ავტორი:

სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

სეიშელის კუნძულებზე არსებული ეპიდსიტუაცია მსოფლიო მედიიის ყურადღების ცენტრშია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 70%-ზე მეტი სრულყოფილად არის ვაქცინირებული, ხელახალ კოვიდ-აფეთქებას ვერ გადაურჩა. ქვეყანაში Covid-19-ით სიმპტომური ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს სცდება, საერთო ჯამმა კი 8,172 შეადგინა. ეს ციფრი, შესაძლოა, ერთი შეხედვით საგანგაშო არ ჩანდეს, თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ კუნძულზე სულ 100,000 ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე კრიტიკულად მაღალია და ინდოეთში არსებულ მაჩვენებელსაც კი აღემატება.

ეპიდვითარების ამგვარმა დამძიმებამ ახალი შეზღუდვების დაწესების საჭიროება გააჩინა. რეგულაციები გამკაცრდა - მაღაზიები, ბარები და კაზინოები ჩვეულებრივზე ადრე იკეტება. ტურისტებს კი სანაპიროზე დიდ ჯგუფად შეკრება ეკრძალებათ - ნებადართულია მხოლოდ 4 ადამიანი. გადაიდო სასწავლო სემესტრის დაწყებაც. იმ ფაქტმა, რომ ქვეყანამ მასშტაბური ვაქცინაციის საპასუხოდ ეპიდსიტუაციის დამძიმება მიიღო, ვაქცინების ეფექტურობის მიმართ გარკვეული კითხვები გააჩინა.

სეიშელის კუნძულებზე მოსახლეობის მასობრივი აცრა ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, რამაც მძიმე ეკონომიკური ვითარების განმუხტვა და ტურიზმის გააქტიურება შესაძლებელი გახადა. თუმცა გასული თვიდან ეპიდსიტუაცია ისევ დაიძაბა და ქვეყანა ინფექციის გავრცელების პიკურ ნიშნულს დაუბრუნდა. ცნობილია, რომ სეიშელზე ვაქცინაცია "სინოფარმითა“ და "კოვიშილდით“ (ასე ეწოდება ინდოეთში წარმოებულ ბრიტანული Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას) ჩატარდა, თუმცა მეტი წილი - 60%, "სინოფარმზე“ მოდის.

რას უკავშირდება სეიშელზე ხელახალი კოვიდაფეთქება და მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგ, ვითარების გაუმჯობესების მაგივრად პირიქით რატომ მოხდა? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ არსებობს. თუმცა, როგორც სეიშელის ჯანდაცვის სამინისტრო, ისე ჯანმო, ვაქცინების ეფექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი აქტიური შემთხვევების უმრავლესობა იმ პირებში გამოვლინდა, რომლებიც აცრილები არ იყვნენ ან მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ ჩატარებული. უწყების ცნობით, სრულყოფილად აცრილები ინფიცირებულთა მესამედს შეადგენენ. სეიშელის მთავრობას ამ მომენტისათვის არ უთქვამს, რამდენი შემთხვევა მოდის ჩინური "სინოფარმით“ ვაქცინირებულ ადამიანებზე. ”შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია”, - ასე განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის პროგრამის დირექტორმა ქეით ო’ბრაიენმა.

”სინოფარმის" ვაქცინა ნამდვილად მოითხოვს ორ დოზას. ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, იყო პირველი დოზის მიღების შემდეგ, ხოლო ზოგიერთი მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზოგიერთი კი ამ ორ დოზას შორის. ახლა უფრო მეტი და დეტალური კვლევაა საჭირო იმისათვის, რომ დავადგინოთ ამ სიტუაციის ზუსტი მიზეზები“, - აღნიშნა ო’ბრაიენმა. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრის პირველი მრჩეველი ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ საკითხი საფუძვლიან კვლევას საჭიროებს, რათა დადგინდეს, რა კავშირია ვაქცინების ეფექტურობასა და სეიშელზე ეპიდსიტუაციის გაუარესებას შორის.

"დიახ, შემთხვევების ზრდამ გარკვეული კითხვები გააჩინა ჩინური ვაქცინა "სინოფარმის“ ეფექტიანობის შესახებ, რომელიც ამ კუნძულოვანმა ქვეყანამ გამოიყენა მისი მოსახლეობის უმრავლესობის აცრისათვის. სეიშელის კუნძულებს იანვარის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა 50 000 დოზა "სინოფარმის“ ვაქცინა გადასცა. მარტისათვის სეიშელმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი აცრა ჩინური ვაქცინით, რამაც საშუალება მისცა გაეხსნა მისი პრობლემური ეკონომიკა და გამხდარიყო მსოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ. ახლა მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს სიტუაციას სეიშელებზე, რათა დააგდინონ რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინა.

ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია მას შემდეგ, რაც წინა პარასკევს ჯანმომ რეკომენდაცია გაუწია "სინოფარმის" ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისათვის. მხედველობაშია მისაღები კიდევ ერთი გარემოება - ვირუსის B.1.351 ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, სეიშელის კუნძულებზე თებერვალში დაფიქსირდა და შესაძლოა, ამასაც ეთამაშა როლი. თუმცა აპრილის მდგომარეობით სეიშელის კუნძულებზე დაფიქსირებული ინფექციებისთვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის გენეტიკური სეკვენირების (თანმიმდევრობის) მონაცემები. სეიშელის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განმარტებით დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, რაც ამტკიცებს, რომ ვაქცინებმა მოახერხეს მძიმე შემთხვევების პრევენცია", - ეუბნება AMBEBI.GE-ს ზაზა წერეთელი.

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს "ფაიზერის“ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მიაწვდიან - რას ამბობს "ფაიზერის" ხელმძღვანელი

ომის დასრულებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერი ბავშვები - რა ხდებოდა ღაზის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ (ფოტოები)

ინდოეთში შესაძლოა, "შავი სოკოს" ეპიდემია გამოცხადდეს - დეტალები დაავადებაზე, რომელიც ადამიანებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ განუვითარდათ