ავტორი:

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ქართული კონტინგენტი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

„ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. პირად შემადგენლობას მისიის ღირსეულად და წარმატებით შესრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ მშვიდობისმყოფელებს გამორჩეული სამსახურისა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა. ჰუბერტ ქნირშმა ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სამხედრო მოკავშირეების მხარდამხარ მათი ღირსეული სამსახური და მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

ღონისძიება მშვიდობისმყოფელების დაჯილდოებით გაგრძელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)