ავტორი:

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ

"თხემით ტერფამდე არტისტები იყვნენ" - 3 ქართველი მსახიობი ქალი, რომლებსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდათ

ქართული თეატრის „ოქროს ხანას“ გენიალური მსახიობები, რეჟისორები ქმნიდნენ, რომლებიც საოცარ სპექტაკლებს დგამდნენ. რუსთაველის თეატრი მამაკაცების სიჭარბის გამო, „კაცების თეატრად“ იყო აღიარებული, არადა, იქ ქალბატონები ყოველთვის გასაოცარ სახეებს ქმნიდნენ. თეატრს არაერთი შესანიშნავი არტისტი ქალბატონი ჰყოლია. სალომე ყანჩელს, მარინა თბილელს და მედეა ჩახავას რუსთაველის თეატრში საოცარი როლები აქვთ შესრულებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი თაობის ქალბატონები იყვნენ და წელს მათ 100 წელი შუსრულდებოდათ... თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც ყოველწლიურად ტრადიციად აქცია - ქართული თეატრის ერთ-ერთ კორიფეს შემოქმედებითი საღამო გაუმართოს, წელს ამ სამ ქალბატონს 13 მაისს რუსთაველის თეატრში 100 წლის იუბილეს აღუნიშნავს. იდეის განხორციელებაში გვერდით დაუდგა თავად რუსთაველის თეატრი და მისი ხელმძღვანელობა. პროექტში უამრავი ადამიანია ჩართული, მათ შორის, მსახიობების შთამომავლები, რომლებსაც თავიანთი მშობლების როლების მორგება იმ დღეს თავად მოუწევთ. „ამბები.გე“ საღამოს იდეის ავტორს, ორგანიზატორს და წამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს ესაუბრა:

- სულ მახსოვდა, რომ წელს მედიკო ჩახავა 100 წლის ხდებოდა, რადგან ისე მოხდა, რომ მასთან ახლობლობა მაკავშირებდა. ჩემი უფროსი მეგობარი იყო და მისი დიდი სიყვარული მქონდა. ქალბატონ მედიკოსა და სალომე ყანჩელს შორის სხვაობა 2 დღეა, მათზე ოდნავ უფროსია და გასულ სეზონზე უკვე 100 წლის გახდა მარინა თბილელი. მერე ამ სამი საოცარი ქალბატონისთვის საიუბილეო საღამოს მოწყობა ერთად გადავწყვიტე. ისე კი, უკვე ტრადიციად დავამკვიდრე, ყოველ წელს ქართული სცენის ერთ-ერთ დამსახურებულ არტისტს საღამო მივუძღვნა. ახლა ერთი კი არა, სამი ადამიანის გახსენება გვიწევს, ცოტა რთულია, მაგრამ გვერდით დამიდგა ბატონი რობერტ სტურუა. იდეა რომ შევთავაზე, - ჩვენთან, თეატრში გააკეთეო. ნიკუშა შველიძეც ჩაერთო. ეს ქალბატონები მაინც რუსთაველის თეატრის მსახიობები არიან. მათი საუკეთესო როლები ამ თეატრში შედგა. ასე რომ, 13 მაისს ველოდებით ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, მაყურებელს, რომ მობრძანდნენ და საღამოს დაესწრონ.

- გარდა იმისა, რომ ეს სამი ქალბატონი წარმატებული მსახიობები და თანატოლები იყვნენ, ერთ თეატრშიც მოღვაწეობდნენ, კიდევ რით გავდნენ და განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან?

