ავტორი:

ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა

ცრემლები, ემოციები და ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო - კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა ახლა

ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთსა და დანიას შორის მიმდინარე საფეხბურთო თამაშის დროს მომხდარმა შემთხვევამ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის გარშემო გააერთიანა. მატჩის მსვლელობისას დანიის ნაკრების ფეხბურთელმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზე უგონო მდგომარეობაში იყო, ექიმები კი მის დახმარებას ცდილობდნენ.

ფეხბურთელი მოედნიდან კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი გულშემატკივარს შეატყობინეს, რომ ის გადარჩა.

მატჩი მცირე დროით გადაიდო, თუმცა მაინც გაგრძელდა. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე გონზე მოსული ერიქსენი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა თანაგუნდელებს და სთხოვა მათ, რომ თამაში გაეგრძელებინათ.

  • ემოციური კადრები

გუშინდელმა დღემ საზოგადოებას ურთიერთობების, სოლიდარობის, გუნდურობისა და მხარდაჭერის მაგალითი აჩვენა. სოციალურ ქსელში არაერთი ემოციური კადრი გავრცელდა.

როდესაც კრისტიანი ცუდად გახდა და მინდორზე დაეცა, თანაგუნდელებმა მის გარშემო წრე შეკრეს, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვარსკვლავისთვის ფოტოები არ გადაეღოთ და მედიაში არ გავრცელებულიყო, გარდა ამისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელი ფეხბურთელის, საიმონ კიაერის ქმედება, რომელიც რთულ მომენტში არ დაიბნა და დროულად უხმო სამედიცინო შტაბს. მედიაში მას გუშინდელი დღის გმირს უწოდებენ და წერენ, რომ რომ არა მისი სწრაფი რეაგირება, შესაძლოა, უმძიმესი შედეგი ყოფილიყო.

საიმონ კიაერი და კრისტიან ერიქსენი
ფეხბურთელები ერიქსენის გარშემო

აღსანიშნავია, ისიც, რომ, როდესაც დანიელი ნახევრამცველი საკაცით გაჰყავდათ, ფინელმა ფანებმა დროშა მიიტანეს, რათა, ჩამოეფარებინათ მისთვის და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის კადრები არ გავრცელებულიყო.

ასევე ყველამ ნახა, კრისტიან ერიქსენის მეუღლეც, რომელიც მინდორზე ატირებული ჩავიდა. უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელები კი მის დამშვიდებას ცდილობდნენ.

მომხდარ ფაქტს მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, საფეხბურთო კლუბები, მწვრთნელები, ფეხბურთელები. მათ შორის იყო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "ფეისბუქზე“ ერიკსენთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა.

"ვფიქრობთ და ვლოცულობთ კრისტიან ერიქსენსა და მის ოჯახზე. მსოფლიო ფეხბურთი იმედიანად ელოდება კარგ სიაxლეს. ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ კკვლავ მინდორზე, ძლიერი იყავი, კრის“, - წერს რონალდუ.

გარდა ამისა, გუშინ ევროპის ჩემპიონატზე, რუსეთსა და ბელგიას შორის შედგა საფეხბურთო დაპირისპირება. მატჩი ბელგიამ მოიგო (3:0). ბელგიელმა ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი ერიქსენს მიუძღვნა. გოლის გატანის შემდეგ, მან კამერასთან მიირბინა და თქვა - "მიყვარხარ, კრის.“

აღსანიშნავია ასევე ფინეთისა და დანიის თამაში, რომელიც მომხდარის შემდეგ გაგრძელდა. ფინელმა ფეხბურთელებმა მადლობის ნიშნად დანიელებს ჯერ ტაში დაუკრეს, ხოლო შემდეგ, დანიელთა კარში გატანილი გოლი არ აღნიშნეს.

  • როგორია ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

დანიელი ნახევარმცველის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მისი ოჯახის წევრების ცნობით, ის გონზეა და შეუძლია საუბარიც. თანაგუნდელები, რომლებსაც ფეხბურთელი ესაუბრა, ამბობენ, რომ კრისტიანი თავს კარგად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია გუშინდელი მძიმე შემთხვევა და ჯანმრთელობის რა პრობლემებს უკავშირდება მომხდარი. ფეხბურთელს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ერიქსენი ცოლთან და შვილებთან ერთად

29 წლის კრისტიან ერიქსენი დანიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და თანამედროვე დანიის ნაკრების ლიდერია. კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა აიაქსში, ტოტენჰემში, ინტერში. ყველაზე წარმატებული კარიერა ლონდონურ გუნდში, ტოტენჰემში ჰქონდა.

ერიკსენს ჰყავს ცოლი, საბრინა ჯენსენი და ორი შვილი.

კრისტიან ერიქსენს კარდიოსტიმულატორს ჩაუდგამენ - რას აცხადებს დანიის ნაკრების ექიმი?

ბოტსვანაში აღმოაჩინეს ალმასი, რომელიც მსოფლიოში აღმოჩენილ ალმასებს შორის სიდიდით მესამეა

ბილ კლინტონიდან ჯო ბაიდენამდე - ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის საგა აშშ-ის პრეზიდენტებთან: ფოტოები და მნიშვნელოვანი დეტალები