ავტორი:

"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

ფოტოზე: მარიან ტენეზი და მისი ბაბუა კონსტანტინე ახვერდოვი

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს", - სტატია ამ სათაურით, ამბები.ge-მ ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფრანგი მარიან ტენეზის თხოვნა თბილისელებმა მართლაც რომ გულთან მიიტანეს, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვან ცნობებს მარიანის დიდი ბაბუის კონსტანტინე ახვერდოვის ოჯახის შესახებ ჩვენი მკითხველი არ ფლობდა. ქალბატონი ტენეზი კი უიმედოდ ელოდა დიდი ბაბუის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად, საქართველოს სახელმწიფო არქივში გაგზავნილი წერილის პასუხს.

სულ ცოტა ხნით რომ წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს წინაპრების უცხო ქვეყანაში ძიება მრავალი წლის შემდეგ, ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მარიანის ისტორიის გაცნობის შემდეგ, ემოციებით შეპყრობილმა "საქართველოს უნივერსიტეტის" მულტიმედია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა გადავწყვიტეთ მის დასახმარებლად ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. ჩვენ დავუკავშირდით მას, მივიღეთ ნებართვა და დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც გავინაწილეთ გეოგრაფიული თუ საარქივო სამუშაოები, გამოვკითხეთ უამრავი ადამიანი და ფეხით მოვიარეთ ვაკის სასაფლაო, სადაც მარიანის დიდი ბაბუის საფლავია. სამუშაოები თითქმის ორ თვეს გაგრძელდა და შედეგის თქვენამდე მოტანა კვლავ ამბები.ge-ს მივანდეთ. დასაწყისისთვის კი გვინდა მოკლედ შეგახსენოთ, თუ ვის ეძებდა თბილისში საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მცხოვრები მარიან ტენეზი.

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, რუსეთის წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. საბჭოთა სამხედრო ძალები, რუსეთის მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სრულიად საქართველოს ალყაში მოქცევას ისახავდნენ მიზნად. თბილისელმა ახალგაზრდა ინჟინერმა კაცმა კონსტანტინე ახვერდოვმა, რომელიც სომხური წარმომავლობის თბილისელი იყო, პარიზში ცოლი და პატარა შვილები რუსის ჯარისგან გადასარჩენად გააქცია, იმ იმედით, რომ მოგვიანებით თავადაც ჩააკითხავდა, სამწუხაროდ, მას ისინი აღარასდროს უნახავს. იგი რამდენიმე წლის შემდეგ გერმანელი წარმოშობის ქალბატონზე, ოლგაზე დაქორწინდა, რომელსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი, მიხეილი და ირინა ჰყავდა.

კონსტანტინე - პირველ რიგში, დედასთან და და-ძმებთან ერთად

კონსტანტინეს პირველი ცოლი ფრანგი ჟან ნური გახლდათ, შვილებს კი ელენა (ჟილბერტ) და არტემი ერქვათ. 1921 წელს ჟან ნური საზღვაო გზით სამშობლოში დაბრუნდა და ორივე შვილი საქართველოზე მოგონებებით აღზარდა, ამიტომაც ელენა ჟილბერტ ახვედროვამ 1985 წელს თბილისს მოსკოვის გავლით მოაშურა. მისი ოცნება, მამის საფლავის მონახულება და კონსტანტინეს ძმებისა თუ ძმისშვილების ნახვა იყო. საფრანგეთში დაბრუნებულმა კი კასეტაზე ჩაიწერა საკუთარი ფესვების ისტორია და ასე შემოუნახა შვილიშვილებს. სწორედ ელენას შვილიშვილია მარიანი, რომელიც დიდი ბაბუის დიდ ოჯახს თბილისში უკვე მეორე წელია უშედეგოდ ეძებს. მასთან საუბარმა მოგვცა რამდენიმე ნიშანი, ერთი - დიდი ბაბუის მისამართი, მეორე - სასაფლაო, სადაც ის განისვენებს და ბოლოს - თბილისში არსებული სომხური ეკლესია.

მარიან ტენეზის ბებია ჟან ნური

პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ გადაგვემოწმებინა ეს ცნობები, მაგალითად: საცხოვრებელი ადგილის სიზუსტე, რომელიც გულისხმობდა კონკრეტულ მისამართს თბილისში. მისამართზე მისვლითა და იქ მცხოვრებ ხალხთან გასაუბრებით ვცადეთ გაგვერკვია კონკრეტულად რომელ ბინაში ცხოვრობდა კონსტანტინე ახვერდოვი, რომ ამ გზით მისი მეორე ოჯახიდან რომელიმე შთამომავალს შევხვედროდით, მაგრამ ვერ გავარკვიეთ ვერანაირი ინფორმაცია. ამ კორპუსის ძირძველმა მცხოვრებლებმაც კი არ იცოდნენ, არა თუ კონსტანტინეს საცხოვრებელი ბინა, არამედ მისი ვინაობის შესახებაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია.

შემდეგი საძიებო გზა, რომელსაც დავადექით, ეს გახლდათ, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობებით სარგებლობა, რასთან წვდომაც საქართველოს იუსტიციის სახლის მეშვეობით შევძელით. ინფორმაცია, რომელიც გვჭირდებოდა, ოცდაათ წელზე გვიანდელი იყო და, შესაბამისად, ნაკლები შანსი არსებობდა რაიმე სასურველი და ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გვეპოვა. პირველ რიგში, საჭირო იყო ხელთ გვქონოდა გარდაცვალების მოწმობა. ზემოხსენებული რისკის მიუხედავად შესაძლებელი აღმოჩნდა კონსტანტინე ახვერდოვის გარდაცვალების მოწმობის მიღება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ის 1957 წლის 10 მაისს გარდაიცვალა თბილისში.

ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდებოდა როგორც მისამართის, ისე დაბადების ზუსტი თარიღისა და გარდაცვალების ადგილის დადგენა, მაგრამ რეალურად დოკუმენტით მხოლოდ გარდაცვალების ზუსტი თარიღი შევიტყვეთ, რადგან თბილისის სამოქალაქო რეესრტიდან მოვითხოვეთ რა გარდაცვლილი პირის შესახებ სრული სარეგისტრაციო მონაცემები, დოკუმენტი რომელიც გადმოგვცეს, არაფერს ახალს არ გვეუბნებოდა. იმედს არ ვკარგავდით და უკვე საქართველოს ეროვნულ არქივთან გავაბით მიმოწერა, მათ სამკითხველო დარბაზში მკვლევარის სტატუსის მქონე პირად დაშვების ნებართვის მისაღებად. ვიზიტზე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაგვთანხმდნენ. დრო დასჭირდა, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ დაგვრთეს ნება გვესარგებლა საისტორიო არქივით, მაგრამ იმის გამო, რომ ადგილები შევსებული იყო, აღმოვჩნდით უსასრულო ვადით სარეზერვო ნაკადში.

საბოლოოდ, ეს ვერსიაც გამოირიცხა, მაგრამ კერძო საარქივო ძიებამ ერთ საინტერესო კვალზე გაგვიყვანა. 1882 წლის ტიფლისის ცნობილ გაზეთ "კავკაზის" მარტის ნომერში მივაგენით პატარა სარეკლამო ცნობას, სადაც წერია, რომ ვორონცოვზე, მიხაილოვის ხიდთან მდებარე მაღაზიაში ექსკლუზიურად იყიდებოდა ა.პ ახვერდოვის კარდენახული ღვინო.

ძნელი ამოსაცნობია საქმე მარიანის წინაპარს შეეხება თუ არა, მაგრამ, ფაქტია, ახვერდოვები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს დედაქალაქში. საარქივო ძიების შემდეგ, სომხურ ეკლესიას მივადექით საკუთარ სათვისტომოზე კითხვებით. საკმაოდ თბილად მიგვიღეს და მაშინვე დატრიალდნენ ერთმანეთში ამ ოჯახზე ინფორმაციის მისაღებად. აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ საქართველოში 771 ახვედროვი ცხოვრობს, მაგრამ არიან აზერბაიჯანული წარმოშობის ახვერდოვები, რომლებიც უფრო კახეთში ბინადრობენ.

რაც შეეხება ამ ოჯახს:

"საკმაოდ ცნობილი ოჯახი ვიცი ახვერდოვების, ერთი მათგანი ჩემს ეზოში ცხოვრობდა, დარჩო ერქვა. ორი შვილი ჰყავდა, ერთი - დავითი დაეღუპა, ამ ამბიდან მალე კი რუსეთში, კერძოდ, როსტოვში წავიდნენ საცხოვრებლად".- გვითხრა გეორქმა სომხური სათვისტომოდან.

ესეც დიდი ვერაფერი კვალზე დასაყენებელი ინფორმაცია აღმოჩნდა და ვაკის სასაფლაოს მივაშურეთ, სადაც სასაფლაოს დამკრძალავ ბიურო "ჰერმესში" ვიკითხეთ, თუ შეიძლებოდა საფლავის მიხედვით დაკრძალულის ოჯახის წევრების მოძებნა. მითხრეს, რომ პიროვნების პირადი ნომრის გარეშე ვერ დამეხმარებოდნენ , ეს კი სრულიად შეუძლებელი იყო ჩვენს შემთხვევაში, ამიტომ მარიანის მონათხობიდან გამომდინარე, მისი დიდი ბაბუის ორ გერს - მიხეილს და ირინას დავუწყეთ ძებნა. ირინა უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა, მიხეილი კი - რუსეთში საცხოვრებლად გადასული. საძიებო დამხმარე ძალად სოციალური ქსელები გამოვიყენეთ, სადაც მივაგენით ადამიანს, ქალბატონ ციურის, რომელმაც გვითხრა, რომ კონსტანტინეს გერის შვილს გივი კაშიბაძეს და მის ოჯახს იცნობდა. ქალბატონმა ციურიმ, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, გვიამბო, რომ კონსტანტინეს გერის შვილი, რომელსაც იგი შვილიშვილად თვლიდა, გივი რუს ქალ ვერაზე დაქორწინდა. ვერა და გივი თბილისში ცხოვრობდნენ, სწორედ ვერა შეხვდა 1985 წელს თბილისში ჩამოსულ მარიანის ბებიას და შინ მიიპატიჟა.

ელენა ჟილბერტ ახვერდოვა

უცნობია რა საუბარი იყო მათ შორის, თუმცა ვერას ელენა ჟილბერტ ახვედროვა ძალიან თბილად მოიხსენიებდა აუდიოჩანაწერში. ქალბატონი ციურის თქმით, გივი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ვერა კი, ერთადერთ ქალიშვილ ოლგასთან ერთად, რუსეთში სანკტ - პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ თბილისში არც ჩამოსულა. ჩვენ ვერასაც მივწერეთ, ამაოდ, შემდეგ მის ქალიშვილს ოლგას მივაკვლიეთ, ოლგამ კი მაშინვე გვიპასუხა და აი, რა გვიამბო:

"კონსტანტინე ახვედროვი დიდებული ადამიანი ყოფილა, ჩემი ბებია ოლგა ძალიან უყვარდა, უყვარდა გერებიც, როგორც ჩანს, საკუთარი შვილების სიყვარული მათზე გადაიტანა და მართლაც შვილებივით დაზარდა. დედაჩემს ძალიან უყვარდა მარიანის ბებია - ელენა. დედა ავადმყოფობს, არც ინტერნეტს ფლობს კარგად, მეც იშვიათად ვსარგებლობ, ამიტომ მარიანი თუ გვეძებდა, ისიც არ ვიცოდით. ახლა ვიცი და მიხარია, რადგანაც კონსტანტინე ახვერდოვის ოჯახის წევრები ჩვენ ვართ, მისი გერების შთამომავლები და მარიანას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ. მართალია ენის ბარიერი იქნება, მაგრამ მოვიშველიებთ თარგმანს და ვუამბობთ მისი დიდი ბაბუის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალ ამბავს შეიტყობს და შვებას იგრძნობს".

ამის მერე, რა თქმა უნდა, ქალბატონ მარიანს დავუკავშირდით და ჩვენი მოპოვებული ინფორმაცია ვაცნობეთ:

მარიან ტენეზი:

"უკვე დიდი ბედნიერებაა ჩემი დიდი ბაბუის ოჯახის წევრების პოვნა, ადამიანების, ვინც მასზე, მის ცხოვრებაზე ბევრი რამ იციან. იციან მისი სიცოცხლის ბოლო წლების ყველა დეტალი, რაც მე ასე მაინტერესებს. იციან სად და ვინ არიან მისი დებისა თუ ძმების შთამომავლები. ყველა ადამიანს სჭირდება საკუთარი ფესვების შესახებ ინფორმაციის ცოდნა. აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი და დამიჯერეთ, ჩემი საფიქრალიც მხოლოდ ეს იყო. ახლა კითხვები პასუხგაცემულია და მივაღწიე საწადელს. სამწუხაროა, რომ საქართველოს არქივმა მრავალთვიანი თხოვნის შემდეგაც არაფერი მიპასუხა, მაგრამ, საბედნიეროდ, მედია ყოველთვის მზად არის ადამიანების დასახმარებლად. ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის, როდესაც საქართველოდან სტუდენტები ჩემს გასავლელ გზას დაადგნენ, როდესაც მათ ჩემი დიდი ბაბუის საფლავის ძიებაში მთელი ვაკის სასაფლაო მოიარეს, მიაკითხეს ბაბუაჩემის საცხოვრებელი სახლის მისამართს... მათ დიდი მადლობა და აპლოდისმენტები ჩემგან ყველა იმ სამუშაოსთვის, რაც ჩაატარეს. სურვილი მაქვს, თბილისში რომ ჩამოვალ, შევხვდე და პირადად ყველას მადლობა გადავუხადო - მედიას, სტუდენტებს... ახლა პანდემიამ ცოტა გადადო ეს საკითხი, თუმცა შვილები ხშირად მეკითხებიან, - როდის წავალთ თბლისშიო?.. ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ამ სურვილს.

ავტორები: თათია გვალია, მარიამ კახნიაშვილი

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა