ორგზის ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის პრემიების ლაურეატი, კულტურის ამაგდარის ტიტულოვანი ქალბატონი ახლახან ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისაც დააჯილდოვეს. ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობსო, - ამბობს და იმ გზაზე გვიამბობს, რომელიც ესტრადის მსახიობობიდან დაიწყო, ჟურნალისტიკაში გაგრძელდა და მწერლობამდე მივიდა.
ესტრადის მსახიობი, ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე ambebi.ge-სთან სამ პროფესიაზე, მეგობრებზე, ფეხბურთსა და თბილისზე, რომელიც "დაბადებიდან სჭირს“.
- პანდემიამ რამდენადაც ცუდი მოიტანა და გადარია ხალხი - ფიზიკურად, თუ ფსიქოლოგიურად გაანადგურა, კიდევ უკეთ შეგვაცნობინა ახლობლები და ოჯახის წევრები. პანდემიამდეც და პანდემიის მერეც, ჩემი წამალი, საშველი და ხსნა არის წერა. სწორედ ამ პერიოდში, გასული წლის მარტიდან ოქტომბრამდე, 2 პოეტური კრებული გამოვეცი. ვამბობ ხოლმე, პანდემიამ ორი შვილი მაჩუქა - მეთქი. აქამდე 8 შვილი მყავდა, დღეს უკვე 5 პოეტური კრებულისა და 5 მხატვრულ-დოკუმენტური პროზის მშობელი ვარ. ამასობაში, ჩემი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, რუსულ და მეგრულ ენებზე. თუ კი მეწერება, რა ვქნა? შეიძლება კარგ მუსიკას მოვუსმინო, ყვავილს შევხედო, მოსიყვარულე წყვილი დავინახო და ამან მიბიძგოს წერისკენ, გააჩნია ხასიათსაც... ძირითადად ვცდილობ გადმოვცე ქალის თვალით დანახული სამყარო და ის, რაც ქალს აბედნიერებს - სიყვარული, მონატრება, ვნება... ეტყობა, კოდირებულია ჩვენში, რომ ქართველი ქალი სულ რაღაცას უნდა მისტიროდეს, რაღაც უნდა ენატრებოდეს. პრაქტიკამ მაჩვენა, როცა ამ თემებს ვეხები მკითხველი აიტაცებს ხოლმე და ასეთი ლექსები დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩემთვის სტრიქონები არის მუსიკა, მელოდია, სიმღერა. როცა მეკითხებიან, როგორ, რატომ და რისთვის წერო, ვეუბნები, რომ ჩემი ნაწერი ეს არის კარგადმყოფობის და ავადმყოფობის ისტორიები, ჩემი ლექსები გარკვეულწილად არის რეცეპტები, რომელიც მეც მამშვიდებს და სხვასაც. რა თქმა უნდა, პოეზიაში ვარსკვლავებს არ ვწყვეტ, მაგრამ მიყვარს ლექსი და უზომოდ მიყვარს, როცა ლექსს თვითონ ვკითხულობ.
5 წლისამ ვისწავლე წერა-კითხვა. მამაჩემი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა როსტოვში და წელიწადში 2 ჯერ მაინც მიდიოდა 1-2 თვით გამოცდების ჩასაბარებლად. პატარა ვიყავი, მამა მენატრებოდა და წერილებს ვუწერდი. დედას ახლაც შენახული აქვს ჩემი ბატიფეხური წერილები, ხუთი წლის ასაკში რომ ვწერდი, მამის მონატრებამ დამაწყებინა წერა. კარგი მოსწავლე და აქტიური ბავშვი ვიყავი. მე-2 კლასიდან დავდექი სცენაზე და ჩემი პირველი როლი წითელქუდა იყო. მეექვსე კლასში არტოს ბაღში მდებარე ბავშვთა თეატრში მივედი, სადაც დამხვდა შესანიშნავი პედაგოგი, სრულიად ახალგაზრდა გოგი თოდაძე და მისი მოსწავლეები - მამუკა კიკალეიშვილი, ედიშერ გარაყანიძე, ალეკო მახარობლიშვილი, დათო გიორგობიანი... მათ შორის ყველაზე პატარა ვიყავი. იქიდან მოვდივართ და ვმეგობრობთ მე და ავთო ვარსიმაშვილი. საოცარი ადამიანი იყო ბატონი გოგი, შესანიშნავი თაობები აღზარდა.
ოჯახიდან ხელშეწყობა არ მქონია, მამა ამბობდა, ოჯახში არ მინდა მსახიობიო. წავედი და ჩუმად ჩავაბარე გამოცდები, მოვხვდი კიდეც. ვიცი, მამა მერე როგორ ამაყობდა ჩემით. ორგზის საბჭოთა კავშირის ლაურეატი ვარ, ეს არც არავინ იცის. სამი პროფესია მაქვს. ვიყავი და ვარ ესტრადის მსახიობი, ვინ წამართმევს ამას? მერე წავედი და აღარც გავჩერებულვარ... "რეროს“ და "დიელოს“ კონცერტები მიმყავდა, ვიყავი ფილარმონიის, კერძო მოწვევებიც. მოკლედ, ესტრადას ვემსახურე ბევრი წელი და დღემდე მომყვება ვარსკვლავებთან მეგობრობა და შესანიშნავი ურთიერთობები, რასაც დიდ სიმდიდრედ მივიჩნევ. უამრავი მეგობარი შემძინა ჩემმა პროფესიამ. დღეს ბევრი მათგანი აღარ არის, ძალიან დამწყვიტეს გული...
მამას უნდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი და შემდეგ მისი ხათრით წავედი ამ სფეროში. ესტრადიდან მოვედი ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტიკიდან - მწერლობაში. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, ვიპოვე ჩემი ადგილი.
ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს... ჟურნალისტიკამ არ დამღალა, ახლაც ვაგრძელებ საქმიანობას, პატარა სტატიებს ვწერ - ინტერნეტში მაქვს პრესის, თბილისის, პირადი და პოეზიის ბლოგები. არ არის ადვილი, საინტერესო მასალა შესთავაზო მკითხველს, იმ ბლოგებში მე და ჩემი მკითხველი ერთი ოჯახივით ვართ და არაფერი უნდა შეგეშალოს, ლავირებაც უნდა შეგეძლოს. პირველი კლასიდან ვწერდი, ჩემთვის. მერე აქტიურად ვწერდი სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში ჯერ კიდევ მაშინ, თბილისი რომ ჩამქრალი იყო და საბურავებს წვავდნენ გასათბობად. ამან ყველაფერმა იმოქმედა ჩემზე და დროთა განმავლობაში, ლამის თვალის ჩინი დავკარგე - ორივე თვალზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, სულ ნისლისფერსა და რძისფერში ვიყავი. წლების მერე, ჟურნალისტურ მოგონებებს თავი მოვუყარე და კრებულიც გამოვეცი, რაშიც ექვთიმე თაყაიშვილის პრემია და ორდენი მივიღე. "რაც არასოდეს მითქვამს“- მხატვრულ-დოკუმენტური წიგნია, აქ ისეთი მასალებია, არც ერთ ჟურნალ-გაზეთში რომ არ დაბეჭდილა. წიგნს ეს სიტყვები წარუმძღვარე: ჟურნალისტი, პირველ რიგში, ადამიანების ერთგული უნდა იყოს, ასე ვცხოვრობდი და ვცხოვრობ - ადამიანობით, ზნეობით და კოლეგიალობით. ჟურნალისტიკა ხომ საციცოცხლო პროფესიათაგან ერთ-ერთია და ის ძალიან ჰგავს ცხოვრებას. ან იქნებ, თავად ჟურნალისტიკაა ცხოვრების წესი?“ დღემდე ამ ცხოვრების წესით მოვედი და არ მიღალატია მისთვის.
ძლივს მოვიცალე წიგნებისთვის და მეტი სიმშვიდეც მოვიპოვე. "საღამოს თაგალები“ შეყვარებულებს მივუძღვენი იმიტომ, რომ საქართველოში ნაკლებადაა სიყვარული დაფასებული. ჩვენი მამაკაცები, ასე მგონია, ვერ შედიან სიყვარულის პარამეტრებში, მათ სიყვარული სხვა რაღაცა ჰგონიათ. სახლში 10 კილო კარტოფილს რომ მიიტან, ეს არაა სიყვარული, ეს არის ზრუნვა და პატივისცემა. ქალს სხვა მზრუნველობა უნდა. სიყვარულით ვცხოვრობ და მიყვარს, რომ მიყვარს. მე როგორც ქალსაც მიყვარს, როგორც ბებიასაც მიყვარს, როგორც მეგობარსაც და ვარ ბედნიერი. უსიყვარულობა არ შემიძლია, წერის გარეშე და სიყვარულის გარეშე ალბათ მოვკვდები. რომ ვწერ, ისიც მიყვარს, ყველაფერი მიყვარს... ახლახან, ჩემი წიგნის პრეზენტაცია ჩემს შვილიშვილ დიმიტრის მივუძღვენი, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამ პანდემიის გამო ხალხი ჩაკეტილია, ვერსად მიდის, ამიტომ გადავწყვიტე და "თავისუფალ თეატრში“ მოვაწყე ჩემი წიგნების პრეზენტაცია. გავჭერი ლენტა, შევკრიბე ხალხი, რეგულაციების აბსოლუტური დაცვით ჩატარდა ყველაფერი. ერთმანეთის იმხელა მონატრება დავინახე, ენით აუწერელი...
იუმორი რომ არ იყოს, ამ ყოფას რა გადაიტანს - აქ პოლიტიკა, იქეთ მიტინგები, აქეთ კარვები, იქეთ მთავრობა და ოპოზიცია "ახურებს“... მოკლედ, შარში ვართ. აიცერიო... ჩემი მეუღლე, ბესო მეუბნება, ქუთაისელის ცოლი ხარ და შენ ისედაც აცრილი ხარ, ვაქცინა არ გჭირდებაო. ამას წინათ, ლადო კახაძემ გაიხუმრა, მაიკო ისედაც ვაქცინირებულია და ვინც შეეხებით, ყველა აცრილი იქნებითო. ქუთაისელის გაძლება გმირობაა, ეს ცალკე ფენომენია. ქუთაისი დანარჩენი იმერეთისგან განსხვავდება, ცალკე კუნძულივითაა...
მამას მეგობრებიდან რამდენიმე ჩემთვის განსაკუთრებული იყო - ჯანსუღი, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მამფორია... კარგად მახსოვს იოსებ ნონეშვილიც... პატარა გოგო ვიყავი, ასე 17-18 წლის. მარჯანიშვილის თეატრში რაღაც ღონისძიება იყო, საგრიმიოროში გამაგზავნეს, ფოიედან კარში უნდა გავსულიყავი, ვჩქარობდი. 40 კილო, ფარატინა გოგო ვარ, მივქრივარ, ვაღებ კარს და შუბლით და ცხვირ-პირით ვიღაცას ისეთი სიძლიერით შევასკდი, ნაპერწკლები გავყარე. თვალები ცოტა რომ დამეწმინდა, ვხედავ, იოსებ ნონეშვილია. რა ვიცოდი, მერე ჟურნალისტობას და მწერლობას რომ შევეჭიდებოდი. ეტყობა ამ დიდმა შეჯახებამ განაპირობა ჩემი მომავალი (იცინის). ერთი თვე მტკიოდა მირტყმული. პოეტმა ჩამიხუტა და მეუბნება - რა გეტკინა, მამა? ძალიან გეტკინა, მამა? უთბილესი ადამიანი იყო, ასეთი მიმართვა იცოდა...
მოდის 13 მაისი, დიდი დღე საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში. მგონი, ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც ფეხბურთზე წიგნი აქვს დაწერილი. ძალიან კარგად ვიცი ფეხბურთი, აი, იმდენად კარგად, მინდორზე რომ შემიშვა, ვიმსაჯებ. ბავშვობიდან კაცებზე არანაკლებ ვგულშემატკივრობდი ფეხბურთს. მამა თანამდებობის პირი იყო და 60-იან წლებში ჩემს ბავშვობაში, მთელს ქუჩაზე ჩვენ გვქონდა ტელევიზორი - "ნემანი“. როცა ფეხბურთის ტრანსლაცია იყო, საყურებლად მთელი უბანი სკამებით ჩვენთან მოდიოდა. მაშინ შემოიჭრა ჩემში ფეხბურთის სიყვარული. 8 წლის ვიყავი და ისიც კი მახსოვს, 5 გოლი რომ გაიტანა ილია დათუნაშვილმა. ზეპირად ვიცოდი და პირადად ვიცნობდი ჩვენს ვარსკვლავებს. მერე "ფეხბურთზე მეტი“ დავწერე, ეს წიგნი მივუძღვენი როგორც ფეხბურთელებს, ისე მის გულშემატკივრებს იმიტომ, რომ გულშემატკივრობა ცალკე ხელოვნებაა. წიგნის პრეზენტაციაზე იყვნენ მოსულები ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები - ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, აჩი არველაძე და სხვები.
ერთ ამბავს გიამბობთ... სსრკ-ს ნაკრებში 6 ქართველი თამაშობდა. რეზო ჩელებაძე მომიყვა, სადღაც "სბორებზე“ იყვნენ ჩასულები ის, დათო ყიფიანი და ნუკრი კაკილაშვილი. ერთი საღამო თავისუფალი აქვთ და ჩელეს უთქვამს, კარგ გოგოს ვიცნობ დავურეკავ და თავის მეგობრებს ამოიყვანსო (როგორც თვითონ ამბობენ, ეს მათ დაოჯახებამდე იყო). სამი-სამზე არიან, აქვთ ხილი, შამპანური, გოგონები დაქრიან და ამზადებენ. უცებ დათომ ვაზიდან დიდი ფორთოხალი თითით გადმოიგდო თავისკენ და მხარზე დაიგდო. საქმე იმაშია, რომ იმ გოგონებს შორის არის მზესავით გოგო და სამივე მას შეჰყურებს. დათო ზის წყნარად, ამაყად და ამ ფორთოხალს მხარიდან-მხარზე გადაიგდებს დამჯდარი, მხრებით და მუხლებით კენწლავს ფოთოხალს. ყველანი გამოაშტერა და ერთი სიტყვით, ბოლოს ის სამივე გოგო მას დარჩა. ეს ამბავი ჩემს წიგნშიცაა შეტანილი და ჟურნალ "ათიანშიც“ დავბეჭდე. უამრავი საინტერესო რამ ვიცი ფეხბურთელებზე. ეს გაბელია მუდმივად იგინებოდა და სულ ვეუბნებოდი, ბატონო ოთარ, ასე რატომ იგინებით, მეგრულად მაინც შეიგინეთ-თქო და მპასუხობდა, გოგო, იმ მსაჯებს ბებია რომ ჰყავდეთ მეგრელი, მერეო?
უამრავი ლექსი, პროზაული ნაწარმოები და ბევრი რამ ვუძღვენი თბილისს, მაგრამ გიზო ნიშნიანიძემ სხვანაირი თბილისი შემაყვარა. ჩვენი მეგობრობა დღესაც ყველას ახსოვს. ჩემი გულის დიდი ნაწილი მას გაჰყვა... ლექსად იცოდა ლაპარაკი, ლექსად გესაუბრებოდა. დარეკავდა და ასე მეტყოდა ხოლმე: ვარდები რატომ გადამიყარე, - გადამიყვარე? 2-3 კვირა თუ ვერ დავრეკავდით, გვსაყვედურობდა, მე თქვენ აღარ გიყვარვართო. ერთხელაც ასეთი ექპრომტი თქვა: "ღმერთმა თუმც მომცა წლები სიბერის,/გემო ვერ ვნახე წლების სიბევრის,/ ღმერთმა არ მომცა სიბერის ნიჭი,/ დავრჩები ასე, ბებერი ბიჭი“. თბილისის კოლორიტი იყო და, ვფიქრობ, მაინც ბედნიერი წავიდა იმქვეყნად. როგორ ეტეოდა ამ ადამიანში ამხელა ცოდნა, სიყვარული, სიკეთე... საჩხერეში იყო მიწვეული, 19 სექტემბერი იყო, ფეხზე იდგა და ლექსის კითხვისას გაუსკდა გული, წამში აღარ იყო გიზო. საოცარია ასეთი სიკვდილი...
ბევრი ლექსი მივუძღვენი თბილისს, თბილისი ჩემი სიყვარულია, ყველგან მელანდება. "მე თბილისი მჭირს, რაც დავიბადე“ - ასე დავარქვი ერთ ჩემს ბლოგს და მართლაც თბილისი მჭირს.. იცი, ანდერძი მაქვს ლექსად დაწერილი. არ ვიცი, ლექსად ანდერძს ვინ წერს, მე კი დავწერე და დავიბარე, ბევრი წლის მერე თბილისში დამასაფლავონ...
ადამიანები მიყვარს ძალიან. როცა მათ ვკარგავ, ავად ვხდები. სოფიკო ჭიაურელი რომ გარდაიცვალა, ერთი თვე ავად ვიყავი, იმდენი ვინერვიულე, ვინმემ იცის? მასთან ხშირად მივდიოდი და უჭმელს არ გამომიშვებდა. უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი პირველად სოფიკომ მაჭამა, გასინჯული არ მქონდა. რამაზ ჩხიკვაძეც არ გამომიშვებდა უჭმელს, მეტყოდა - მთელი დღე გარეთ ხარ, გოგო, მაია, რას დადიხარ ამდენსო და გასძახებდა მზარეულს - "ნაკარმიწე ძევაჩკუ“. მძიმედ გადავიტანე თემურ წიკლაურის გარდაცვალებაც... -2 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალში რომ იწვა, ყოველ დღე ტელეფონით ვკონტაქტობდი მასთან, იმედი მქონდა, დაამარცხებდა კოვიდს... ასევე დამეგლიჯა ნერვები ზურა დოიჯაშვილზე, მამუკა ლორიაზე, ანზორ ერქომაიშვილზე. ასეთი სუფთა, უმწიკვლო ადამიანი მეორე არ მგონია. როცა ბატონმა ანზორმა გაიგო ჩემი შვილიშვილი მიუნხენში ცხოვრობდა, ქართული საგალობლები და "იავნანა“ მაჩუქა, გაუგზავნეო. ახლა კიდევ ჩვენი საყვარელი კახი კავსაძე... არ ვაჭარბებ, არქივარიუსი ვარ - ფოტოების და მოგონებების დიდი სკივრი მაქვს, რომელსაც ცრემლნარევი სიხარულის გარეშე ვერ ვხსნი.
სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესებს თვალს არ ვადევნებ და მოვლენების საქმის კურსში არ ვარ. შიგნით იმდენად ვღელავ, მიმდინარე პროცესებზე ბოლომდე რომ გადავერთო, სიყვარულზე ვეღარ დავწერ, გამორიცხულია, ვერავის ვეღარ მოვეფერები... ეს ჩემი საქართველო და ეს ჩემი თბილისი არ არის! ჩემი აზრი ყველაფერზე მაქვს, მე ჟურნალისტი ვარ, მოქალაქე ვარ, დედა ვარ და ბებია და მტკივა ყველაფერი. მართლაც თბილისი მჭირს, რაც დავიბადე... ავლაბრელ-პლეხანოველი ვარ და მახსოვს, ირაკლი უჩანეიშვილი გამორჩეული სიარულის მანერით რომ გაივლიდა ხოლმე პლეხანოვზე. ვახტანგ ნინუა ისე გვიყვარდა ბავშვებს, ჩუმად მივყვებოდით ხოლმე უკან, სანამ თეატრში არ შევიდოდა, თან იმსიმაღლე იყო... როცა თეატრში შევიდოდა, მერე ვიღებდით ხმას და ვუძახდით. გურამ საღარაძის მეგობრობაც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ბავშვობაში პლეხანოვზე "მესემიჩკე“ ძია სანდრო (ასე ვუძახდით) იყო. გურამს მუდმივად, საგანგებოდ ჩვენთვის, ხურდა ეყარა ჯიბეში და თითქმის ყოველ დღე მზესუმზირას ყიდულობდა ბავშვებისთვის. წლების მერე ძალიან კარგი მეგობრები გავხდით...
მახსოვს დამწვარი ოპერის შენობა და მახსოვს გარინდებული თბილისი... მენატრება ის ჩემი თბილისი, მაშინდელი ყველაფრის გემო მენატრება. ყველა ერთად და ერთმანეთის იმედი ვიყავით. მე ქურთი მეგობარი მყავდა ისეთი, ზოგიერთ ცოცხალს ის მკვდარი რომ მირჩევნია - ბასე ჯაფაროვა, შესანიშნავი მხატვარი იყო. პრემიების და წიგნების გარდა, აღმოჩნდა ისე, რომ ჩემს ლექსებზე თითქმის 20-მდე სიმღერა შეიქმნა. არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა თამარ მეჭიაურმა ახლახან ჩემს ლექსზე "თბილისის თვალებს“, მუხამბაზი დაწერა, ძალიან კარგი გამოვიდა, მადლობა მას.
მთავარია, ცოცხლები ვიყოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ვიდრე დედამიწაზე ვართ, არ ვიცი, იქით სოფელში რა ხდება. ჯერ აქ ბევრი საქმე მაქვს და ღმერთს ვთხოვ, ეს ჯერ არ დაუშვას. როცა წავალ, ძალიან მაინტერესებს, იქაც თუ შემიძლია ვწერო, თორემ წერის გარეშე, თავიდან მოვკვდები. კალმის და მიკროფონის გარეშე სად შემიძლია?