- კახი კავსაძემ რომ იცოდა თქმა - არტისტი. თხემით ტერფამდე, ზუსტად ასეთი არტისტები იყვნენ. როგორი ფერადი გალერეა დაგვიტოვეს და გასაოცარი თეატრალური სამყარო. დაუვიწყარია მარინა თბილელის გარდასახვა - გამორჩეულად კი მისი როლი კეკლა ხუხლიაშვილი, ან როგორია „რიჩარდში“ - სრულიად გასაოცარი, გაუბედურებული ქალის სახე რომ შექმნა. ასეთივე „კავკასიურშიც“, დაუვიწყარია მისი კინოროლები... ქალბატონ მედა ჩახავას როგორი სახეები აქვს შექმნილი, მაგალითად, კნეინა ჩიტუნია „გუშინდელნში“, ასევე კინოშიც... სალომე ყანჩელის ხანუმა, ან ბერნანდა... ასე რომ, „კაცების თეატრში“ და საერთოდ, თეატრის ისტორიაში ქალებმა შეძლეს და მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს. ასე რომ, ისინი ყველა დიდი რეჟისორის - მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, გიზო ჟორდანია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე - საყვარელი მსახიობები იყვნენ... მათი პორტრეტებისთვის ალბათ ესეც საკმარისია. და ეს იყო ქართული თეატრალური სკოლის ფეიერვერკიც... წლები თეატრის კვლევას და პოპულარიზაციას დავუთმე და ამ საღამოზე მუშაობისას კიდევ ერთხელ მივხვდი, რა ამოუწურავი რამ არის თეატრი. რომ მეგონა, გადასარევად ვიცნობდი სალომე ყანჩელს და მარინა თბილელს, არც ერთი მცოდნია. როგორი იუმორით, სიმსუბუქით და სიმდაბლით სავსე ადამიანები ყოფილან. ამაში უამრავმა ჩანაწერმა, არქივში აღმოჩენილმა და მოსმენილმა თუ წაკითხულმა დამარწმუნა. ჩავუღრმავდი მათ ფასეულობებს, აზროვნებას. ამიტომ, მინდა, ამ ადამიანების შესახებ ჩემმა თაობამ და შემდგომმა მეტი გაიგოს...

- ვიცი, რომ შენ მარინა თბილელი და სალომე ყანჩელი სცენაზე არ გინახავს და მათ არც იცნობდი. თუმცა მედეა ჩახავა, მათგან განსხვავებით, შენი უფროსი მეგობარი იყო...

- კი, ასეა... ერთ დღესაც „მოხუცი ჯამბაზები“ იყო რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. თეატრში მისულს მედეა ჩახავა შემხვდა. მცირე სცენისკენ უნდა ავიდეთ და მითხრა, - შეიხედე, სცენაზე რა ხდებაო? შევიხედე. შემიყვანეო, - შევიყვანე. ხელი გამიშვა, ჭერს ახედა, თითქოს სხვა დროსა და სივრცეში გადავიდა. გაუცისკროვნდა სახე, მერე მოეღუშა, კედელს მოჰკიდა ხელი, მოეფერასავით, აჰყვა, აჰყვა ფიქრებს და უცბად მითხრა, - წავედითო. გამოვედით და ზედა სცენაზე ავედით... მერე კახი კავსაძეს, ჯემალ ღაღანიძეს და მე გვითხრა - ბიჭებო, დღეს ბოლოჯერ ვთამაშობ სპექტაკლს... ეს მართაც ასე აღმოჩნდა, ანუ ეს იყო მისი გამომშვიდობება ამ თეატრთან. იმის მერე მალე გარდაიცვალა... როგორც ჩანს, დიდი წინათგრძნობაც ჰქონდა, რომელიც კახი კავსაძემ შემდეგ გაგვახსენა, მედიკო რომ გარდაიცვალა - გახსოვთ, ეს რომ გვითხრაო? საოცარი სევდა წაიღო და დაგვიტოვა კიდეც... დღეს ჯემალ ღაღანიძესთან ვიყავით, გაიხსენა თეატრის ძველი ამბები... გული მწყდება, რომ ეს თეატრი მიდის და ეს დიდი „ოქროს ხანა“ ნელ-ნელა ფოტოზე, საგაზეთო რეცენზიებში, აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებში რჩება.

- თუმცა ბევრი ჩანაწერიც, როგორც ვიცი, გამქრალი და განადგურებულია... მაგალითად, აღარ არსებობს გენიალური სპექტაკლის „ხანუმა“...

- კი, დაკარგულია, მხოლოდ რამდენიე კადრია შემორჩენილი...

მაშინ რეჟისორს კამერა არ ჰქონდა, რომ პირადი არქივი შეექმნა. მივიდოდა სპექტაკლზე „პირველი არხი,“ გადაიღებდა. მასალა კი არქივში ინახებოდა. მერე კი იმ ფირებზე სხვა რამის გადაწერა ხდებოდა და ასე დაიკარგა, წაიშალა ბევრი საინტერესო სპექტაკლიც, რაც სამწუხაროა...

- თავად როგორ დაახასიათებ იუბილარ და სამ საუკუნოვან მსახიობ ქალბატონს?

- მედეა ჩახავა - სიკეთის სხივმფენი ადამიანი გახლდათ ყველასა და ყველაფრის მიმართ. ფეხს სადაც დადგამდა, ია-ვარდი ამოდიოდა, ეს სიყვარული გაუნაწილა ყველას და ბედნიერი ვარ, რომ მისი ეს სიყვარული მეც მერგო. შესანიშნავი არტისტი თავისი გემოვნებით, სიმსუბუქით, დახვეწილობით, ზომიერება არასოდეს ღალატობდა... სალომე ყანჩელი - როგორი ვითომ მსუბუქი, მაგრამ სინამდვილეში საოცარი ქალური ძალის მქონე, გამორჩეული ხიბლისა და გამორჩეული ხმის ინტონაციით. მარინა თბილელი - გარდასახვის ოსტატი, მომხიბლავი ქალბატონი. ჯერ სოხუმის თეატრში, მერე მარჯანიშვილში და ბოლოს, „რუსთაველში“ იყო, სადაც გაუმართლა, მათთან მუშაობა ნამდვილი გაცისკროვნება იყო. ასეთი რანგის მსახიობი ალბათ 10 თუ გვყავდა. სამივე საოცრად კარგია, რასაკვირველია, გენიალური ვერიკო ანჯაფარიძისა და სესილია თაყაიშვილის შემდეგ. ნამდვილი ლიდერები, მათთან ერთად, რასაკვირველია, იყვნენ ლენა ყიფშიძე, ზინა კვერენჩხილაძე და კიდევ სხვები...

- ამ სამი ქალბატონის შთამომაველბი საიუბილეო საღამოში ჩართულები არიან?

- დიახ. გახარებულები არიან და ყველანი თავიანთი დედის როლებს მოირგებენ. ბაია დვალიშვილი მარინა თბილელი იქნება, მაკა მახარაძე - მედეა ჩახავა, ნანუკა ლითანიშვილი ბებიის, სალომე ყანჩელის როლში მოგვევლინება. საღამოს გადაიღებს „პირველ არხი“ და მისი ნახვის საშუალება შემდეგ ტელემაყურებელსაც ექნება. 13-ში 18 საათზე კი მათ, ვინც ბილეთები შეიძინეს, საინტერესო საღამო ელით, რომელზეც ამჯერად დასწრება შეზღუდულია. პანდემიის პირობებში, რეგულაციებით ვატარებთ.

AMBEBI.GE-მაც მოძებნა არქივში ამ ქალბატონების ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი, რომელსაც ახლა გთავაზობთ:

„ამქვეყნად მართლაც რომ ყველაფერი უფლის ნებაა. მისი მადლი თუ არ აქვს ადამიანს, მაშინ ის თვითონ ვერაფერს გააწყობს. ამის ნათელი მაგალითი მაქვს და ამიტომ ვამბობ. ქუთაისში გამართეს ჩემი შემოქმედებითი საღამო. თბილისიდან წავედი ავტობუსით, ჩემი მეგობრებით, ოჯახის წევრებით, ახლობლებით. ქუთაისში რომ ჩავედი, გამოირკვა, რომ ქუთაისელებს თავად არაფერი ჰქონდათ მზად და ჩვენგან ელოდნენ საღამოს მოწყობას და სპექტაკლს. ჩვენ პირიქით გვეგონა, დაპატიჟებულები ვიყავით და სპეციალურ ღონისძიებას გამართავენო. უკვე იწყებოდა საღამო. მოულოდნელად შემხვდა ქალი, რომელმაც მაჩვენა 40 წლის წინ ჩემთან გადაღებული სურათი. ძალიან გამიხარდა, გადავკოცნე და ჩქარ-ჩქარა გავედი სცენაზე. ძალიან თბილი დახვედრა მომიწყო მაყურებელმა, მერე ჩემები მომყვნენ სცენაზე, შემომიერთდნენ, მაგრამ ამ თბილი მიღების შემდეგ რა უნდა გაგვეკეთებინა, არ ვიცოდით. სურათი მეჭირა ხელში, რომ დავხედე, დავიწყე დარბაზისთვის ამ ამბის მოყოლა. ხომ აქ ხარ-მეთქი, ვიკითხე, - კი, აქ ვარო. მოვიწვიე სცენაზე და ვუთხარი, - მოყევი, როგორ დამდევდი კუდში პატარა ქუთაისელი გოგონა-მეთქი. ამოვიდა ეს ქალი, მოყვა ჩვენს ამბებს, მერე დარბაზი აყვა, ზოგმა კითხვა დასვა, ზოგმა რაღაც ისტორია გაიხსენა და ისე გამოვიდა, რომ საღამოც თავად მიმყავდა, კითხვებსაც ვპასუხობდი და ისტორიებსაც ვყვებოდი. უცბად ასე გამიხსნა გონება ღმერთმა და ორიგინალური საღამო ჩავატარეთ. ჩემი მეგობრები გაოგნებულები მიყურებდნენ. მსგავსი არაფერი გვინახავსო, - ამბობდნენ. ამბობენ, მსახიობობა ცოდვააო. როგორ შეიძლება, პროფესია მსახიობობა ცოდვა იყოს? მაყურებლის სიყვარული მართლა დიდი ბედნიერებაა და ესეც ღვთის დიდი საჩუქარია. ამა თუ იმ პროფესიაზე, ასე ერთი ხელის მოსმით, ლაპარაკი დაუშვებელია. ყველა პროფესიაში არიან როგორც კარგი, ასევე ჭეშმარიტების გზას აცდენილი ადამიანები“, - ყვებოდა მედეა ჩახავა ერთ-ერთ ინტერვიუში.

„გინახავთ იპოდრომზე ცხენი რომ გამოჰყავთ თავლიდან როგორი გრაციოზული და ამაყია? ასე გამოვდიოდი მეც სცენაზე, მინდოდა, ყველაფერი დახვეწილად გამომსვლოდა და, როგორც ჩანს, გამომდიოდა კიდეც, ამიტომ, მეძახდნენ ლამაზს. არადა, ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, ეშხიანი - კი. უბრალოდ ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და ყოველთვის ვცეკვავდი“, - ამბობდა მსახიობი მარინე თბილელი. მისი შვილი, მსახიობი ბაია დვალიშვილი კი დედას ასე იხსენებს: „დედა იყო ამოუწურავი ადამიანი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, საოცარი ენერგის პატრონი და ამის შედეგი იყო ოჯახი, შემოქმედება, მეგობრები. ჩვენს სახლში კარი არ იკეტებოდა, სულ ხალხი იყო - მხატვრები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები… საოცარი დღეები მახსოვს. … როცა მეუბნებოდნენ, რომ დედას ვგავარ, თავიდან სულ მქონდა პროტესტი და ვამტკიცებდი, რომ მამას ვგავარ. მაგრამ გავიდა წლები და ახლა, როცა ამბობენ, რომ ვგავარ დედას, ძალიან მიხარია“. …

64 წლის იყო, როცა თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა თეატრიდან. ამის მიზეზად ამბობდა, ასაკში ვარ და თეატრში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენო“.

სალომე ყანჩელის შვილი, ოთარ ლითანიშვილი: „დედას მართლაც საოცარი მომხიბვლელობა ჰქონდა, მის გვერდით ყველა ბედნიერი იყო, იღიმოდა. ადამიანებთან ურთიერთობას ისე წარმართავდა, როგორც თვითონ უნდოდა. როლზე მუშაობისას იკვეთებოდა, რომ ძალზე დაკვირვებული ადამიანი იყო, გარშემო მყოფთა ხასიათის თავისებურებებს იჭერდა და მერე როლში შტრიხებისთვის იყენებდა. მეგობრები ეხუმრებოდნენ, შენთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ, შესაძლოა, რომელიმე გმირის ქცევაში თავი ამოვიცნოთო. სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, გიორგი გეგეჭკორი - გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფეები იყვნენ, რომელიც მსახიობთან მუშაობის თვალსაზრისითაც, საუკეთესო რეჟისორი გახლდათ. დედა ხალისიანი იყო, შესანიშნავი იუმორის მქონე, ძალზე უყვარდა სამზარეულოში ტრიალი... ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა ლიტერატურას, რომელიც პიესაში ასახული ეპოქის უკეთ შეცნობაში დაეხმარებოდა“...

რუსთაველის თეატრი რუსეთში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას - "ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი"

ჯამი ჰერცი, მია ვასიკოვსკა, დები ოლსნებეი... - ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მსახიობები

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები