ავტორი:

რა იმალება მაღაზიის კონსულტანტის ღიმილის მიღმა

რა იმალება მაღაზიის კონსულტანტის ღიმილის მიღმა

რთული სამუშაო დღის შემდეგ, როცა ელექტრონულ ფოსტაზე უკანასკნელი შეტყობინება გააგზავნე და კომპიუტერი გამორთე, საკმაოდ ძნელია „თავისუფალ რეჟიმზე“ გადართვა, რადგან წინ, საცობებით სავსე დამღლელი მგზავრობა გელის სახლამდე. ამას გარდა, „ლოქდაუნამდე“ უბნის სუპერმარკეტშიც უნდა მოასწრო შევლა, საჭირო პროდუქტების შესაძენად.

პიკის საათში, სალაროსთან რიგში მდგომს გეჩვენება, რომ დრო უსასრულოდ გაიწელა. ძალიან რთულია, მოთმინებით აღიჭურვო მაშინ, როცა ერთი სული გაქვს, სახლამდე მიაღწიო, შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალო, ივახშმო და ტელევიზორის წინ, დივანზე მოკალათდე, მაგრამ თითქოს შენს ჯიბრზე, სუპერმარკეტის ყველაზე მოკლე რიგშიც კი აუცილებლად უნდა იდგეს ერთი „მუხრუჭი“, რომელსაც სალაროსთან რაღაც პრობლემა შეექმნება.

ზოგჯერ მგონია, რომ როდესაც მეორე სალაროსთან დგება მოლარე, რიგში მდგომ ხალხში არაფერი ადამიანური აღარ რჩება. ვიღას ახსოვს ორმეტრიანი დისტანცია? ახალ რიგში გადაწყობა ერთგვარ ორთაბრძოლას ემსგავსება.

მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა „მაღაზიობანას“ თამაში. სათამაშოებს ლამაზად დავაწყობდი და გამყიდველის როლს ვირგებდი-ხოლმე. ძალიან მსიამოვნებდა წარმოსახვითი კლიენტების მომსახურება და სულ მეგონა, რომ მაღაზიებში მომუშავე ადამიანებისთვისაც ასეთივე სასიამოვნო იყო მყიდველების მომსახურების პროცესი. ასე ალბათ იმიტომ მეგონა, რომ ისინი ყოველთვის მიღიმოდნენ, თავაზიანად მომმართავდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ.

ჩემი თამაში საზღვარგარეთის ქვეყნების სუპერმარკეტების მოდელს უფრო ჰგავდა, სადაც მომხმარებელს გამომუშავებული აქვს რიგში დგომისა და დისტანციის დაცვის კულტურა, რასაც სამწუხაროდ საკუთარ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი. აქ ყველა საკუთარ პრობლემებშია ჩაძირული. იშვიათად დაინახავ მომღიმარ სახეებს. ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა გაღიზიანებულია და საკმარისია უმნიშვნელო საბაბი მისცე, რომ ნეგატივის ტალღა აუცილებლად დაგატყდება თავს. ამ ყველაფერზე ერთმა ინციდენტმა დამაფიქრა, რომელსაც სალაროს რიგში დგომისას შევესწარი.

საღამოს, როცა „ლოქდაუნამდე“ ხალხის ტალღა მიაწყდა უბნის მარკეტს, სამსახურიდან მოსული ჩვეულებრივ ჩავდექი სალაროს რიგში. ჩემ წინ დაახლოებით ექვსი ადამიანი იდგა. სულ წინ კი ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც დიდი კალათა თითქმის მთლიანად გაევსოთ. როცა პროდუქტების ამოლაგება დაიწყეს სალაროსთან, რიგში მდგომებმა ერთხმად ამოიხვნეშეს. უცბად, გოგომ წამოიძახა - „ტუალეტის ქაღალდი დამავიწყდაო,“ რაზეც ქმარმა ხუმრობით უპასუხა: - „რაღად გინდა, 60 მეტრიანი ჩეკი კი გვექნებაო.“ მის პასუხზე გამეცინა, მაგრამ უცბად, ერთი ქალის უკმაყოფილო სახე შევნიშნე. სანამ მოლარე პროდუქტებს ატარებდა, იქვე მდგომი კონსულტანტი გოგონა ტუალეტის ქაღალდის მოსატანად გაიქცა. შევატყვე, როგორ დაიძაბა ის ქალი. უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა და აშკარად სხვებისგანაც ელოდა მხარდაჭერას, წყვილის დასამუნათებლად, მაგრამ როცა ვერავინ აიყოლია, გაჩუმდა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ორივე მტრული, განმგმირავი მზერით გააცილა. როგორც იქნა, მისი რიგიც მოვიდა.

დახლზე დააწყო პური, მაწონი, კვერცხი და გაყინული ქათამი. თან, კონსულტანტს საკმაოდ უხეშად უსაყვედურა, რატომ წავიდა ტუალეტის ქაღალდის მოსატანად. მოლარემ სწრაფად გაატარა პროდუქტები, მაგრამ ქათმის შტრიხ-კოდი დაზიანებული აღმოჩნდა და აპარატმა ვერ წაიკითხა. ამაზე სულ გადაირია და კონსულტანტს ყვირილი და ლანძღვა დაუწყო. რიგში მდგომები მის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ინდიფერენტული სახეებით, მშვიდად ისმენდნენ. მოლარემ სწრაფად, ხელით შეიყვანა კოდი და ღიმილით ცდილობდა მის დამშვიდებას. აქეთ კონსულტანტი გოგონა უხდიდა ბოდიშს, მაგრამ შორიდანაც ჩანდა, როგორ აუკანკალდა ხელები ნერვიულობისგან. უცბად, ძალიან გავბრაზდი იმ ქალზეც და რიგში მდგომებზეც, რომლებიც მშვიდად უყურებდნენ ამ ყველაფერს და არც ერთს მოსვლია თავში აზრად, მხარდაჭერა გამოეხატათ. ამ ინციდენტმა ბევრ რამეზე დამაფიქრა და სახლში მისულმა, გონებაში სუპერმარკეტის კონსულტანტის ერთი დღე წარმოვიდგინე...

1. ის მუშაობას დილით ადრე იწყებს. იცვამს უნიფორმას, რადგან კომპანიიის სახეს წარმოადგენს. სხვა ბევრი პროფესიის მსგავსად, ზოგჯერ ღამის ცვლაში უწევს მორიგეობა და დილით მისულ მომხმარებელს ჩვეული თავაზიანობით ემსახურება.

2. მას თითქმის ყოველდღე, ბევრი რამის გაკეთება ხელახლა უწევს.

3. მან უნდა მიიღოს პროდუქცია, მიითვალოს და დაასაწყობოს.

4. დილითვე უნდა შეამოწმოს პროდუქციის ვადები. ასევე, უნდა შეუცვალოს პროდუქტს ფასდებული საჭიროებისამებრ.

5. დღის განმავლობაში, დახლებზე გაყიდული პროდუქტის მარაგი უნდა შეავსოს და დათვალოს პროდუქცია.

6. მუდამ აკონტროლოს პროდუქტების მდგომარეობა და მაცივრების ტემპერატურა.

7. აკონტროლოს აქციის ვადები და დასრულებული აქციის ფასებიც უნდა დააკორექტიროს.

8. ის მთელ დღეს ფეხზე მდგომი ატარებს და მომხმარებლებს დახმარებას სთავაზობს.

9. დღის მანძილზე ძალიან ბევრი პროდუქტის აწონვა უწევს. ხშირად, ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს ემსახურება.

10. უნდა შეინარჩუნოს სისუფთავე მაღაზიაში.

11. კონსულტანტს სუპერ-უნარებიც აქვს. მაგალითად, ხშირად უწევს გამოიცნოს მომხმარებლის სურვილები. მან კონსულტაციაც უნდა გაუწიოს და მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, ამა თუ იმ პროდუქტზე.

12. ნოემბრიდან-იანვრის შუა რიცხვებამდე უსმენს ერთიდაიგივე საახალწლო მუსიკას და ინარჩუნებს სიმშვიდეს.

13. იმახსოვრებს ინფორმაციას ასობით პროდუქტზე (წარმოდგენა არ მაქვს, ამას როგორ ახერხებს).

14. პროდუქტი უნდა გაატაროს სალაროზე.

და სხვათა შორის, მაღაზიის კონსულტანტსაც უწევს არანაკლებ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნება!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონსულტანტი ყოველთვის თავაზიანად გვპასუხობს, მზადაა დაგვეხმაროს და დაუმსახურებელ აგრესიასაც მოთმინებით შეხვდეს, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოს, რადგან როგორც საზოგადოებაშია მიღებული: „კლიენტი ყოველთვის მართალია“- მაშინაც კი, როცა მართალი არაა. ყველამ იცის, რომ დადებითი და უარყოფითი მხარეები ნებისმიერ პროფესიას ახლავს თან. რაც არ უნდა დატვირთული მოგეჩვენოთ მაღაზიის კონსულტანტის სამუშაო დღე, ამ პროფესიას რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი მხარე აქვს და ახლა სწორედ ამაზე ვისაუბრებ:

1. ამ სფეროში დასაქმება სტუდენტებსაც შეუძლიათ

რაც ძალიან კარგია. სწავლის პარალელურად მუშაობა საზღვარგარეთ აპრობირებული პრაქტიკაა. ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობს მსგავს სექტორებში სწავლის პარალელურად, რადგან საკუთარი შემოსავლის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში, საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი საქმდება. სუპერმარკეტებში კონსულტანტები გარკვეული გრაფიკით მუშაობენ და სასურველი გრაფიკის არჩევა - რეალურად შესაძლებელია!

2. კარიერული ზრდის შანსი

უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ გახდა კონსულტანტი - მაღაზიის მენეჯერი, ან ადმინი. სუპერმარკეტი სწორედ ის სექტორია, სადაც კარიერული წინსვლა ძალიან რეალური მოცემულობაა, რადგან სწრაფად ვითარდება ქსელები და დღითი-დღე მატულობს მაღაზიების რაოდენობა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

3. სამსახური კორონა ვირუსის კრიზისის პერიოდში

როგორც მოგეხსენებათ, არაერთი კომპანია და დაწესებულება დაიკეტა პანდემიის კრიზისის პერიოდში. უამრავი ადამიანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით - უმუშევარი დარჩა. ეს პრობლემა არ შეეხო სუპერმარკეტებში მომუშავე პერსონალს, რადგან კარანტინის პერიოდშიც კი, კომპანიები თანამშრომლებს ტაქსით ემსახურებოდნენ.

4. გამოცდილება

ერთ სფეროში მუშაობას გარკვეული ცოდნა და გამოცდილება მოაქვს. მაშინაც კი, თუ კომპანიაში შესაბამისი განათლების გარეშე დაიწყებთ მუშაობას. ტრენინგებისა და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად დააგროვებთ გამოცდილებას არა მარტო ახალ სფეროში, არამედ ზოგადად ვაჭრობის სფეროშიც.

5. ხალხთან ურთიერთობა

ახალი ნაცნობობა, ახალი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები. კომუნიკაცია კოლეგებთან და მომხმარებლებთან - ძალიან დიდი პლუსია. თუნდაც სულ სხვა სფეროში გააგრძელოთ მოღვაწეობა, აქ შეძენილი კომუნიკაციის უნარები ყველგან გამოგადგებათ. განსაკუთრებით კი ბიზნესის სფეროში. თქვენ ზუსტად გაიგებთ, რას ნიშნავს სერვისი და წიგნში წაკითხული ცნება, რომ „მომხმარებელი ყოველთვის მართალია“. პრაქტიკა ყოველთვის უფრო მეტის მომცემია, ვიდრე წიგნში წაკითხული ცნებები. ბიზნესის სტუდენტებისთვის პრაქტიკა აუცილებელია. ამ სექტორში კი ყველა ბიზნეს ფუნქცია ერთადაა თავმოყრილი.

ბოლო ათწლეულების მანძილზე, გამყიდველის პროფესიამ ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა. დასახელებიდან დაწყებული, მისი უფლება-მოვალეობით დამთავრებული. ამიტომ, ტერმინი „გამყიდველი“ შეიცვალა თანამედროვე და გაცილებით სასიამოვნო, სოლიდურ სახელწოდებად - „მენეჯერ-კონსულტანტი“.

ორთოპედიული ბალიშის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში

რას მოიცავს ინტერიერის დიზაინერის მომსახურება და რა ღირს ის საქართველოში

"ფრანგული კოცნა" - თბილისში ქართულ - ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues -ის პირველი მაღაზია გაიხსნა