მე სალამურა ვიყავი და მასთან მქონდა სცენა. ის იმ პერიოდში უკვე აღიარებული მსახიობი იყო, პოპულარული, ბევრ ფილმში თამაშობდა. შემდეგ კიდევ ვიყავი მისი პარტნიორი თემურ ჩხეიძის "გუშინდელნში" ჯვებე ქოლორდავას ვთამაშობდი, კახი - თავად კოწიას. კიდევ იყო რობერტ სტურუას ერთი სპექტაკლი "ღალატი" სულეიმან ხანის როლი ჰქონდა, მე - პრინცი ერეკლე ვიყავი და მისი გადაწყვეტილებით, ჩემთვის თავი უნდა მოეკვეთათ - საოცარი სცენა იყო...

კახი კავსაძე (სოლეიმანი), ლია გუდაძე და დავით კვირცხალია სპექტაკლში "ღალატი"

გარდა სცენაზე პარტნიორობისა, იყო უფროსი მეგობარი. იმედიც იყო, - თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სხვადასხვაგვარი სიტუაციაა ხოლმე - წარმატებაც, წარუმატებლობაც, მაგრამ კახი თუ შეგხვდებოდა, იმედი უნდა გქონოდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ხომ ვამბობ, ყველანაირ სიმძიმეს ამსუბუქებდა... ჩემს ბოლო ტელენამუშევარსაც უყურებდა და როცა მხვდებოდა, ხან თვალს ჩამიკრავდა, ან იდაყვს გამკრავდა და მაგრძნობინებდა, რომ მიყურებდა... ამ უკარგესი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია.

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

- "სევდა, ისევ სევდა", სულ ეს სიტყვები მახსენდება, შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან მაგარი გუნდის უკანასკნელ წევრთან გვიწევს დამშვიდობება, ბოლო 2 წელიწადში ხელიდან გამოგვეცალა თითქმის მთელი თაობა. დარჩა მოგონება, ოღონდ, ძალიან სავსე და ცოცხალი, საბედნიეროდ, არაერთ პროექტში მომიწია ბატონ კახისთან შემოქმედებითმა თანამშრომლობამ, ყველაზე დასამახსოვრებელი "ქალაქური მელოდიების" გასტროლი იყო ქუთაისში. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ერთ პატარა ქუთაისურ სახლში მედეა ჩახავასთან, გურამ საღარაძესთან და კახი კავსაძესთან ერთად ცხოვრება.

დილიდან საღამომდე, უწყვეტ რეჟიმში ექსკლუზიური სპექტაკლი მქონდა. მახსოვს, თავიდან წასვლა რომ გადაწყდა, ბატონ კახის დავურეკე იმის სათქმელად, რომ მისთვის და მედეა ჩახავასთვის ვაპირებდი მატარებელის ორი კუპის შეძენას. კახიმ გაიკვირვა - ცალ-ცალკე კუპე რატომო? არ მენდობა და ჩემთან ერთად მარტო დარჩენის ეშინია მედიკოსო? ბევრი ვიცინეთ ამაზე... თავიდანვე გვერდით ედგა ფონდ „იავნანას“, თითქმის ყველა აქციის მონაწილე იყო, თუ სცენაზე არ მოუწევდა, აუცილებლად დაესწრებოდა, უყვარდა ოპერა და საერთოდ, კლასიკური მუსიკა. კოცეპტArt-ის პროექტებიდან მისი მონაწილეობით "ოქროს დინამოს" საიუბილეო საღამოს გავიხსენებდი, სცენაზე დიდი სიცოცხლე შემოჰქონდა, რაც არ უნდა მოეყოლა, შემოვიდოდა თუ არა, მაყურებლის ყურადღების სრულ კონცენტრირებას ახდენდა. იმდენ სიცოცხლის სიყვარულს, იუმორს და მუდმივად ხალისიან განწყობას იტევდა, რომ „ჩვენი პატარა ქალაქი“ ბატონი კახის გარეშე ვერც წარმომიდგენია, პარალელურ სამყაროში მაინც ხომ სულ იქნება...

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა