მრავალი წელია საქართველოში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაა. როგორც დედაქალაქში, ისე პერიფერიებში, კეთილმოწყობილი და ყველასთვის მოსახერხებელი ტუალეტების დეფიციტია. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ისეთ ტურისტულ ცენტრში, როგორიც ყაზბეგის რეგიონია, მხოლოდ ერთი გამართული საპირფარეშო ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს, ზოგჯერ საათობით უწევთ რიგში დგომა და დროის კარგვა.
ნუცა ცქიმანაური ტურისტული გიდია, რომელიც შაბათ-კვირას 5-10 წლამდე ბავშვებისთვის დედაქალაქის მასშტაბით ტურებს აწყობს.
"გარდა იმისა, რომ ვარ გიდი, მცირეწლოვანი შვილების მშობელიც ვარ, ამიტომ ორმაგად ვაწყდები ამ პრობლემას. გასულ კვირაში ნარიყალას ტური გვქონდა და ძალიან გაგვიჭირდა საპირფარეშოს მოძებნა. ყოველთვის გვიწევს ბავშვებისთვის მოითმინე-მოითმინეს ძახილი. ზოგიერთი ისეთი პატარაა, ვერც იგებს. გარდა იმისა, რომ ამით ძალიან ცუდ მაგალითს ვაძლევთ მათ, ჯანმრთელობასაც ხომ ვუზიანებთ?! მუდმივად ვეძებთ მოფარებულ ადგილებს და ვიდრე ყველა თვალს არ მიეფერება, ბავშვები ცდილობენ შეიკავონ ბუნებრივი მოთხოვნილება. თან უხერხულობის შეგრძნებაც აქვთ, შემთხვევით ვინმე თავს არ დაადგეთ. თბილისში რაც საპირფარეშოებია, თითქმის არცერთი არის მორგებული ადამიანის რეალურ საჭიროებებზე. ქალაქში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მოხუცები, ბავშვები და მათ სჭირდებათ შესაბამისი სერვისი. არც ის ბიოტუალეტებია მოსახერხებელი, რაც აქა-იქ დადგეს. უფრო ბიო ჩეჩმა ჰქვია მათ. ცალკე ოთახს არავინ ითხოვს, გადმოსაშლელი მაგიდა მაინც იყოს, სადაც ბავშვს გამოვუცვლით. ძალიან მინდა, რომ ამ ტურში რომელიმე მაღალჩინოსნის შვილი წამოვიდეს და ნახოს როგორი დისკომფორტია", - ამბობს ნუცა ცქიმანაური.
გიდი იხსენებს 2018 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც საქართველოში "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ექსპედიცია ჩამოვიდა. ნუცას ცქიმანაურის თქმით, უცხოელი ტურისტები გამოსამშვიდობებელ საღამოზე მივიდნენ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და პირადად უთხრეს, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობის გამო პრობლემა შეექმნათ და მოუწოდეს, დროულად მოეგვარებინათ ეს საკითხი.
"წლების განმავლობაში გვქონდა მათთან მოლაპარაკება და 2018 წელს როგორც იქნა, პირველად ჩამოვიდნენ. დაწერილი, დაგეგმილი მარშრუტი გადავალაგეთ საპირფარეშოების მიხედვით, თუ სად შეიძლებოდა გაგვეჩერებინა, რათა ხანდაზმული ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საპირფარეშოები. მიუხედავად ამისა, გზაში მაინც პრობლემა შეიქმნა და იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ სტუმრებმა პორტატული, გასაშლელი ტუალეტების გამოგზავნა მოსთხოვეს "ნეიშენალ ჯეოგრაფიკს“. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი. იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი ჩამოსვლა საქართველოში, რომ გამოსამშვიდობებელ ვახშამზე ნათია თურნავა და მარიამ ქვრივიშვილი გვესწრებოდნენ. ექსპედიციის წევრებმა პირდაპირ უთხრეს, რომ ტუალეტების ძალიან დიდი პრობლემა იყო და აუცილებლად უნდა გამოესწორებინათ. ასე რომ, ყველაზე მაღალ ინსტანციაშიც კი საქმის კურსში არიან. თუმცა არაფერს აქვს აზრი. წლებია ვწერთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად შეეხება ეს საკითხი და ვთხოვთ, რომ გამოაცხადონ ტენდერი, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ეს ელემენტარული პრობლემა. მაგრამ ისინი ერთმანეთთან გვამისამართებენ და მუდმივად ერთ წრეზე გვიწევს ტრიალი", - ამბობს გიდი.
როგორც ნუცა ცქიმანაური გვეუბნება, საპირფარეშოების პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ რეგიონში დგას. გიდის ინფორმაციით, ხშირად მთელ რეგიონში მხოლოდ ერთი გამართული, ფასიანი საპირფარეშოა, სადაც შეიძლება ადამიანი შევიდეს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ხოლო ე.წ. სველი წერტილები, რომლებსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საპირფარეშოებად მოიხსენებენ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
"ნებისმიერი რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ აქ და აქ არის ამდენი და ამდენი სველი წერტილიო, მაგრამ რეალურად არავინ უწევს მონიტორინგს ამას. რომ ვეკითხები, ხართ თქვენ ნამყოფი იმ საპირფარეშოში, რომელსაც რეკომენდაციას უწეთ-მეთქი, ამბობენ, რომ ეს არ არის მათი კომპეტენცია. ეს საპირფარეშოები, რომლებსაც მუნიციპალიტეტების ხელისუფლებაში ასახელებენ, სინამდვილეში ჩეჩმებია, რომლთა კარიც არ იკეტება, სახელური ხელში უნდა გეჭიროს, რომ ვინმემ არ შემოგიღოს, ან სადმე არ ჩავარდე. არც ჩასარეცხი მუშაობს და არც წყალი მოდის. ამხელა ტურისტული რეგიონია ყაზბეგი და ერთი გამართული საპირფარეშო არ დგას. გუდაურის გადმოსახედთან, რომელიც სუპერპოპულარული ადგილია და მთელ ყაზბეგში დგას მხოლოდ 1 ბიოტუალეტი და ისიც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ხშირად იმხელა რიგია ტუალეტის წინ, თვალს ვერ მიაწვდენ“, - ამბობს ნუცა.
კიდევ ერთი გიდი ლევან გიორგაძე ambebi.ge -ს ეუბნება, რომ ნაცნობებისა და ახლობლების შეწუხება უწევს იმისთვის, რომ მისი ტურის მონაწილეეებმა საპირფარეშოებით სარგებლობა შეძლონ.
"თბილისის ტურებს ვაწყობ ძირითადად. ყოველ ჯერზე მიწევს ბარი იქნება, რესტორანი თუ მაღაზია, ვთხოვო, რომ ჩემი ტურის წევრები შეუშვან. მაგალითად, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ტურისტების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, მხოლოდ ორი საპირფარეშოა, რაც სავსებით არ არის საკმარისი. რესტორანში ხომ ვერ შეხვალ იმის გამო, რომ საპირფარეშოთი ოსარგებლო?! "სითი ბოქსის“ საპირფარეშოები რომ გამოჩნდა ქალაქში, ძალიან გამიხარდა. 2 ლარი ღირს შესვლა და სრულად არის მორგებული ყველანაირი საჭიროების ადამიანისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ცოტაა, რადგან სულ 2 ადგილას შემხვდა და ბოლო პერიოდში ორივე მათგანი რატომღაც დაკეტილი იყო", - ამბობს ლევან გიორგაძე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საპირფარეშოების აშენება-მოვლა-პატრონობის ვალდებულება მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა. ხოლო დედაქალაქში ამ საკითხს სსიპ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო განკარგავს. 2017 წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს "კონსალტინგ გრუპს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად,კომპანიას დაევალა 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა თბილისის მასშტაბით. თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გასცა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დღესდღეობით 30 - ივე საპირფარეშო შეუფერხებლად ფუნქციონირებს. უწყებაში ასევე აცხადებენ იმასაც, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება საზოგადოებრივი საპირფარეშოების ოდენობის გაზრდის საკითხი.
"თუ განახლდება ეს ხელშეკრულება, შეიძლება რაიმე ახალი პუნქტი ჩაიდოს, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი არ არის“, - უთხრეს ambebi.ge - ს თბილისის მერიაში.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებებს, ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენ მათ წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ, არსებობს თუ არა ქვეყანაში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა და ხომ არ იგეგემება სამომავლოდ ახალი საპირფარეშოების მშენებლობის საკითხი. უწყებები ვალდებული არიან მაქსიმუმ ათი სამუშაო დღის ვადაში გაგვცენ პასუხი, რომელსაც ჩვენს მკითხველს აუცილებლად გავაცნობთ.