საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი, რომელიც უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.
"ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე.
მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დაგმო.
"დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სიტუაციაა, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ჩემი გზავნილი ახლაც და მას შემდეგ, რაც კვლავ დავბრუნდები საქართველოში, გახლავთ ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“,-განაცხადა რიკერმა.
მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ამასთან, ფილიპ რიკერმა პატივისცემა გამოხატა ქართველი ჯარისკაცების და მათი წვლილის მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით შეაქვთ.
"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში. ჩვენ ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. აშშ მხარში უდგას საქართველოს და ვაქცინით დავეხმარებით. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც მიიღებს გამოყოფილი 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ და წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“,-განაცხადა რიკერმა.