ავტორი:

"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე

"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხელოვნურად არის შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, რომელიც მის კრიტიკასაც ვერ ბედავს.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

„ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გზები სამომავლოდ გადაიკვეთოს და პარტნიორებიც გახდნენ, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მატყუარა პარტნიორი ვერ წარმოუდგენია“.

„სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ მატყუარა პარტნიორი მყავდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანმა სიმართლე თქვას. როგორ შეიძლება პარტნიორი გყავდეთ, რომლისგანაც სულ ტყუილს ელოდებით. თუ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთ მხარესთან იპარტნიორო. ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი მხრიდან, თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი... მან პირადად მომცა წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას, დავუშვი შეცდომა და ეს გააკეთა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ ქვეყანა დააზიანა.

„გახარიას არ რცხვენია იმის, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერებით ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას. უკვე რამდენი დრო გავიდა, წელს პროექტის გაჩერებიდან 2 წელი შესრულდება, რამხელა ზიანი მიიღო ქვეყანამ. ჩემი აზრით, ადამიანებს, ვისაც პოლიტიკაში შემოსვლის პრეტენზია აქვს, პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეთ. სწორედ იმის გამო, მან ყველაფერი გააკეთა, ხელი შეგვშლოდა ჩვენს საქმიანობაში, ჩვენ ამას ვახორციელებდით და თან პარალელურად, პროკურატურა დაგვდევდა და სასამარლოებზე დაგვატარებდნენ. მიუხედავად ამისა, გამალებული მუშაობა მიმდინარეობდა“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია იყო.

„მარტიდან აყვავდა კორუფცია და თებერვლამდე, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კორუფცია არ იყო? თუ როგორ არის, კორუფცია იყო და თვალს ხუჭავდა, არაფერს აკეთებდა კორუფციასთან ბრძოლისთვის?!“,-განცხადა ჯაფარიძემ.

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია