ავტორი:

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიის მსხვერპლთა შორის იყო ივლიტა ჯიბუტი, რომლის მამაც, სასულიერო პირი, მამა გიორგი (ჯიბუტი) დღეს ტრაგედიის ღამეს იხსენებს და ივლიტას გარდაცვლებეის შემდგომ ცხოვრების სირთულეზე საუბრებს. მამა გიორგიმ აღნიშნულ თემაზე "მთავართან" ისაუბრა. ის ამბობს, რომ ოჯახში ივლიტას შემდეგ ორი ივლიტა დაიბადა (გოგონები მამა გიორგის შვილიშვილები არიან).

"ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც. როცა დაიბადა ივლიტა, ჯერ ერთი, მერე მეორე, სიხარულის გრძნობა იყო - რომ ჩემი შვილის სიცოცხლე გრძელდება ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ დაარქვეს ეს სახელი. სიხარულის გრძნობა არის, მაგრამ ჩემს შვილ ვერ შეცვლის ვერავინ, რა თქმა უნდა.

13 ივნისის საღამოს, ძლიერი წვიმა როცა დაიწყო, სახლშიც კი შემოაღწია წვიმამ. ამ დროს დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი, დათო (ჩემი სიძე) თუ არის სახლში, რომ ბავშვებს წვიმის არ შეეშინდეთ-მეთქი. მეტს არაფერს არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ჭექა-ქუხილი და წვიმა იყო და არ შეშინდებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, დათო სახლშიაი და მეც დავმშვიდდი. ეს დაახლოებით 10:00 საათზე, თერთმეტის ნახევარზე ხდებოდა. ხოლო 12-ის ნახევრაზე რეკავს უკვე დათო, სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეთო.

მაშინვე დავრეკე, ვუთხარი ასეთი მდგომარეობაა, სახურავზე არიან, წყალი დიდდება, გამოაგზავნეს მაშველები. მე ვიდრე მივიდოდი, გზაში ისევ დამირეკა ივლიტამ - ჩქარა, წყალი ისევ დიდდებაო და მე ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მოვდივართ... ვეღარ მივუსწარით.

დავინახე, რომ ჩემი სიძე ამოდიოდა წყლიდან...ყვიროდა.

ძნელია, წარმოუდგენელია მშობელმა შვილი დაკარგოს, ხშირად მიფიქრია მანამდე, ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, ასეთი ფიქრი მქონდა. მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. ხუთი შვილიშვილი მყავს, ყველას ყურადღება სჭირდება, ყველას მოფერება სჭირდება, კიდევაც ვეთამაშები ბავშვებს, ამ დროს თავისთავად გავიწყდება ეს ტრაგედია, მაგრამ საერთოდ ხომ არ ქრება ეს ხომ?! ყოველთვის შენთან არის.

სულ მენატრება, რომ ვნახო ის. ადრე უფრო სხვა რაღაც იყო, ახლა მონატრება უფრო მეტია.

მან ცურვა იცოდა. რომ მეთქვა, თავს უშველე, უფრო უკეთესი იქნებოდა... ვიდრე ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი. ალბათ, ეს არასწორი იყო, თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ ეს უკეთესი იყო...

ამ ქვეყნით არ მთავრდება ყველაფერი, ამ ქვეყნის შემდეგ არის მეორე ცხოვრება, ადამიანის სული არ კვდება, ქართველებს გვაქვს შესანიშნავი სიტყვა, გარდაცვალება, კი არ მოკვდა ადამიანი, არამედ გარდაიცვალა, მთელი ღვთისმეტყველება ამ ერთ სიტყვაშია ჩადებული. ესაა ჩვენი ნუგეში, ეს გვანუგეშებს. უიმედობაა თუკი არ გწამს, გადარჩენა და ნუგეში არის რწმენაში. ველოდები, რომ ივლიტას ვნახავ აუცილებლად. ასეთი ტვირთი მაქვს და ასე უნდა ვიცხოვრო...რთულია“, - ამბობს მამა გიორგი.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