ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ?

ბრძოლა ტრაქტორით, საუნით, თამბაქოს აკრძალვით და ა.შ. - კიდევ რა უცნაურ მეთოდებს იყენებენ მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ?

რიგი ქვეყნები, პანამიდან დაწყებული თურქმენეთამდე, კორონოვარისულ პანდემიას საკმაოდ არატრადიციული მეთოდებით ებრძვიან და პირბადესთან, ჯარიმებთან და კომენდანტის საათთან ერთად გარკვეული ახალი, თავისებურ შეზღუდვებსაც მიმართავენ.

ტაილანდსა და პანამაში თამბაქოს მოწევა აკრძალეს, ქუჩაშიც კი, სუფთა ჰაერზე. როგორც ამბობენ, სიგარეტის კვამლით ვირუსით დაავადების რისკი მატულობს.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) ავტომაგისტრალების დეზინფექციას ახდენენ, თუმცა ბოლო მონაცემებით, შედეგები მაინცდამაინც დამაიმედებელი არ არის.

თურქმენეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არსებობა აღიაროს და ამიტომ მოსახლეობას პირბადეების გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ურჩევს, რომ ჰაერში მომატებული მტვერია და თავს გაუფრთხილდითო. ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის "კორონავირუსი" გამოყენება აიკრძალა, თუმცა მოგვიანებით ეს ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს.

გურბანგული ბერდიმუხამედოვი

ავტორიტარული თურქმენეთის ლიდერი, განათლებით სტომატოლოგი გურბანგული ბერდიმუხამედოვი, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ ჰამალას სახელწოდებით ცნობილი ბალახის დაწვა კორონავირუსისგან დაცვის უძველესი საშუალებაა.

ბელარუსში კორონავირუსის საწინააღმდეგო რჩევებს არ იშურებს ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც, მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს.

მაგალითად, ლუკაშენკომ მოსახლეობას ურჩია, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, თავის დროზე მიიღონ საკვები და იმუშაონ მინდორში. "სასიამოვნოა ტელევიზორით იმის ყურება, თუ როგორ მუშაობს ხალხი ტრაქტორზე. ტრაქტორი ყველას განკურნავს, მინდორში მუშაობა ყველას მოარჩენს“, - განაცხადა მან.

ალექსანდრ ლუკაშენკო

ერთხელ კი, თავის მინისტრებს ბელორუსის პრეზიდენტმა ურჩია, რომ ოფლის მოსადენად იარონ მშრალ საუნაში, რადგან, მისი აზრით, 60 გრადუს ცელსიუსზე კორონავირუსი კვდება.

ტანზანიის ხელისუფლებამ ახალი დაავადებულების რეგიტრირება ჯერ კიდევ შარშან აპრილში შეწყვიტა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულმა იმდენჯერ განაცხადა, რომ ღმერთის წყალობით ქვეყანაში კორონავირუსი არ არისო, რომ ბოლოს "კოვიდ-19“-ს თვითონ ემსხვერპლა.

ასევე მოუვიდა ტანზანიის ახლოს, ინდოეთის ოკეანეში მდებარე ზანზიბარის ვიცე-პრეზიდენტ სეიფ ჰამადისაც.

ჯონ მაგუფული

ბოლივიაში მოსახლეობისათვის გრაფიკი დააწესეს - ვის როდის შეეძლო მაღაზიაში წასვლა, პასპორტისა და პირადობის მოწმობების ნომრების მიხედვით. რადგანაც ამ მეთოდმა შედეგი არ გამოიღო, შეზღუდვა ახლახან გაუქმდა.

პანამის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისშივე მიიღო ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ მაინც განსაკუთრებული გადაწყვეტილება გენდერული თვალსაზრისით: ქალებისა და მამაკაცებისათვის სახლებიდან ქუჩაში გასვლა სხვადასხვა დროს დააწესა. ალბათ, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა სქესის ადამიანებში კონტაქტი არ მომხდარიყო.

რადგანაც უზბეკეთში პანდემიის გამო ტურისტების მიზიდვა რთული ხდება, ტაშკენტმა ამ საკითხის გადასაწყვეტად უჩვეულო მეთოდით ისარგებლა: ყოველი ტურისტი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდოდა და "კოვიდ-19“-ით დაავადდებოდა, ხელისუფლება 3 ათას დოლარს გადაუხდიდა და მისი მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდებოდა. ანუ ამით უზბეკეთის მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ ანტივირუსული სიტუაცია ქვეყანაში ნორმალურია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მასმედიაში ფართოდ იქნა რეკლამირებული, ტურისტთა მიზიდვის ამ ხერხმა არ გაამართლა: გასული წლის მონაცემებით, ტურისტთა ნაკადი უზბეკეთში 77%-ით შემცირდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო

შეიარაღებული თავდასხმა რუსეთის ქალაქ ყაზანის სკოლაზე - დაღუპულია 8 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი

მუკორმიკოზი: ინდოეთში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ზოგიერთი პაციენტი იშვიათი ინფექციით დაავადდა - "25 წლის ქალი თვალის გარეშე დარჩა"