ავტორი:

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ტელეკომპანია „ფორმულას“ შოუ „სამზარეულოს ომები“ საინტერესო ეტაპზე გადავიდა. გამოვლინდა კონკურსანტთა ათეული, რომელიც მზადაა კიდევ უფრო აქტიურად და დიდი მონდომებით ჩაერთოს კონკურსში, რომელიც მათ ბევრ საინტერესო გამოწვევას ჰპირდება. რას ფიქრობენ შოუს ორგანიზატორები, პროდიუსერი და ჟიურის წევრები, ამაზე მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.

თათუკა ნარტყოშვილი, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფროდაქშენის ხელმძღვანელი:

- როგორც მაყურებელმა უკვე ნახა, საბოლოო ათეული დაკომპლექტდა. გვყავს ორი წყვილი, რომლებმაც ჟიურისთან პირველივე შეხვედრაზე, მათი სიმპათია დაიმსახურა და „ხაკისფერი კიტელები“ მიიღო. მერე კი ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი ფავორიტი გამოაჩინა და საბოლოოდ „ბლაინდ ტესტისა“ და „ჩაქაფულის ტურის“ მეშვეობით ათი საუკეთესო წყვილი მივიღეთ. ისინი შემდეგი, უფრო საპატიო, „წითელი კიტელის“ მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ამ ეტაპიდან, რომელსაც იმის გამო, რომ ძალიან რთულია, ბუთქემფი („ყაზარმული“ დავარქვით), თითო ტურიდან შოუს 2 წყვილი დატოვებს და ექვსეულიდან უკვე ის 5 საუკეთესო შეირჩევა, ვინც „წითელ კიტელს“ მოირგებს. თათუკა ნარტყოშვილის თქმით, უკვე ცნობილია შემდეგი კვირის გადაცემის თემა. ძალიან საინტერესოდ გადაწყდა ათეულიდან კიდევ ორი გუნდის გამოთიშვის ხერხი, რომელსაც მაყურებელი იხილავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყველაზე ღირებული კერძების სრულფასოვნად გადახალისების დავალების შესრულებით. ამასთან, ჟიურიმ, კონკრეტულად კი, დავიდ ნარიმ და გურამ ბაღდოშვილმა დამატებითი დავალება მოიფიქრეს. შუა მზადებისას საათი გაჩერდა, დრო შეწყდა და როგორი აღმოჩნდა მათი დავალება - მაგალითად, როგორი შეიძლება, იყოს ნივრისა და ყავის სოუსი მოხევურ ალტამებთან ერთად, ამას „ფორმულას“ და „სამზარეულოს ომების“ მაყურებელი უკვე შაბათს, „ჩემი ცოლის დაქალების“ დასრულებისთანავე ნახავს.

თათუკა ნარტყოშვილი

თათუკა:

- ჩვენ მონაწილეებს კიდევ რამდენიმე დიდი სიურპრიზი ელოდებათ, სადაც დავალება „შავ ყუთში“ ამოსული იდენტური ინგრედიენტების ერთმანეთისგან განსხვავებულად მომზადებაა. ძირითად ინგრედიენტებად კი შეხვდებათ ჩვენი გასტრონომიის მშვენება, ერთ დროს მივიწყებული და აღდგენილი ავთენტური ქართული ყველის სახეობები და რძის პროდუქტები. ასევე ვნახავთ, რამხელა შესაძლებლობა აქვს ქართულ ყველს და რძის პროდუქტებს.

- კონკურსანტები ამ რთულ ამოცანებს თავს რამდენად გაართმევენ?

- ისეთი კონკურსანტები დაგვრჩნენ, რომ არ გაუჭირდებათ მაყურებლის და ჟიურის გაოცება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მოუწევთ წესების უცაბედ ცვლილებებთან გამკლავება, რადგან კონკრეტულ ტურში ყველას თანაბარი პირობები აქვს. დამერწმუნეთ, შესაძლებელია, რომ კულინარიული გადაცემა ძალიან აზარტულიც აღმოჩნდეს და ამაში ეტაპობრივად მეტად დავრწმუნდებით. რაც მთავარია, თუ აქამდე არსებულ კულინარიულ გადაცემებს ან თუნდაც ჩვენსავე წინა სეზონს გადავხედავთ, ცხადია, რომ კონკურსანტებს გასტრონომია ახალ სიმაღლეზე აჰყავთ და აბსოლუტურად განსხვავებული და კრეატიული კერძები მზადდება. ჩვენთან სერვირების ის სტანდარტია, რომელიც მსოფლიოს მაღალი დონის რესტორნებში გვხვდება. ამოცანაც ეს იყო, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ეს სეზონი სრულად ქართული გასტრონომიისთვის დაგვეთმო - ქართული გასტრონომიული სტანდარტის აწევა. ეს ჩვენი ჟიურის დამსახურებაც არის.

- შოუსთვის, შეფები სწორად გყავთ შერჩეული. დავით ნარი ამ შოუში პირველად მონაწილეობს...

- დიახ გრანდ-შეფები გვყავს... დავითი ყველაზე წარმატებული ქართველი შეფია, რომელსაც გასტრონომიის ვარკვლავებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, აქვს უმაღლესი გასტრონომიული განათლება, ჰოფმანის სკოლის შემდეგ, დაამთავრა ბასკური კულინარიის ცენტრის მაგისტრატურა და პროდუქტის მოლეკულური შემადგენლობიდან გემომდე, ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე იცის. შეუძლია გასტრონომიაზე, ქიმიურ პროცესებზე და ფიზიკაზე ერთად ისაუბროს, მისი რჩევები და ინსტრუქციები ჩვენი კონკურსანტებისთვის ახალი და სერიოზული გამოცდილებაა. აუცილებლად გვექნება დავითის ტურიც, სადაც თვითონ მოამზადებს და კონკურსანტებს მისი გამეორება მოუწევთ. ყველა ტური უკვე გაწერილია, თუმცა დანარჩენი ტურები უნდა იყოს ჩვენი გემრიელი საიდუმლო.

დავით ნარი (დავით ნარიმანიშვილი):

- ძალიან საინტერესო წყვილები შეირჩა, მათ შესაძლებელია, დიდი ევოლუცია მოახდინონ უპირველესად საკუთარ თავებში. ეს კონკურსიც ხომ ამას ემსახურება - განვითარდნენ, მეტი ცოდნა შეიძინონ, მეტი მოიძიონ, წინსვლა ჰქონდეთ... ყურადღება ექცევა ტექნიკურ მხარეს. აქ გემოზე აღარ არის საუბარი. ეს თავისთავად იგულისხმება. კერძი გარეგნულად რაც არ უნდა დახატული იყოს, თუ გემო არ ექნება, მხოლოდ სილამაზეს ხომ ვერ მივირთმევთ?! კერძი, რომელსაც დავაგემოვნებთ, უნდა იყოს შეკრული როგორც გემოთი, ისე ტექნიკურად.

- ე.ი. მნიშვნელოვანია იდეა, გარეგნულ სახე, გემო და ტექნიკური მხარე...

- დიახ. კერძი ტექნიკურად თუ არ იქნება დამუშავებული, ანუ მისი ნებისმიერი პროდუქტი - ხორცი, ბოსტნეული, მას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭება. კონკურსანტების შერჩევისას საერთოდ, ყველაფერს ვითვალისწინებთ და შესაბამისად, ეს ათეულიც ასე სამართლიანად შევადგინეთ.

- კონკურსანტებზე რას იტყვით?

- იყო ეპიზოდები, როცა ერთ ტურში მონდომება გამოავლინეს, ხოლო შემდეგში ეს ვერ დავინახეთ. ამიტომ, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია. ისე, დადებითი მუხტი ყველაშია, მაგრამ თითოეული კონკრეტულ სიტუაციაში რას იზამს, არ ვიცით. შეიძლება, ისიც მოხდეს, რომ რაღაცით დაითრგუნოს და თავი ვერ გამოავლინოს... დაძაბულობა ზოგადად აქვთ, მაგრამ რაც მთავარია, მათ ჯანსაღ კონკურენციას ვხედავ, აქვთ განწყობა, ხალისი, - მოკლედ, საინტერესოები არიან. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან და კარგი შედეგები ექნებათ.

მიშა ავსაჯანიშვილი:

- დაგვჭირდა შესარჩევი ტურები, რომელმაც ძალიან ძლიერი მონაწილეები გამორიცხა, ძლიერი ფინალისტები გამოეთიშა შოუს, მათში დიდ პოტენციალს ვხედავდი, მაგრამ რას ვიზამთ? ეს კონკურსია. რეალურად, ფანტასტიკური ფინალისტები გვყავს - საუკეთესო ათეული მივიღეთ. ურთულესი ტურები ელოდებათ, ზოგჯერ რომ ჰგონიათ, ამზადებენ აღმოსავლეთის, ან დასავლეთის კერძს, ამაზე არიან ორიენტირებულები და ჩვენ მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ინგრედიენტით ამოცანა ურთულდებათ. აქ მათ დიდი გამოცდილება და კრეატივი სჭირდებათ, რომ იმ შემოშველებულ პროდუქტებზე სწორი აქცენტი გააკეთონ. ისე უნდა იმოქმედონ, კერძს თითოეული ისე დაუამატონ, რომ კონტექსტიდან არ ამოვარდნენ.

- ყავა, ან შოკოლადი რომელ ქართულ კერძს შეიძლება მოუხდეს?

- ჩვენ ამ პროდუქტებს ისე ვთავაზობთ, რომ არც ერთი დამატებითი ინგრედიენტი, თუ სწორად გამოიყენებენ, კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იქნება. ამიტომ უნდა მიგვიხვდნენ ჩანაფიქრს და სწორად გამოიყენონ. ამ კომბინაციით ესა თუ ის ქართული კერძი გვინდა, მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. რეალური მიზანი არის, რომ ქართული გასტრონომია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. მართლა საინტერესო შოუ გველის წინ...

გურამ ბაღდოშვილი:

- დიდი და რთული გზა გავიარეთ. ბევრი ადამიანი გავიცანით, რომლებმაც არაერთი საინტერესო კერძი შემოგვთავაზეს. გავსინჯეთ მათი ნახელავი და საუკეთესო ათეული შევარჩიეთ, ახლა დილემის წინაშე ვართ - ამოვარჩიოთ საუკეთესო წყვილი.

- ეს ათეული რამდენად შეძლებს შეთავაზებული ამოცანების დაძლევას?

- მართლაც ძალიან რთული ეტაპები გვაქვს გასავლელი. უცებ კერძის გაკეთების დროს შეიძლება შევთავაზოთ რადიკალურად განსხვავებული ინგრედიენტი, რომელიც იმ კერძში, რასაც ამზადებენ, გამოიყენოს, მაგალითად, შოკოლადის ნამცხვარის გამოცხობისას ჯონჯოლი შევთავაზო... ასეთი ურთულესი, საგანმანათლებლო, ინტელექტალური გადაცემაა „სამზარეულოს ომები“. მას ვერც ერთ შოუს ვერ შევადარებ. ჩვენ ორიენტირებული ვართ განათლებაზე, პროფესიულ ზრდაზე, დახვეწასა და ბევრ საინტერესო გემრიელ ამბავზე. ქართული გასტრონომია რაღაც სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, დაანახოს ხალხს, რომ შეიძლება ასე გემოების მოძრაობა, ხალისი, შეხამება. ქართულ სამზარეულოს ბევრი რამ შეუძლია, მილიონი პროდუქტი გვაქვს, რომელთა არევით ახალი გემრიელი გემოები იქმნება.

- არა, ისე მაინც რა უცნაურია - შოკოლადის ნაცხვარი და ჯონჯოლი ერთად... წამოგვყვებათ ამ ყველაფერში მაყურებელი? ამ სიურპრიზს ხომ არ იუცხოებს?

- გამორიცხული არ იქნება ნეგატიური კომენტარები რომ გაჩნდეს, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ქართულ გასტრონომიას „ვაუპატიურებთ“, ზოგს ჰგონია, რომ მკვდარ კერძებს ვაცოცხლებთ... ჩვენი საზოგადოების ნაწილს ხომ ერთმანეთის შექებაზე მეტად გალანძღვა გამოსდის?! მაგრამ ეს ნეგატიური აზრები ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენსას ვქმნით, ვაარსებთ და წვლილი შეგვაქვს არამარტო ქართულ გასტრონომიაში, არამედ საქართველოს კულტურის განვითარებაში.

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი