ავტორი:

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას აღარაფერი უკლია. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ მხოლოდ საჰაერო თავდაცვა საკმარისი აღარ არის და ისრაელი მზადაა საჭიროების შემთხვევაში, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. საჰაერო თავდაცვის რეჟიმის პარალელურად, ოფიციალური იერუსალიმი საზღვრებს აძლიერებს და იქ დამატებით რეზერვისტებს ანთავსებს. მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ისრაელი მზადაა, მანამდე კი საჰაერო ბრძოლების გარდა, ისრაელის არმიამ "ჰამასის“ (პალესტინი წინააღმდეგობის მოძრაობა) პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანა - მათ შორის "ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობაზე, სამხედრო ქსელსა და იარაღის საწყობზე. პოზიციებს არ თმობს "ჰამასიც“ და აცხადებს, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით უკან არაფერზე დაიხევს. ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება მესამე ინტიფადად შეფასდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კონფლიქტმა მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას.

როგორც პოლიტოლოგი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია ambebi.ge-ს ეუბნება, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო და საერთაშორისო საზოგადოება არ ეცდება მშვიდობიანად მოაგვაროს ეს კონფლიქტი, შესაძლოა, ყველაფერი სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს, რასაც ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება მოჰყვება და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში.

- ამ კონფლიქტს მიეცა სახელწოდება - მესამე ინტიფადა, ანუ მასშტაბური დაპირისპირება პალესტინელებთან. პირველი ინტიფადა მიმდინარეობდა 1987-დან სამი წლის განმავლობაში არაფატის მონაწილეობით და დაუმორჩილებლობას ჰქონდა სხვანაირი ფორმა, "ჰამასი“ ჯერ ძლიერი არ იყო და ყველაფერს იასირ არაფატი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ იყო მეორე ინტიფადა 2014 წელს. ისრაელის ცახალმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ ოპერაციას კოდური სახელწოდება მიანიჭა - "კედლების მცველი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, პირველ რიგში, პალესტინელები - ებრაელებს, რომ ისრაელი ხელმძღვანელობდა არაბული მოსახლეობის დეპორტაციას იერუსალიმიდან (იქ იყო შეყვანილი შეიარაღებული ძალები). ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩატარდა მორწმუნე რადიკალი ებრაელების მარში მეჩეთ ალ-აქსაზე, რომელიც მუსლიმების ერთ-ერთი სერიოზული სიწმინდეა, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ებრაელებისთვის წმინდა ადგილი - ალ-აქსას ქვემოთ არის ე.წ. გოდების კედელი. ალაქსას ტერიტორიაზე კი წმინდა სოლომონის ტაძრის აშენებას გულმხურვალედ მოელიან მორწმუნე ებრაელები. მუსულმანების წმინდა ადგილზე, იქ, სადაც ალ-აქსას მეჩეთია, როგორ შეიძლება აიგოს ტაძარი - ეს არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

ვხედავთ პალესტინა-ისრაელის ტრადიციული დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებას. ერთხელ, პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმაც სცადა ასულიყო ტაძრების მთაზე, რასაც არაბების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ინტიფადა, მაგრამ შეიძლება დავასკვნათ, რომ პრაქტიკულად, ღაზის სექტორი ყოფილა ძალზე სერიოზულად მილიტარიზებული, ყველა ექსპერტი ამას ლაპარაკობს იქიდან გამომდინარე, რომ ათასობით რაკეტას უშვებენ ისრაელისკენ და ამის გარდა, ჩართულია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიც.

- ითქვა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ბრძოლებისთვის ემზადება, პროცესების როგორ განვითარებას ელით?

- სახმელეთო ბრძოლებთან დაკავშირებით, მაქვს ინფორმაცია, რომ ის ჯერჯერობით ლოკალური ხასიათის იქნება. როგორც იცით, ისრაელი ახლა, პირველ რიგში, იყენებს ავიაციას, არტილერიას, უპილოტო თვითმფრინავებს.. ამასთან ერთად, სპეცდანაყოფების მიერ ჩატარდა ლოკალური ოპერაციები და განადგურდნენ უშუალოდ "ბოევიკები“, რომლებიც აპირებდნენ მართვადი სარაკეტო სისტემების გამოყენებას, ანუ ისინი გამოყენებამდე განეიტრალდნენ. ეს ჯგუფები იყენებდნენ არა კლასიკურ თვითნაკეთ რაკეტებს, რომლებიც ღაზას სექტორში იწყობა, არამედ მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. არ გამოვრიცხავ, რაღაც ანტიტერორისტულ ოპერაციას - შეიძლება ისრაელი ღაზაში შეიჭრას, მაგრამ დღესდღეობით მას ეს არ სჭირდება, ვინაიდან წარმატებით მიდის საჰაერო ოპერაცია. არაბული წყაროების მიხედვით,“ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელია ისმაილ ხანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერი, რომელიც ცხოვრობს ქალაქ შადიში, ღაზის სექტორში. ის არ არის ისრაელში და ჩემი ინფორმაციით, დღესდღეობით ყატარში იმყოფება. მისი სახლი ქალაქ შადიში მთლიანად განადგურებულია და ასევე განადგურებულია "ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის - სამარას სახლიც და მის ადგილმდებარეობაზე დღეს ინფორმაცია არ არსებობს. პრაქტიკულად, ისრაელი და მისი სპეცსამსახურები, ტრადიციულად, მძლავრ ოპერაციას ახორციელებენ.

დღესდღეობით, მიმდინარე ოპერაციებში აქტიურად დაიწყო მონაწილეობა ისრაელის მოქალაქე არაბმა ახალგაზრდობამ. მაგალითად, შეტევები მიდის ხაიფაში ებრაულ მოსახლეობაზე. ახლო აღმოსავლეთში ბევრი ექსპერტი, მათ შორის ისრაელისაც, ლაპარაკობს იმაზე, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს საუდის არაბეთი, რომელსაც არ მოსწონს, რომ ისრაელმა საკმაოდ სერიოზულად გაიმყარა პოზიცია რეგიონში, მან შეძლო აღედგინა და დაელაგებინა დიპლომატიური ურთიერთობა ისეთ გავლენიან არაბულ ქვეყანასთან, როგორიც გაერთიანებული ემირატებია.

- არის თუ არა შესაძლებელი, კონფლიქტი ფართომასშტაბიან დაძაბულობაში გადაიზარდოს და ამან მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას?

- ახლო აღმოსავლეთში, თურქეთს ექნება მცდელობა დალაგდეს სიტუაცია იმიტომ, რომ დღესდღეობით თურქეთს ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. თუმცა არ გამოვრიცხავ, ირანის აქტივიზაცია მოხდეს ამ კუთხით. საქმე იმაშია, რომ ლიბანს აკონტროლებს ირანი და ძირითადი ქვეითი ძალები, რომლებიც ეხმარება სირიას, ირანელებისაა. ირანი შეეცდება კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი გავლენა ამ რეგიონზე. ეს ალბათ გამოხატული იქნება იმაში, ლიბანის "ჰესბოლა“ თუ ჩაერთვება დაპირისპირებაში. დიდ და ფართომასშტაბიან ომს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ასეთ დროს არაბული სამყარო არ არის ერთიანი. "ჰამასის“ აღზევება 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, როცა გამოჩნდა "ჰამასი“, "ისლამური ჯიჰადი“ და ასეთი რადიკალური ისლამური ორგანიზაციები, რომელთა უკან არაბული ქვეყნები იდგნენ. ამ შემთხვევაში ღაზის სექტორი "ჰამასმა“ ჩაიგდო ხელში და ახლა ის საკმაოდ პოპულარულია იმავე პალესტინურ ავტონომიაშიც, სადაც პრზიდენტია მაჰმუდ აბასი. აქ არის პოლიტიკური ასპექტიც იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოხდეს "ჰამასის“ დისკრედიტაცია იმიტომ, რომ მან თუ ხელში ჩაიგდო პალესტინის ავტონომიის ხელისუფლების სადავეები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინას შორის უფრო და უფრო გამწვავდება.

- კონფლიქტი თუ გახანგრძლივდა, შეიძლება, ამან ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვიოს და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში?

- რასაკვირველია. საერთოდ, მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ იმავე პალესტინელებმა და არაბებმა შიგნით, ისრაელში, ასე თუ ისე, ისრაელთან მშვიდობიანად მოაგვარონ სიტუაცია, რათა ეს ყველაფერი სახმელეთო ოპერაციაში არ გადაიზარდოს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს მოჰყვება ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება. არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას მსოფლიოში, სერიოზულ ლოკალურ ტერორისტულ აქტებს. მადლობა ღმერთს, ჯერ შეჩერებულია ტერაქტები და იმ ტერორისტებსაც ჰყოფნით იმდენი ჭკუა, რომ არ ჩაიდინონ უაზრო ქმედებები, მაგრამ ტერორისტი ტერორისტია და ტერორისტული ორგანიზაცია სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ძალიან ხშირად ლოგიკას არ ექვემდარება. ამიტომ ეს მართებული შეკითხვაა და იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი დროში გაიწელა და იქნება სერიოზული მსხვერპლი როგორც ღაზის სექტორში, ისე პალესტინის ავტონომიასა და რაც მთავარია, ისრაელში, არ არის გამორიცხული, დაიწყოს ახალი სერიოზული ტერორისტული ტაქტიკა როგორც ისრაელში, ისე დანარჩენ მსოფლიოში ყველა იმ ძალებთან, ვინც ხელს უწყობს ისრაელს.

- საქართველოსა და ქართველებზე როგორ შეიძლება აისახოს ისრაელში მიმდინარე პროცესები?

- საქართველოზე ეს უკვე ასახულია, იცით, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს ისრაელის ტერიტორიაზე და ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც ახლა დაპირისპირების ეპიცენტრია - აშკელონი, აშდოდი, შდეროთი და ლოდი, სადაც ჩვენი, ქართველებისთვის ძვირფასი სიწმინდე - წმინდა გიორგის საფლავია. მეორე იმით აისახა, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში საკმაოდ ბევრი არაბი ემიგრანტი ჩამოვიდა და ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მართალია, ისინი ჯერჯერობით კანონმორჩილებით გამოირჩევიან, მაგრამ ხვალ-ზეგ რას იზამენ, არავინ იცის. ეს ჯგუფები, გარკვეულწილად, გასაკონტროლებელია, ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ არის იგივე რადიკალური იდეების პროპაგანდის მცდელობები და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 15% მუსულმანური მოსახლეობაა, აჭარაში სერიოზულად მუშაობენ მედრესეები, არიან ქვემო ქართლში, ყვარელში, პანკისის ხეობაში და თბილისში, სადაც ცენტრალურ უბნებში მჭიდროდ არიან დასახლებული სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული მუსულმანი ემიგრანტები. ასე რომ, ჩვენს სპეცსამსახურებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ.

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"...ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!" - ირაკლი ზარქუა "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე