ავტორი:

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში რუსეთის მიერ 8 პირისთვის დაწესებული სანქციების შესახებ.

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ევროკავშირის 8 მოქალაქეს. ეს ქმედება მიუღებელია და მოკლებულია რაიმე იურიდიულ საფუძველს. ის მიმართულია მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგ და არ ეხება მხოლოდ ცალკეულ პირებს.

ეს გადაწყვეტილება ბოლო, ცხადი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ აირჩია რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება იმის ნაცვლად, რომ შეთანხმდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უარყოფითი ტრაექტორიის გამოსწორებაზე. ევროკავშირი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ", -აცხადებენ ევროპელი მაღალჩინოსნები.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებას აშშ-იც უერთდება და გმობს კრემლის მიერ ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებს.

შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

"ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ გამოცემულ აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის 8 მოქალაქისთვის შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების კიდევ ერთი დაშინების მცდელობაა. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები გვსურს, მაგრამ მან პატივი უნდა სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქეს. მათ შორის არიან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა, საფრანგეთის დელექაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი.

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

"რაც მეტი შტამია, მით მეტია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას" - რას ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი ვაქცინების "უსამართლო გადანაწილებაზე"